Hbo-ს პოპულარული სერიალის, Euphoria-ს მეორე სეზონს მაყურებელი უკვე დიდი ხანია ელოდება, თუმცა, მისი გამოსვლა ობიექტური მიზეზის, კონკრეტულად კი, პანდემიის პირობებში შეფერხებული გადაღებების გამო გადაიდო. ჯერ კიდევ 2020 წელს, სერიალის შემქმნელებმა გვაუწყეს, რომ ახალი სეზონის პრემიერამდე, ორ სპეციალურ ეპიზოდს შემოგვთავაზებდნენ. პირველ ეპიზოდში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ვიხილეთ, სიუჟეტი ზენდეიას პერსონაჟის – რუს ირგვლივ ვითარდება, მეორე ნაწილის გმირი კი, ჯულსი იქნება. ახალი ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს გმირს Euphoria-ს პირველ სეზონში განვითარებულ მოვლენებთან და როგორ აფასებს ის რუსთან ურთიერთობას. შეგახსენებთ, რომ ჯულსის როლს მოდელი და მსახიობი ჰანტერ შაფერი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ შაფერმა ეპიზოდის სცენარის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. Euphoria-ს მეორე და ბოლო სპეციალური ეპიზოდის პრემიერა 24 იანვარს შედგება.