ნინო ელიავას და ლალო დოლიძეს ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ – ორივემ ერთი პროდუქტი დიდ ბრენდად გარდაქმნა. ნინო ახლა 07/11-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია. მან დააარსა საქართველოში პირველი ონლაინ მაღაზია More Is Love-იც, რომელსაც დღეს უკვე წლიურად რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა აქვს. ლალო კი LALO-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია. თუმცა სანამ ისინი საქართველოში გამორჩეულად წარმატებული კომპანიების ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლები გახდებოდნენ, ერთი რაღაცის წარმოებით დაიწყეს – ნინომ ქუდების, ლალომ კარდიგანების. ჩვენი და იერის საერთო პროექტის ფარგლებში ისინი გვიყვებიან თუ როგორ შეძლეს ისეთ კონკურენტულ ინდუსტრიაში, როგორიც მოდაა ფეხის მოკიდება და როგორ შეიძლება მიხვიდე მონოპროდუქტიდან სრულ კოლექციამდე.

მოდის ინდუსტრიაში მოხვედრა

ნინო: „ალბათ, რომ დავიბადე მაშინ მოვხვდი მოდის ინდუსტრიაში იმიტომ, რომ დედაჩემი დიზაინერია, მხატვარი, რომელსაც აკადემია აქვს დამთავრებული და ბავშვობიდან ვტრიალებდი ამ ყველაფრის გარშემო. დედაჩემი სულ ხატავდა, მოსკოვში როცა ვცხოვრობდით იქ თავისი ატელიე ჰქონდა, რომელშიც ძალიან წარმატებულად მუშაობდა და მთელი ცხოვრება ვუყურებდი ამ კრეატიულ პროცესს, მაგრამ ამავე დროს ბიზნეს პროცესს ვუყურებდი უკვე მამაჩემის მხრიდან. დედაჩემს ეს რაღაც მენეჯმენტური თვისებები არ ჰქონდა და როგორც ყველა ხელოვანი უფრო დაფრინავდა ზეცაში და ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებდა. ძალიან ხშირად ვმოგზაურობდით და ჩამოჰქონდა ხოლმე სხვადასხვა საინტერესო ნივთები, რომლებსაც შემდეგ გადააქცევდა სხვა ნივთებად, მაგალითად, ტაილანდში იყიდა თევზების დასაჭერი ბადე, რომელიც მერე ჭაღად გადაიქცა ჩვენს სახლში. მთელი ცხოვრება მის კრეატიულ პროცესს ვესწრებოდი და მეც მაქედან ვსწავლობდი. მერე უკვე უნივერსიტეტის დროს, როდესაც ვსწავლობდი – და არ ვსწავლობდი მოდის განხრით, ვსწავლობდი ბიზნესის განხრით – რატომღაც გადავწყვიტე, რომ მამაჩემის გზას უფრო გავყვები და უფრო მაინტერესებს. მაგრამ მერე რაღაცნაირად თვითონ მოვიდა მოდა ჩემს ცხოვრებაში. სადღაც თექვსმეტი, ჩვიდმეტი წლის რომ ვიყავი პირველ კურსზე ვსწავლობდი. დღეს უკვე თქვენთვის ეს ძალიან უცნაურია, მეკითხებიან თექვსმეტი წლის როგორ იყავი პირველ კურსზე, მაშინ ეგეთი დრო იყო, თექვსმეტი წლის უკვე პირველ კურსზე ვსწავლობდი და უნივერსიტეტს ვამთავრებდით ოცი წლის რომ ვიყავით, სწავლების სხვანაირი რიტმი იყო. იმ პერიოდში მოსკოვში ვსწავლობდი და შემომთავაზეს სამსახური ტურისტულ ჟურნალში, რომელიც ერთგვარი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ რუსული ვერსია იყო და უნდა წამეყვანა ჩემი რუბრიკა, სადაც მოვყვებოდი, მაგალითად, თუ ეს ნომერი მიძღვნილი აქვს რაღაც ქვეყანას ამ თვეში ამ ქვეყანაში რა უნდა ჩაიცვა, როგორ – აი ეს უნდა გამეზიარებინა მკითხველისთვის და ეს არ იყო ჩემი ინიციატივა. ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, „მოდი, გექნება ხელფასი, ყოველ თვე მოგვაწოდე რაღაც ტექსტი, „მუდ ბორდი“ და მოდი ვიმუშაოთ.“ გავაცანი გამომცემლობას, უკვე იქ ოფისში თვეში რამდენჯერმე მიწევდა მისვლა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ახალ სფეროში, ახალ ხალხთან რაღაც ახალს ვსწავლობდი. მანდედან დაიწყო და მერე დაახლოებით ხუთი-ექვსი წელი ჟურნალისტიკაში ყველანაირი კუთხით ვიმუშავე. ფოტოგრაფიც ვიყავი, ჟურნალისტიც ვიყავი და ბევრი რაღაც შევისწავლე და ძალიან საინტერესო იყო. ოღონდ რატომღაც ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაფერი მოდიოდა თვითონ, მე არ ვეძებდი. ყველა გამომცემლობა თვითონ მიკავშირდებოდა იმაზე დაყრდნობით, რაც ნახეს ჩემი ნამუშევარი. ეტყობა რასაც ვაკეთებდი ვიღაცას მოსწონდა და მერე უკვე მიკავშირდებოდნენ. დიზაინერის როლში ყოფნის სურვილი არასდროს მქონია. არ ვიცი რატომ, რაღაცნაირად ბიზნესის კუთხით მინდოდა წასვლა. მერე რაღაცნაირად გამიტაცა გამომცემლობამ და უკვე იქ ვცდიდი ჩემს თავს და მომწონდა. თითქოს ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა. არაფერი არ იყო ისე, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალით იყო ან დაძალებით მუშაობა ან რამე მსგავსი, ყველაფერი რაღაცნაირად ორგანულად ხდებოდა.“

ლალო: „პირველად თვითონ მოვიქსოვე ის ჟაკეტი, რომელმაც ძაან დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც შეეხება თვითონ ბრენდის დაწყებას… მე და ჩემს ტყუპისცალს შორის არის რვა წუთი განსხვავება და ეს რვიანი რაღაცნაირად მოგვყვება. თვითონ ამ ჟაკეტის უზორს ქვია რვიანი. ინსპირაცია იყო ვაზი. მამაჩემის გარდაცვალების მერე მამაჩემის საფულეში ვიპოვე რვა ათასი დოლარი. სწორედ ამ თანხით დავიწყეთ ეს ბიზნესი მე და ჩემმა დამ. ამას პირველად ვამბობ, არცერთ ინტერვიუში არ მილაპარაკია ამაზე და თქვენთან ვყვები პირველად ამ ისტორიას. ანუ ამ რვა ათასი დოლარით დავიწყეთ ბიზნესი, ჟაკეტიც არის რვიანი და ჩვენ შორისაც არის რვა წუთი განსხვავება. შეიძლება მე ვუკავშირებ ამას და არაფერი ისეთი კავშირი სინამდვილეში არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ციფრი, რომელიც მე მომყვება არის რვიანი. დავიწყეთ ჟაკეტებით. ერთი რომ შეიქმნა და მე მეცვა იმხელა ფურორი მოახდინა, რომ საერთოდ არ ველოდით. საწყობი ჩვენ არ გვქონდა, მქსოველები ჩვენ არ გვყავდა. მზად არ ვიყავით არაფრისთვის საერთოდ. პირველი, სადაც გაიყიდა იყო ონლაინ მაღაზია More Is Love, გვქონდა ულამაზესი გადაღება და, სხვათაშორის, გადავიღეთ ანკა ციციშვილი ნინოსთან აგარაკზე. ისეთი ლამაზი ფოტოები გამოვიდა დღემდე ვგიჟდები მათზე. ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა იყო. 2012 წელი იყო. ამ წელს დავიწყეთ ჯერ შექმნა ამ ჟაკეტების, მერე უკვე წინ და წინ განვითარება. აყვანა მქსოველების, რომელთა რაოდენობაც დღეს ორას ადამიანს შეადგენს, ფაქტიურად ყველაფერი „ჰენდმეიდი“ გვაქვს და ჭირდება სასწაული რაოდენობის დრო, საათები, დღეები, რომ ერთი პროდუქტი შეიქმნას. თუ ახალი მოდელია ჯერ თარგი კეთდება, მერე ყველას ძაფის სისქე, სხვადასხვა უზორი გამოდის, იმდენი ნიმუში კეთდება, რომ რაღაცის შექმნას შეიძლება ერთი თვეც დაჭირდეს, მაგალითად, ერთ ჟაკეტს, რომ წარმოებაში ჩავუშვათ. ამიტომ ძაან რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ მგონი იოლი არაფერი არ არის ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული სფეროა, რაც კი არსებობს. ძალიან დიდი კონკურენციაა და არ გაძლევს საშუალებას არცერთი წუთი, საათი, წამი, რომ მოდუნდე. სულ უნდა იყო ჩახედული, სულ უნდა მისდევდე ამ ინოვაციებს, რაც შემოდის, ტენდენციებს, ყველაფერს. ბევრს არ სჯერა, რომ ძაან რთულია იმიტომ, რომ ხან მილანში, ხან პარიზში დავდივართ და ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ იქ ვერთობით. ჩვენ იქ ისე ვმუშაობთ, იმდენს ვმუშაობთ, რომ ერთადერთი, მე პირადად, საჭმელად თუ გავალ საღამოს და ვსო, ვიძინებთ. ბევრს უთქვამს, რომ ნეტავ ეგეთი სამსახური მქონდეს და ძაან ერთობი, არადა ეგრე არ არის. საინტერესოა, რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებს და თუ გიყვარს, ასეა ყველა საქმის შემთხვევაში.“

ერთი პროდუქტის წარმატება

ნინო: „ჩვენი ქუდები პირველად როცა შეიქმნა და მერე Moreislove.com-ზე განვათავსეთ, ვადარებდით ხოლმე ცხელ ღვეზელს, როგორც ის იყიდება იმიტომ, რომ დაახლოებით ეგეთი ტემპით იყიდებოდა. ალბათ, ასი ათასობით გვაქვს გაყიდული ეგ პროდუქტი და ჩვენც, როგორც ლალოს, ხანში შესული მქსოველები გვყავს, ვინც ამ ყველაფერს აწარმოებს და რაღაც მომენტში, დაახლოებით ექვსი თვე იყო გასული More Is Love-ს გახსნიდან და ცუმი დაგვიკავშირდა და გვითხრა, „მოდი შევხვდეთ.“ ეგრევე ავიღე მოსკოვის ბილეთი, ჩავფრინდი, დავუნიშნე შეხვედრა და გავიცანით მე და აქსესუარის დეპარტამენტის ბაიერმა ერთმანეთი და იმან მითხრა, „ჩვენ გვინდა ხუთასი ქუდის შეკვეთა და მოგვეცით რეალიზაციაზე.“ მე ვუთხარი, „ჩვენი ქუდები გაიყიდება ერთ თვეში და წარმოუდგენელია, რომ ასეთმა პატარა კომპანიამ ვაწარმოოთ ხუთასი ქუდი დეპოზიტის გარეშე, შესყიდვის გარეშე და რეალურად აქედან მოგება არ ვნახოთ.“ ამ პროდუქტს იმდენად ეტყობოდა, რომ ფანტასტიურად იყიდება, რომ დაწყებული „ელ ჩაინას“ რედაქტორით დამთავრებული მიროსლავა დუმათი და კიდე სხვა უამრავი სელებრითით და ინფლუენსერით, ყველას ეკეთა ჩვენი ქუდი. ძალიან დიდი „ჰაიპი“ შეიქმნა მაგის გარშემო, რაც ყველასთვის თვალსაჩინო იყო, ამიტომ ცუმი დათანხმდა სრულ შესყიდვაზე, რაც უპრეცედენტო იყო, თუნდაც რუსულ ბრენდებთან. ყველა რუსული ბრენდი, რომელიც ცუმში იყიდება რეალიზაციაზე თანამშრომლობს მასთან. ქართული ბრენდი კი საერთოდ არ ყოფილა ცუმში ანუ არასდროს არ გაყიდულა და ეს იყო პირველი საქართველოში წარმოებული ბრენდი, რომელიც გაიყიდა ცუმში.“

პრეცედენტის შექმნა, ჟანსაღი კონკურენციის არსებობის მნიშვნელობა

ნინო: „რეალურად მაინც მცირე ბიზნესი ვართ მიუხედავად ბრუნვისა. მაინც მცირე კატეგორიაში გავდივართ. ყველაზე რთული ზოგადად ყოველთვის არის, როდესაც ქვეყანაში პრეცედენტს ქმნი და როცა რაღაცას აკეთებ ისეთს, რაც არ არსებობს და ჯერ ეს გზა არ არის გაკვალული. ანუ გამოდის, რომ ყველა ინსტანციაში ეს გზა უნდა გაიკვალო და რაღაცა შედეგამდე მიხვიდე. დღეს აღარ გვყავს კონკურენტი. რაღაც პერიოდით რამდენიმე გვყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გაუძლეს კრიზისს და სხვა დაბრკოლებებს და დღეს აღარ არსებობენ. ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია ყველასთვის იმიტომ, რომ სტიმულსაც გაძლევს, რაღაცა შეიცვლება, რომ ერთობლივადაც სახელმწიფოსთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან ლოგისტიკურად რაღაცები მოაგვარო, ბანკთან რაღაცები მოაგვარო, უკვე ერთობლივად უფრო დიდი ძალა ხართ და ეს მაინც გაძლევს რაღაცა წინსვლას. ვსაუბრობთ ამჟამად იმაზე, რომ გაკეთდეს დაწესებულება, რომელიც გააერთიანებს ქართული მოდის ინდუსტრიის მეწარმეების ლოგისტიკას და შეძლებს, რომ გადამზიდავ კომპანიებთან, მაგალითად, ერთი კონტრაქტის ქვეშ უფრო შეღავათიანი ფასებით ვიმუშაოთ და ასე შემდეგ. როცა კომპანია მარტოა ძაან რთულია, რომ რაღაც მინიმუმები დააკმაყოფილოს, რომ თუნდაც მიიღოს ქვეყნის გარეთ გაგზავნაზე ნორმალური ტარიფი. დღეს ძალიან ძვირია საქართველოდან გაგზავნა, რადგან ძალიან მცირე ექსპორტი გვაქვს. სამწუხაროდ, სახელმწიფო ხელს არ გვიწყობს.“

ლალო: „შეწყობა ის არის, რომ ექსპორტი არ იბეგრება. ეს ერთი პლუსია. ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება კიდე, რაც ძაან ხელს შეგვიწყობს. პატარა ქვეყანა ვართ და ესეთი ხელშეწყობები გვჭირდება.“

მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის როლი კომპანიების წარმატებაში

ლალო: „მერსედესამდე ჩვენ გვქონდა კიევში პირველი ჩვენება და ჩვენი ორივეს ბრენდი უკვე ძალიან წარმატებული იყო. მერსედეს-ბენცი ძალიან გვეხმარება ყველას, ძალიან, მაგრამ ჩემი ბრენდი პირადად უკვე იყო ჩინეთში დაკოპირებული. ჩვენებამდეც. სანამ პირველი ჩვენება გვექნებოდა, სანამ მთლიან ლუქებს შევქმნიდით, სადაც ლუი ვიტონის, შანელის, ფენდის ყალბი ჩანთები იყიდება ჩინეთში, იქ იყიდებოდა ჩვენი ჟაკეტებიც.“

კომპანიაში დასაქმებული პერსონალი

ლალო: „ყველა, ვინც ჩემთან მუშაობს საქართველოდან არის და ისეთი ხალხია, რომელსაც პერსპექტივა არ ჰქონდა სამუშაოს შოვნის, არც ფულის შოვნის იმიტომ, რომ არც კომპიუტერი იციან, უფრო ხანშიშესული ხალხია და მარტო მაგიტომ ვარ ბედნიერი, როცა ვხედავ, რომ ესეთი ხალხი დავასაქმე და ესე რომ გლოცავენ რაღაც ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზე. ეს ხალხი ვიპოვე მეც, იპოვეს ჩემმა მქსოველებმაც და ძაან დიდი დრო დაგვჭირდა, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ხალხი მაგათ შორის, რომელიც ყველაფერს დღემდე ვერ აკეთებს იმიტომ, რომ ქართველებს სამწუხაროდ არ გვიყვარს მუშაობა და განვითარება, სწავლა და ზოგს ურჩევნია იყოს იმ დონეზე, რაზეც არის და აღარ განვითარდეს. მაგას ვერ შევცვლი და, ალბათ, თაობები სჭირდება რომ შეიცვალოს. ალბათ, ქვეყანაში სხვანაირი განათლების სისტემაც სჭირდება. მაგრამ ასე არის დაყოფილი, გვყავს უფროსი მქსოველები და იმ მქსოველებთან არიან კიდე ისეთი მქსოველები, რომლებიც აკონტროლებენ. ჩემამდე მოდის უკვე შექმნილი, დამუშავებული, თარგით აწყობილი, მაგალითად, სვიტრი ან ჟაკეტი. არის ხალხი, რომელიც ქსოვს პირბანებს ანუ რეზინებს, ზოგი მარტო მკლავს და ასე არის დაყოფილი ყველაფერი. სისწაფითაც კარგია იმიტომ, რომ სად ერთი ადამიანი, რომელიც ერთ ჟაკეტს თავიდან ბოლომდე რომ მოქსოვს და სად ნაწილ-ნაწილ. მაგრამ მუშა ხელის და პროფესიონალების ძალიან დიდი დეფიციტია. თითქმის ყველა ბრენდს რაღაც შეკვეთებზე უარის თქმა გვიწევს, რადგან ვერ ვასწრებთ. პროფესიონალი მკერავიც და მქსოველიც ძალიან ცოტაა საქართველოში, სამწუხაროდ, და განვითარებაც ძაან ცოტას უნდა. ყველას ახალი თაობის იმედი გვაქვს. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს უკვე ჩვენს ქვეყანაზე. უნდა განვითარდეს აუცილებლად. ძაან რთულია ქვეყანაში, რომელიც არაფერს არ აწარმოებს რაღაცა იაფი დაგიჯდეს. ყველაფერი გვაქვს იმპორტით. აბსულუტურად. ნემსი, ძაფი, ყველაფერი არის იმპორტი. ანუ ის, რომ საქართველოში არის იაფიანი მუშა ხელი ეგეც არის გამოგონილი ამბავი. საკმაოდ ძვირია, ბევრად ძვირი, ვიდრე კიევში, მოსკოვში და ჩინეთში თქვენ წარმოიდგინეთ. ჩვენი ბრენდიც ამიტომ ღირს ასეთი ფასი. ნაკლებ ფასად ვერ გავყიდით, ჩვენ ესე მოგებაზე ვერ გავალთ. მაშინ მუშაობას აზრი არ ექნება.“

ბრენდის განვითარება და სრულ კოლექციამდე მისვლა

ლალო: „ჩვენ როცა ჟაკეტებით დავიწყეთ და ძაან დიდი მოთხოვნა წამოვიდა, ყველაზე დიდი კი რუსეთიდან, მახსოვს, მომხმარებლები გვიგზავნიდნენ გარდერობის ფოტოებს და ერთი და იგივე ჟაკეტს უკვეთავდნენ სხვადასხვა ფერში. მაგალითად, ამ კაბაზე ამ ფერის მინდა, ამ ჯინსსა და მაისურზე ამ ფერის, იმაზე ეს ფერი, ვარჩევდით ფერს. რაზე ჩავიცვა, რას მოუხდება – ანუ ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავდა ასეთი. ამანაც განაპირობა ბრენდის განვითარება და ასევე მაღაზიებმა, რომლებიც გვთხოვდნენ უკვე მთლიანი ლუქების აწყობას. არადა ძალიან რთული იყო, როცა მარტო ნაქსოვთან გქონდა შეხება. ანუ ნაქსოვზე ნაქსოვი არ შეეფერებოდა. ამიტომ მოგვიწია უკვე კაბების შექმნა, ფეხსაცმელების და მომხმარებელსაც უკვე შესაძლებლობა მიეცა მოსულიყო და მთელი ლუქი ეყიდა. კიდე მახსოვს, ყაზახეთში, საქსში, სადაც ვიყიდებოდით, მოვიდა ბაიერი ჩვენთან და გვთხოვა, რომ შემდეგში უკვე კოლექცია გაგვეკეთებინა თავიდან ბოლომდე, თავისი „ქეთვოქით“ და ამან განაპირობა პირველი კოლექცია, რომელიც კიევში გვქონდა წარდგენილი და, სხვათაშორის ძაან წარმატებით ჩაიარა. პირველივე შოუ დაიდო ვოგზე, რასაც, როგორც ამ ჟაკეტების ესეთ ბუმს, ნამდვილად არ ველოდით. როცა ცხოვრებაში ასეთი შანსი გიჩნდება, აუცილებლად უნდა გამოიყენო. ძაან რთული პერიოდი იყო, არაფრის დრო არ გვქონდა. არც შვილების, ოჯახში არაფრის. მახსოვს, რომ ესე დავდიოდი და სულ ტელეფონში ვიყავი იმიტომ, რომ მაშინ ონლაინი არ გვქონდა, აი, „ვოთს აფში“ ყველას უნდა უპასუხო, სახლში დავდიოდი და ესე ვბეჭდავდი მთელი დღე. თუ ხუთი წუთი პასუხს არ სცემდი, გირეკავდნენ. მარტო მე და ჩემი და ვიყავით, სტაფი არ გვყავდა, არავინ არ გყავდა აყვანილი როცა ამ ჟაკეტების ბუმი დაიწყო, ეგ პერიოდია. არც ონლაინი, არც სტაფი, არც შოურუმი, არც ძაფები არ გვქონდა, არც მქსოველები არ გვყავდა. ძაან კაი პერიოდი იყო, მაგრამ ძალიან შრომატევადი და სხვათაშორის იმოქმედა ყველაფერზე. თუ გინდა, რომ წარმატებული იყო თავდადებული უნდა იყო შენი საქმის მიმართ. საქმის, რომელიც გიყვარს.“

LALO Kiev Fall 2016 Collection – Vogue

გამოწვევები, რომელთა წინაშეც დამწყები დიზაინერები მაღაზიების მხრიდან დგანან

ნინო: „ზოგადად მოდის ინდუსტრია ძალიან დაუნდობელია იმ კუთხით, რომ ყველაზე დიდი მაღაზიები, ყველაზე დიდი „დეფართმენთ“ მაღაზიები ისეთ კონტრაქტებს უდებენ ახალგზარდა ბრენდებს, რომ ეს კონტრაქტი ან გაგანადგურებს, ან აგაშენებს. ან ერთი, ან მეორე. შუალედი არ არსებობს. თუ კარგად გაიყიდები ტაშს დაგიკრავენ და შემდეგ კოლექციასაც შეგიკვეთავენ. თუ ცუდად გაიყიდები ჯარიმებს დაგაკისრებენ და უკან დაგიბრუნებენ იმ ასობით პროდუქციას, რასაც შენ აწარმოებ და მიაწოდებ. კონსიგნაციაზეა, თან ჯარიმები, თან უკან დაბრუნებები. მაგალითად, ნეტ-ა-პორტერს აქვს ყველაზე კაბალური კონტრაქტი, ჩემი აზრით, უკვეთავს ათასობით პროდუქციას და შეუძლია, რომ ცუდი გაყიდვები თუ გაქვს, დაგიბრუნოს ყველაფერი უკან სეზონის ბოლოს, მაშინ როდესაც ეს უკვე აქტუალური არ არის, როდესაც ყველაფერი წესით უკვე სეილზე უნდა იყიდებოდეს ან გაყიდული იყოს.“

პიარი

ლალო: „ჩვენ ბრენდს არასდროს არ გადაუხდია სელებრითებისთვის ფული. თვითონ გვიკავშირდებოდნენ და ვუკეთებდით ან საჩუქრად, ან ფასდაკლებით. ერთადერთი ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის ინსტაგრამის პიარი, რაშიც ფულს ვიხდით. ჟურნალებისგანაც სულ იქიდან იყო მოთხოვნა და უფასოდ გვბეჭდავდნენ ყველგან. დღემდე ასეა. მარტო ინსტაგრამით ვაკეთებთ რეკლამას, რომ „ვორლდვაიდ“ გაითქვას თვითონ „ფეიჯმა“ სახელი. ინსტაგრამი ახლა, ამ დროს ყველაზე კარგად მუშაობს. ჯერ.“

ყალბი ანგარიშები და პატენტები

ლალო: „თავიდან ძაან მწყინდა, მაგრამ მერე რომ დავუფქირდი და ბევრმა მითხრა, რომ ეს იმხელა წარმატებაა, როცა ამდენი ბრენდებიდან შენ ხარ ერთ-ერთი, რომელსაც ჩინეთი აკოპირებს და ყიდის, თან გასათვალისწინებელია ისიც, რა ბრენდებს შორის იყიდები. ეს მართლა ძაან დიდი წარმატებაა, როცა ამხელა მოთხოვნაა და როცა ჩინეთი გაკოპირებს, ესე იგი, მსოფლიო გიცნობს. რაც შეეხება ინსტაგრამ გვერდებს, ძაან ბევრი „ფეიქ ექაუნთებია“ ჩვენი, ლალოსი. სხვათაშორის, ინსტაგრამს მივმართეთ, რომ გაეუქმებინათ ისინი, რადგან ბევრ მომხმარებელს ჰქონდა პრობლემა. ბევრი ჩვენ გვწერდა მერე, რომ ცუდი ხარისხი ჩამოუვიდათ მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხა გადაიხადეს და ეს იმიტომ, რომ სულ სხვა გვერდიდან ჰქონდათ ნაყიდი. ინსტაგრამს გავუგზავნე „სქრინ შოთებიც.“ მარტო ლალოც რომ ჩაწეროთ ნახავთ, რომ ძალიან ბევრია. იქიდან გვწერენ პასუხს, რომ წამყვან ბანკებს არ აქვთ ამდენი „ფეიქ ექაუნთები,“ ვერ გავაუქმებთო და უარი მითხრეს. სამწუხაროდ, ინსტაგრამი მაგაში ვერ დაგვეხმარა, მაგრამ, ალბათ, ეგეც კარგია. თან გწყინს, თან გიხარია.“

ნინო: „ამ თემაზე ბიზნეს კუთხითაც შეიძლება ითქვას თუ რატომ არ დავაპატენტეთ ეს ყველაფერი და რატომ არ გვაქვს თუნდაც ის ერთი  დოლარი ყოველი გაყიდული ჟაკეტიდან ან ჩანთიდან. ნამყოფები ვართ საქპატენტში, ბევრჯერ, დირექტორთანაც მქონია შეხება, იურისტებთანაც. აზრი არ აქვს. თუ თქვენს შექმნილ პროდუქტს, ინოვაციას არ მოაქვს სარგებელი საზოგადოებისთვის საქართველოში ვერ დაპატენტდება. კი ბატონო, შეგიძლიათ დააპატენტოთ, ათას ორასი დოლარი ღირს თუ არ ვცდები, მაგრამ თუ შეცვლის ოდნავ ფერს, მილიმეტრით ჩამოწევს რაღაც ნახვრეტს, შემდეგ ამ პატენტს აღარ აქვს უკვე ძალა. მაშინ უნდა დააპატენტო მთელ მსოფლიოში, გადაიხადო სადღაც ხუთასი ათასი დოლარი იმისთვის, რომ ჩანთა ყველა ქვეყანაში დააპატენტო, რომ ვერსად ვერ აწარმოონ და, ალბათ, ამერიკის საშუალებით უნდა გააკეთო ეგ, რადგან მაგათ აქვთ ყველაზე ძლიერი პატენტის დაცვის კანონები. საკმაოდ ძვირადღირებულია. ერვე ლეჟეს დიზაინერი რომ იყო ჩამოსული მოვიდა და მითხრა, ძაან ვნანობო ჩემი კაბები რომ არ დავაპატენტეო. გვქონდა კვლევა გაკეთებული და რეალურად არამარტო ჩინეთიდან, ბარსელონადან და მთელი მსოფლიოდან გვაკოპირებდნენ და არის ინსტაგრამები, სადაც ჩანს, რომ საბერძნეთში და ბევრ ქვეყანაში არსებობს ჩვენი ჩანთების სხვადასხვა ვარიაციები. ხანდახან მიგზავნიან და დამციანიან ჩემი მეგობრები, „ასეთი მოდელი არ გაქვს, ხომ?““

განვითარება

ნინო: „მე ვფიქრობ, რომ ყველა ბრენდს ჭირდება ყველა სეზონზე განვითარება და შესაბამისად ეს დიზაინერების ცვლა ბრენდებში და ერთი სახლიდან მეორეში გადასვლა და ახალი ხალხის მოზიდვა ზოგადად იმის მაჩვენებელია, რომ ერთ ადგილზე დგომა ბრენდს არ შველის, თუნდაც კარგი გაყიდვები ქონდეს და წარმატებული იყოს, მაინც ეს „ჰაიპი“ ამ დიზაინერების გარშემო იქმნება. და ადრე თუ არავინ იცოდა რომელი დიზაინერი იდგა ბრენდის მიღმა, ყველაფერი მარტო, ასე ვთქვათ, მოდის ინდუსტრიის კრიტიკოსებისთვის იყო ცნობილი და ძალიან დაინტერესებული პირებისთვის, დღეს დიზაინერს უკვე სელებრითის სტატუსი აქვს და შესაბამისად დიზაინერის გარშემო იქმნება რაღაც სამყარო და იცვლება თუნდაც ბრენდი. კარგი მაგალითია თუნდაც ედი სლიმანი რომ მოვიდა სან ლორანში, ყველაფერი რომ შეცვალა და საერთოდ ბრენდის იდენთიფიკაცია რომ რთული გახდა. შესაბამისად, მგონია, რომ დღეს ჩვენს სამყაროში უფრო მაგას აქვს მნიშვნელობა თუ ვინ დგას ამ ყველაფრის მიღმა.”

ლალო: „ახალი თაობა, ახალი ხედვებია ყოველთვის მნიშვნელოვანი. სტუდენტები. მაგათვისაც კარგია, შენთვისაც. ყველა ბრენდს სჭირდება რაღაც ახალი, ვინც სხვანაირად ხედავს, თავისი ხედვა აქვს და შენ სხვანაირად ხედავ. ცოტა სხვანაირად წაიყვანს, რომ უფრო ტენდენციური და გაყიდვადი იყოს. ჩვენ ყოველ სეზონზე აგვყავს დიზაინერი, რომელიც მე მეხმარება ახალი პროდუქციის შექმნაში და ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამას.“

ბრენდის მიმართულების არჩევა

ლალო: „რაღაც ახლის გამოგონება ახლა ძალიან რთულია. მე გამიმართლა ამ ჟაკეტით, ზოგს გაუმართლა ქუდებით და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ბრენდი ახალს ვერ შექმნის. შექმნი ტენდენციურს და კარგად გაყიდი, მაგრამ იმდენი დიზაინერია, იმდენი რაღაც არის შექმნილი წლების მანძილზე რაღაც ახლის გაკეთება, ვაუ ეფექტის მოხდენა უკვე წარმოუდგენელია.“

ნინო: „სხვადასხვა კონცეფცია არსებობს. შეიძლება რაღაც ახალი პროდუქტი შექმნა, ინოვატორი, ტრენდსეტერი იყო. შეიძლება რაღაცა მიმდევრობას გაყვე, მაგალითად, მინიმალიზმს და მაგ სეგმემნტში გახდე რაღაც ძალიან მაგარი და საბაზისო ტანსაცმელი შესთავაზო ხალხს, რომელსაც ყოველთვის ჭირდება გარდერობის განახლება. ყველას უნდა ის როლინგი და კლასიკური შარვალი. შესაბამისად კარგი თარგი და ის, რომელიც კარგად ზის ძალიან იშვიათია და ზოგადად შეიძლება აქცენტი გააკეთო არა დიზაინზე, არამედ თარგზე, რომელიც ერგება ბევრ ტანს, მაგალითად. ანუ ბევრი კონცეფციის გარშემო შეიძლება ბრენდი დაიბადოს.“