გამოუყენებელ ტექსტილსა და სამოსს მსოფლიოს გარშემო, როგორც წესი, მწარმოებლები წვავენ ან ნაგავსაყრელებზე წლების განმავლობაში ტოვებენ. ამ პრობლემაზე საუბარი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა კანონით ეს ქმედება აკრძალული აქამდე მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე იყო.
ახლა კი ცვლილებები მთელ კონტინენს შეეხება – უახლესი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც აღნიშნულ პრობლემას ეხმაურება, ევროპის ტერიტორიაზე გამოუყენებელი ნაჭრებისა თუ სამოსის დაწვა და ნაგავსაყრელებზე დატოვება აიკრძალება. ეს 2009 წლის რეგულაციის განახლება იქნება, რომელიც წარმოებას გარემოს დაბინძურების გარეშე ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტების დამტკიცება ევროკავშირში წლების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს, ევროპარლამენტის წევრები შეთანხმდნენ აჩქარებულ პროცესზე, აქედან გამომდინარე, კანონი ძალაში მომენტალურად შევა. თავდაპირველად ის მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეეხება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს ადაპტაციის პერიოდი ექნებათ.
ყველასთვის ცნობილია, რომ მოდის ინდუსტრია გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, აქედან გამომდინარე აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და შესაძლოა, გარდამტეხიც იყოს. ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოუყენებელი ტექსტილი დაბინძურების რიგით მეოთხე ყველაზე დიდი მიზეზია, საკვების, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და საწვავის შემდეგ. ყოველწლიურად კონტინენტზე დაახლოებით 5.8 მილიონი ტონა ნაჭერი ნადგურდება.
მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ნაჭრები ახალი დანიშნულებით, ან გადასცენ ისინი სხვებს, მაგალითად ახალბედა დიზაინერებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირში ყველა პროდუქტს ექნება “პროდუქტის ციფრული პასპორტი” სადაც აღწერილი იქნება, თუ რამდენად ეკო-მეგობრული გზებითაა ის დამზადებული. ევროპარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ეს დაეხმარება მომხმარებლებს უფრო გააზრებული შენაძენები გააკეთონ.