ჩვენი ქვეყნის კულტურული, თუ ტრადიციული მემკვიდრეობის და თანამედროვე კონტექსტის გათვალისწინებით, ქართული მოდის სფერო გარკვეული სპეციფიკურობით გამოირჩევა, რაც ხშირად კოლექციებში გამოხატულ პროტესტს, სტერეოტიპული საზღვრების დარღვევას განაპირობებს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა, როცა ადგილობრივ ინდუსტრიაში ახალი სახელი ჩნდება.
2024 წლის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს მთავარი მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi “თბილისის კულტურის კვირეულის” ფარგლებში ჩატარდა და სწორედ მისი მიმდინარეობისას ვიხილეთ ახალბედა ქართველი დიზაინერის, ჯაბა ქურთიშვილის ჩვენება. მისი ბრენდის – DZHABA-ს ისტორია 2023 წლიდან იწყება. სწორედ ამ წელს ჯაბა ქურთიშვილმა Be Next-ის კონკურსში გაიმარჯვა.

2024 წელს კი, DZHABA-ს სადებიუტო კოლექცია წარადგინა, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ღონისძიებაზე მოწვეული საერთაშორისო პრესის ყურადღებაც მიიპყრო. სეტმა, განათებამ, მუსიკალურმა გაფორმებამ და წარმოდგენილმა კოსტიუმებმა ერთმანეთი ერთდროულად შეავსო და დააბალანსა კიდევაც, რამაც საბოლოოდ კოლექციის ჩვენების გააზრებული ფორმა მიიღო. ეს კი სადებიუტო კოლექციების შემთხვევაში არც ისე მარტივი ამოცანაა.

ჩვენების ნახვის შემდეგ, ჯაბა ქურთიშვილთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომლის საშუალებითაც შევეცადეთ, ჩვენც უკეთ გაგვეცნო დიზაინერი და ჩვენი მკითხველისათვის მის შესახებ მოგვეყოლა.
“ბრენდის DZHABA კონცეფცია დაფუძნებულია ორი ძლიერი ესთეტიკური მიმართულების/გამოვლინების ურბანული (ქუჩის) მოდის და მაღალი მოდის კორელაციაზე. მონუმენტური და მინიმალისტური შტრიხები კი ამ კორელაციას უფრო ორგანულს ხდის და ეფექტურად წარმოაჩენს,” – ამბობს ჯაბა ქურთიშვილი კოლექციის კონცეფციაზე საუბრისას.

დიზაინერის კოლექცია და მეორე მხრივ მასთან ბრენდზე საუბარი, მაშინვე ცხადყოფს, რომ ის კარგად იცნობს ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა ფორმას და თავის შემოქმედებაში კონკრეტული რეფერენსები არა ინსტინქტურად, არამედ გააზრებულად ვლინდება. ამას განსაზღვრავს ჯაბას პროფესიაც – ის მულტიმედია არტისტია და ხელოვნების სხვადასხვა მედიუმში მუშაობს. როგორც თავად ინტერვიუს დროს გვითხრა, ბავშვობიდან სურდა, ტანსაცმლის დიზაინერი ყოფილიყო, თუმცა აქამდე მისასვლელი გზა საკმაოდ გრძელი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

ჯაბა ქურთიშვილი:
“ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაობის დამსახურებით დავაგროვე დიდი და ზოგჯერ პატარა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ვმუშაობდი კედლის მხატვრობის რესტავრაციასა და კონსერვაციაზე. პარალელურად დავინტერესდი ფირის ფოტოგრაფიით, რომლითაც ვიღებ მოდის ედითორიალებს, ვმუშაობ თეატრშიც, ძირითადად დამოუკიდებელ პროექტებზე, როგორც სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი. მაქვს ფოტო და ვიდეო სთაილინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, რომლის პროცესშიც რაღაცების ჩემი ხელით შექმნა მიწევდა. ამან მომცა ბიძგი, საავტორო ლუქებზე დამეწყო მუშაობა. ამ დროს შევქმენი რამდენიმე ლუქი, რომელსაც ფოტოებს ვუღებდი და ვაქვეყნებდი. ასე ნელ-ნელა დაიწყო ჩემი პროფესიული გადაპორტირება მოდაში, რაც DZHABA-ს დაარსებით დასრულდა.”

ნებისმიერ სფეროში კონკრეტულ შემოქმედებას თავისი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს. მოდის ინდუსტრიის შემთხვევაში, ასეთი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ტანსაცმლის მოდელს აფასებენ, არამედ მის შინაარსს, კონცეფციას და იმ ღირებულებებს, რომლითაც ბრენდი იდენტობას იქმნის და პოდიუმზე განაცხადს აკეთებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კოლექციის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ასეთ ლოიალურ აუდიტორიას იცნობდეს. მასთან მჭიდრო კავშირი ყოველთვის იქცევა შემოქმედებითი განვითარებისა და ამავდროულად ბრენდის ზრდის წინაპირობად.
მიუხედავად იმისა, რომ DZHABA ძალიან ახალი ბრენდია, მაინც შესაძლებელია იმის თქმა თუ, როგორი ადამიანებისთვის იქმნება კოლექცია. როგორც დიზაინერი ამბობს, ბრენდის სამიზნე აუდიტორია თავის თავში გარკვეული, ძლიერი და გლამურული ადამიანები არიან, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლინება; რომლებსაც მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და უყვართ ხელოვნება.

ჯაბა ქურთიშვილმა DZHABA-ს პირველი კოლექციის კონცეფციას The Cinderella Murder უწოდა.
“ეს არის ძლიერი და გლამურული ქალი მაღალი მოდიდან, რომელსაც აცვია ძირითადად კლასიკური, დიდი, სადღესასწაულო და ეკლექტიკის არმქონე კაბები… და უცებ, ამ მონუმენტურობაში უხეშად იჭრება ქუჩა თავისი ქაოტურობით და ჭუჭყით, იჭრება ცოტა პანკი და ურბანულობა. კოლექციის კონცეფცია კლასიკურ ფორმების დეკონსტრუქციას მოიაზრებს ქუჩასთან დაპირისპირებით. კოლექცია პოპ-კულტურითაცაა ნასაზრდოები და ისტორიული ფანტასტიკითაც შთაგონებული. რადგან ქართველი არტისტი ვარ და ამ კულტურასთან მჭიდრო კავშირი მაქვს, ვერ გამოვრიცხავ შთაგონებას ძველი ქართული ფილმებიდანაც,”- ამბობს ჯაბა ქურთიშვილი.

კოლექციაში ძირითად მასალად გამოყენებულია ჯინსი, ლატექსი და ვეგანური ტყავი. მატერიის და მოდელის მკერვალობის, კონსტრუქციის შერწყმა მოდაში დამკვიდრებული ტრადიციული ჩარჩოებიდან გასვლადაც შესაძლოა აღვიქვათ. შეიძლება ითქვას, რომ კოლექცია მაღალ მოდას ქუჩის მოდასთან აპირისპირებს და ამავდროულად მათ სინთეზს გვთავაზობს.

ინტერვიუს მიწურულს, ცხადია, სამომავლო გეგმებზეც დავინტერესდით.
“ამჯერად ვიწყებ ლუქბუქზე მუშაობას. მაქვს რამდენიმე შემოთავაზება უცხო ქვეყნის მოდის კვირეულიდან, რასაც დიდი ალბათობით დავთანხმდები. უკვე დავიწყე კონცენტრაცია შემდეგ კოლექციაზე – თუ რა ფორმებს და რა მასალებს გამოვიყენებ, რა კონცეფციაზე დაშენდება იგი და ა.შ. მოკლედ, აქტიურად ვმუშაობ, რომ ახალი ბრენდი სწორ რელსებზე დავაყენო და განვავითარო,” – ამბობს ჯაბა ქურთიშვილი.
