დაარსებიდან 27 წლის შემდეგ, რაფ სიმონსის ბრენდი არსებობას წყვეტს. გადაწყვეტილების შესახებ ბელგიელმა დიზაინერმა ერთი საათის წინ ინსტაგრამის პლატფორმაზე გაამჟღავნა.
“სიტყვები არ მყოფნის, რათა გაგიზიაროთ თუ რამდენად ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ. მადლიერი ვარ ჩემი გუნდის წევრების, პარტნიორების, პრესის, ბაიერების, ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების და ფანების მხრიდან გამოხატული წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. ყველას მადლობას გიხდით, რომ ჩვენი ხედვის და ჩემი გჯეროდათ,” – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რაფმა მოდაში კარიერა 1995 წელს პარიზში კაცის კოლექციების წარდგენით დაიწყო. ახალგაზრდული სულისკვეთების წარმოჩენითა და კაცის სამოსის კოდების ხელახალი განსაზღვრებით მან მალევე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი მოდის დიზაინერთა რიგებში. მისი კარიერა ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც 2005 წელს Jil Sander-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა და ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე დაიწყო მუშაობა. რაფი ბრენდში ამ პოზიციაზე 2012 წლამდე დარჩა. შემდგომში ის Dior-ის მოდის სახლის, მოგვიანებით კი – Calvin Klein-ის კოლექციებზე გახდა პასუხისმგებელი. ამჟამად ის მიუჩია პრადასთან ერთად, Prada-ს შემოქმედებითი თანახელმძღვანელია. აღნიშნული თანამდებობა მან 2020 წელს დაიკავა.

2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, რომლის ჩვენებაც გასულ თვეს ლონდონში გაიმართა, არის ბოლო, რომელიც რაფ სიმონსმა თავისი ბრენდისთვის შექმნა.