გამოცემა The Business of Fashion -ის ინფორმაციით, ბუნებრივი ბეწვის ინდუსტრია ღრმა კრიზისშია. როგორც ვკითხულობთ, 2013 წელს, ინდუსტრიის ღირებულება 14.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღესდღეისობით კი, მხოლოდ 3.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბუნებრივ ბეწვზე მოთხოვნის შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის მაღალი მოდის ბრენდებისა და კონგლომერატების თანამშრომლობის გაღრმავება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან. გასულ წლებში, ბუნებრივი ბეწვის აკრძალვას მხარი დაუჭირეს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორებიც არიან LVMH და Kering. სწორედ ეს ორი კონგლომერატი ფლობს მაღალი მოდის სახლების დიდ უმრავლესობას, მათ შორის: ლუი ვიტონს, დიორს, გუჩის, ბალენსიაგას, სენ ლორანს, ფენდის და ა.შ.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, რომლებმაც გასულ ათწლეულში წარმატებული საინფორმაციო კამპანიები აწარმოეს. მათი საქმიანობით შესაძლებელი გახდა იმის გაგება თუ როგორ იქმნება ის აქსესუარები თუ ტანსაცმელი, რომელიც ამდენი ადამიანისთვის ასეთი საოცნებოა. მაგალითად, 2015 წელს, პეტას გამოძიებით გაირკვა, რომ სანამ იმ ნიანგებს მოკლავდნენ, რომლებიც „ერმესის“ ჩანთებისთვის გამოიყენებოდნენ, მათ ჯერ გაუსაძლის პირობებში – მარილიან წყალში ამყოფებდნენ, ბნელ, ნესტიან ადგილას, სადაც ვერც მზის სხივი და ვერც სუფთა ჰაერი აღწევდა. ამ გამოძიების შემდეგ, რეპტილიის ტყავზე მოთხოვნა ოცდაათ პროცენტზე მეტით შემცირდა.