
გასული წლის ნოემბერში Balenciaga-მ Gift Shop-ის ხაზის სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები მონაწილეობდნენ. რამდენიმე ფოტოზე ბავშვებთან ერთად აღბეჭდილი იყო ე.წ. teddy bear-ის ფორმის ჩანთები. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ აქსესუარები BDSM თემატიკის იყო. კამპანიის ფოტოგრაფი გაბრიელ გალიმბერტი გახლდათ. გაბრიელი National Geographic-ის ფოტოგრაფია და თავისი ერთ-ერთი პროექტის, „სათამაშოების ისტორიების“ ფარგლებში, ბავშვებს თავიანთი საყვარელი სათამაშოებით გარშემორტყმულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იღებს. Balenciaga-ს კამპანიაც ამ კონცეფციას ეფუძნებოდა. თუმცა სკანდალი არა კონცეფციამ, არამედ ფოტოებზე ბავშვებთან ერთად აღბეჭდილმა შეუსაბამო პროდუქტებმა გამოიწვია. მალევე Balenciaga-მ მორიგი სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა, რომლის მიზანი 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის რეკლამირება იყო. სოციალურ ქსელების მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ კამპანიაში, რომელიც ფოტოგრაფმა კრის მაჯომ გადაიღო, მხოლოდ ჩანთა არ იმსახურებდა ყურადღებას. კადრში მოხვდა მე-11 გვერდი დოკუმენტიდან, რომელიც 2008 წელს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ამ კამპანიაში ბავშვები არ მონაწილეობდნენ, ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული სასამართლო დოკუმენტების გადასაღებ მოედანზე აღმოჩენამ, ბრენდის მიმართ არსებული კრიტიკული განწყობები კიდევ უფრო გაამძაფრა.
სკანდალმა გლობალური სახე მიიღო და საერთაშორისო პრესის ყველაზე განხილვად თემად იქცა, რის შემდეგაც, ბრენდის აღმასრულებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელებმა, სედრიქ შარბიმ და დემნამ საჯარო ბოდიში მოიხადეს.
რამდენიმე თვის შემდეგ, დემნა ამ თემაზე ღიად პირველად ალაპარაკდა. მან ვრცელი ინტერვიუ ყველაზე გავლენიან მოდის ჟურნალთან, Vogue-თან, ჩაწერა.
გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას ქართულ ენაზე
Vogue: Gift Shop-ის და 2023 წლის კოლექციის კამპანიები გასული წლის ბოლოს რამდენიმე დღის ინტერვალში გამოქვეყნდა და შენთვის ისევე, როგორც Balenciaga-სთვის, კრიზისი გამოიწვია. რა ედო ამ კამპანიებს საფუძვლად? როგორი იყო შემოქმედებითი პროცესი და რა წარმოადგენდა მიზანს? რას ამბობდნენ მათ შესახებ?
დემნა: 2023 წლის გაზაფხულის კამპანიის ინსპირაცია გასულ წელს ნიუ-იორკში უოლ სტრიტზე გამართული ჩვენებიდან მომდინარეობდა. მინდოდა, ის ნიუ-იორკის ტიპურ კორპორატიულ გარემოში ყოფილიყო გადაღებული, რაც power dressing-ის იდეას გამოხატავდა. მე ვნახე მაგალითი თუ როგორ მოეწყობოდა (გადასაღები) ოფისები, გავეცი ნებართვა ავეჯზე, რომელიც უნდა გამოეყენებინათ და განვიხილე თუ როგორ უნდა ეპოზიორათ მოდელებს. იქიდან გამომდინარე, რომ გადაღებებს არასდროს ვესწრები, მე შედეგები წარმომიდგინეს, რათა ის ფოტოები ამერჩია, რომლებიც ფოტოგრაფის გაკეთებული სელექციიდან ყველაზე მეტად მომეწონებოდა.
Gift Shop-ის კამპანიას 2023 წლის გაზაფხულის კამპანიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა – ისინი სხვადასხვა დროს არის გადაღებული, ერთი ოქტომბერში, მეორე კი – ივლისში. კამპანიის მიზანი წლის ბოლოს მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებული ნივთების ხაზის რეკლამირება იყო. ის მრავალ ისეთ პროდუქტს მოიცავდა, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ, საჭირო იყო ერთი კონცეფციის შემუშავება, რათა ამდენი განსხვავებული პროდუქტი ერთად გადაგვეღო. სელექციის ნაწილი იყო ბავშვის ხაზი და ასევე დათუნიას ფორმის ჩანთები, რომლებიც პანკ და DIY (“თავად გააკეთე”) კულტურას ეხმიანებოდა და არავითარ შემთხვევაში BDSM-ს. ისინი 2022 წლის ოქტომბრის ჩვენებაზე ზრდასრულებს ეკავათ.
იმიჯზე პასუხისმგებელმა გუნდმა ამ კამპანიისთვის ფოტოგრაფი (გაბრიელ გალიმბერტი) შემომთავაზა, რადგან წლის დასაწყისში, როდესაც მისი ნამუშევრები მანახეს, მომეწონა ფოტოებზე ასახული კომპოზიცია და მისი სახელი იმ ტალანტების ფაილში მოხვდა, რომლებთან თანამშრომლობასაც სამომავლოდ განვიხილავდით. ამ ფოტოგრაფის ფოტოებზე ხშირად აღბეჭდილი იყო ოთახი, სადაც გარშემო მრავალი სათამაშო იყო მიმობნეული, ცენტრში კი ბავშვები იდგნენ. ვიფიქრეთ, რომ ეს კონცეფცია საშუალებას მოგვცემდა საჩუქრების მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ნივთები ერთ სურათში წარმოგვედგინა და არ მოგვიწევდა თითოეულის საჩვენებლად 100 ფოტოს გადაღება.
ჩემმა შეცდომამაც აქ იჩინა თავი. დიდი შეცდომა დავუშვი. ვერ გავაცნობიერე რამდენად შეუფერებელი იქნებოდა იმ ნივთების ბავშვებთან ერთად გადაღება. სამწუხაროდ ეს არასწორი იდეა და ჩემი მხრიდან მიღებული ცუდი გადაწყვეტილება იყო. ფოტოებზე ბავშვებთან ერთად არ უნდა გადაგვეღო ნივთები, რომლებსაც მათთან კავშირი არ ჰქონდა და არ შეეფერებოდათ. არავის, მათ შორის მეც, არ გასჩენია შეკითხვა რაიმე შეუსაბამობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. საკონტროლო პროცესების მიმდინარეობის მიუხედავად, ვერ შევნიშნეთ რა იყო პრობლემური. ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. ამას ძალიან ვნანობ. ამ ყველაფრიდან ვისწავლეთ და ნებისმიერ ფოტოს ახლა უფრო დაკვირვებით და ყურადღებით შევამოწმებთ და ის დამტკიცებამდე დამატებით ეტაპებს გაივლის. მინდა ამისთვის ბოდიში მოვიხადო; გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა და პატიებას ვთხოვ ნებისმიერს, ვისაც ამ ყველაფერმა ტკივილი მიაყენა.
Vogue: Gift Shop-ის კამპანია ონლაინ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული, რასაც არაფერი მოჰყოლია, მაგრამ შემდეგ, უეცრად, სოციალურ მედიაში ძალიან ნეგატიური, კრიტიკული და სიბრაზით სავსე რეაქცია გამოვლინდა, განსაკუთრებით იმ ფოტოების მიმართ, რომლებზეც ბავშვებს ჩანთები ეჭირათ. როგორ მიიღე ეს რეაქციები?
დემნა: მივხვდი, რომ ყველაფერი ობიექტურად უნდა გამეანალიზებინა, წარმომედგინა განსხვავებული აუდიტორია რას ფიქრობდა და პასუხისმგებლობა ამეღო. ასეთი რეაქციის გამოწვევა არასდროს მსურდა. ვიცი, რომ ჩემი შემოქმედება პროვოკაციულად არის აღქმული, მაგრამ ეს კონკრეტული ვითარება ვერასდროს იქნება ჩემი პროვოკაციული ბუნების ნაწილი. პირადად ჩემთვის ყველაზე რთული იმაზე ფიქრი იყო თუ როგორ ვერ დავინახე პრობლემა, რადგან ახლა ასეთი აშკარაა, რომ ამის გაკეთება არასწორი იყო.
საშინელი რამეები მიწოდეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არც Balenciaga-ს შემთხვევაში. რთული იყო ამ საშინელებასთან ერთად, ბავშვთა ჩაგვრასთან არსებულ პრობლემასთან ასოცირებული რომ გავხდი. შეცდომები დავუშვით და მათზე პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ. არასდროს მდომებია ასეთ თემას არასერიოზულად მივდგომოდი. ეს ვის უნდა? ვიცი, რომ აქამდე ჩემი შემოქმედების ბუნება ზოგჯერ პროვოკაციულად მიიჩნეოდა და მგონია, საკითხის აღქმაში გარკვეული როლი ამანაც ითამაშა. ჩათვალეს, რომ შესაძლოა მორიგი ხერხი იყო ყურადღების მისაპყრობად. მიზანი ეს არ ყოფილა. უნდა მეფიქრა რა იყო არასწორი ჩემს გადაწყეტილებაში.
Vogue: 2023 წლის გაზაფხულის კამპანია Gift Shop-ის კამპანიის შემდეგ მალევე გამოქვეყნდა. ამ კამპანიის სამი რეკვიზიტის გამო ხმაური ატყდა. ზოგი, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, ამბობდა, რომ ისინი იქ მიზანმიმართულად იდო და ეს ორი კამპანია ერთმანეთთან კავშირში იყო. ამაზე რას იტყვი?
დემნა: გაოგნებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2023 წლის გაზაფხულის კამპანიის გადასაღებ სივრცეში ისინი ეწყო. ეს დაუდევრობით და უიღბლობით მოხდა, მაგრამ გამიზნული დამთხვევა არ ყოფილა. პირველად გვითხრეს, რომ დოკუმენტების სიყალბე დადასტურდა. Gift Shop-ის კამპანია განსხვავებული შემთხვევა იყო, რადგან ბავშვების იმ ნივთებთან ასოცირება ნამდვილად ჩვენი შეცდომა იყო. როდესაც დოკუმენტების და ატრიბუტების გამო სკანდალი ატყდა, მეც და ჩემი გუნდის ყველა წევრი შოკირებულები ვიყავით. არ ვიცი ისინი იქ როგორ მოხვდა. მათი ადგილი იქ არ იყო. გაოგნებული ვიყავი.
ცხოვრებაში ბევრი დრამატული ეტაპი გამივლია, მაგრამ ეს განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა და ცხოვრებისეული გაკვეთილიც მივიღე. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტიკვნეული იმიტომ იყო, რომ არ შემეძლო ამ ყველაფრის ახსნა, ზიანი მიადგა Balenciaga-ს სახელს და კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობას, რომელსაც ასე ვაფასებ და აღტაცებაში მოვყავარ. ძლიერ და მშვენიერ შემოქმედებით ღირებულებებზე დაფუძნებული Balenciaga-ს სახლი ერთ საუკუნეზე მეტია არსებობს და მე მთელ ჩემს კრეატიულ ძალას ვუთმობდი, რათა მისთვის თანამედროვე მნიშვნელობა შემეძინა, თუმცა, უეცრად, წნეხის ქვეშ მოვექეცით და ისეთი იარლიყები მოგვაკერეს, როგორებიც არ შეგვესაბამება. უდავოდ უდიდესი და სულელური შეცდომა დავუშვით ამ საჩუქრების კამპანიით, მაგრამ გაკვეთილიც მივიღეთ.
ვგრძნობდი, რომ Balenciaga-ს მთელი ოჯახი პრობლემის წინაშე დადგა. ვიცი, რომ მოდის სახლის ბევრი თანამშრომელი იტანჯება შექმნილი ვითარებით. ისიც ვიცი, რომ ეს შეცდომა მტკივნეული იყო არაერთი ადამიანისთვის, რომელსაც ეს ბრენდი უყვარს. ამ გამოცდილებამ მაიძულა ბევრი რამისთვის გადამეხედა – როგორ ვმუშაობთ, ვქმნით, ვამყარებთ კომუნიკაციას ვიზუალური გამოსახულებების საშუალებით, ვახდენთ ინტეგრაციას აუდიტორიასთან და როგორ ვსწავლობთ დაშვებული შეცდომებიდან და მივიწევთ წინ.
Vogue: შენ ამბობ, რომ ამ სამი ნივთის ფოტოებზე მოხვედრა დამთხვევა იყო. შეგიძლია დამთხვევაზე ეს აზრი განავრცო?
დემნა: ჩემთვის ეს ერთადერთი დამაჯერებელი ახსნაა. სხვაგვარად ამას ვერ განვმარტავ. რა თქმა უნდა, თუ წერტილებს დააკვირდები, ყველაფრის შეერთებას შეძლებ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით სხვა ახსნა არ მაქვს.
Vogue: ზოგი იტყვის, რომ ეს დამთხვევა იყო, ზოგი კი ამას არ დაიჯერებს. რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ეს წინასწარ იყო განზრახული?
დემნა: წინასწარ განზრახული ვისგან? ჩვენგან? დანამდვილებით შემიძლია თქმა იმისა, რომ ეს არც ჩემგან და არც Balenciaga-სგან წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. თუ ეს სხვა ვინმემ განიზრახა, მაშინ არ ვიცი.
Vogue: Balenciaga როგორ პასუხობს ამ ყველაფერს? რას აპირებთ იმისთვის, რომ ვიზუალური გამოსახულებები შეუსაბამოდ აღარ ჩაითვალოს? როგორ აპირებთ წინსვლას?
დემნა: პირველ რიგში, იმიჯ დეპარტამენტის რესტრუქტურიზაციით დავიწყეთ, შემუშავდა გამოსახულების შემოწმების და დამტკიცების ახალი წესები, რომლებიც მრავალ შიდა და გარე არხზე გავრცელდება. ამ მიმართულებით შეიქმნა ახალი საბჭო, რომელიც განსხვავებულ ხედვებს აერთიანებს; სანამ გამოსახულება გამოქვეყნდება, მასთან დაკავშირებით აზრს საბჭო დააფიქსირებს.
მე, როგორც კრეატიული დირექტორი, ამიერიდან ყველაფერს თვალსაწიერში ვიქონიებ. აქამდე უფრო ინსტიქტურად ვმუშაობდი, ვაკეთებდი რაღაცას, რაც შეიძლებოდა პროვოკაციულად ყოფილიყო აღქმული მხოლოდ იმიტომ, რომ ის სახალისოდ მიმაჩნდა. ახლა ჩემი მუშაობის მეთოდი შეიცვლება. იმის შედეგად, რაც ვისწავლე, ჩემი მიდგომა ყველაფრის მიმართ, იქნება ეს გამოქვეყნებული გამოსახულება თუ იდეა, უფრო მომწიფებულ და სერიოზულ სახეს შეიძენს. გადავწყვიტე, რომ მოდაში ჩემს ფესვებს დავუბრუნდე ისევე, როგორც Balenciaga-ს ფესვებს, რაც ხარისხიანი ტანსაცმლის შექმნას გულისხმობს-არა იმიჯის ჩამოყალიბებას და ხმაურის გამოწვევას.
შეცდომებიდან სწავლის შედეგად ამ საკითხში ცნობიერების ამაღლებას და პრობლების გადაჭრაში წვლილის შეტანასაც ვაპირებთ. ჩვენ არაკომერციულ ორგანიზაცია National Children’s Alliance (NCA)-თან დავიწყეთ რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა, რაც ვფიქრობ არაჩვეულებრივია, რადგან ეს პარტნიორობა ტრავმის გადალახვის პროცესში და ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, ათასობით ბავშვს დაეხმარება. მთელ ამ საშინელ სიტუაციაში ეს არის ის, რაც მაბედნიერებს: რაღაც კარგის გაკეთება.
Vogue: შემოქმედებითი თვალსაზრისით, როგორ წარმოგიდგენია, გსურს Balenciaga-ს წინსვლა?
დემნა: ყოველთვის მჯეროდა, რომ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა გამზარდა და განმავითარა, ეს კი ყველაზე დიდი სირთულე აღმოჩნდა. ამ ვითარებაში მივხვდი, რომ ტანსაცმლის შექმნა არის ის, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. გასული წლის დეკემბერი უმეტესად ჩემს გუნდთან ერთად ჭრას და კერვას დავუთმე. ისევ იქ დავბრუნდი, საიდანაც დავიწყე და ამის მნიშვნელობა ჩემთვის ნათელი გახდა. ტანსაცმლის შექმნა სერიოზული სამუშაოა. ეს საქმიანობა მხოლოდ იმიჯის შექმნას, ხმაურის გამოწვევას და მსგავს რამეებს არ გულისხმობს. ჟაკეტების შექმნას დავუბრუნდი. ეს მოდის სახლი აქედან იწყება და მეც, როგორც დიზაინერმა, ასე დავიწყე.
დეკემბრიდან ბევრი იდეა მარტის ჩვენებაზე იქნება წარმოდგენილი. რაღაცების შექმნის ენით აღუწერელი სურვილი მქონდა. ჟაკეტების და შარვლების გამოჭრას, თარგებთან და ფორმებთან ექსპერიმენტებს დავუბრუნდი. თავი შევაფარე იმას, რისი კეთებაც მიყვარს: ტანსაცმლის შექმნას. ამიერიდან Balenciaga-ში სწორედ ამაზე ვიქნები კონცენტრირებული. მინდა, რომ არა მხოლოდ ვხელმძღვანელობდე პროცესს, არამედ უშუალოდ ვიყო ჩართული. მივხვდი, რომ ეს ძალიან მომენატრა და თავს ბედნიერად მაგრძნობინებს.
Vogue: სიტყვა პროვოკაციული გამოიყენე და პროვოკაციის გარკვეული ოდენობა ნამდვილად იყო Balenciaga-ში შენი ხედვის ნაწილი. რატომ წამოიჭრა ეს საკითხი?
დემნა: ჩემი შემოქმედების პროვოკაციული ასპექტი ხშირად არასწორად იყო აღქმული და გაგებული, მე კი აღარ მინდა ის ჩემს ნამუშევრებს ახასიათებდეს. ჩემს დიზაინ ენაში ხშირად ვიყენებდი გარკვეული სახის იუმორს, რაც უმეტესად პროვოკაციულად მიიჩნეოდა. ჩემთვის ეს უფრო გართობას და მოდის არც ისე სერიოზულად აღქმას ნიშნავდა. ამ კამპანიებთან დაკავშირებული თემები არანაირად არ ყოფილა ჩემი დიზაინ ენის ნაწილი – არასდროს გონებაშიც კი არ გავივლებდი ისეთი საშინელი და საზარელი რამის მიმართ არასერიოზულ მიდგომას, როგორიც ბავშვთა ჩაგვრაა.
Vogue: Balenciaga-ში ყოფნისას შენი მტიკე ხედვით მსოფლიოს რეალური სახე ხშირად დაგვანახე, მაგალითად, კლიმატური კატასტროფა. ასევე იყო მხიარული მომენტებიც: წითელი ხალიჩის ჩვენება The Simpsons-ის ჩართულობით თუ “Sunglasses at night” – 80-იანი წლების პოპ ვიდეო. მაგრამ გასულ წელს Balenciaga-ში თითქოს ყველაფერი უფრო ბნელი გახდა – მძიმე, შავი.
დემნა: ვფიქრობ, ასეა. როდესაც კრეატიულ საქმეს ვაკეთებთ, არ შეგვიძლია დავბლოკოთ ის, რაც ჩვენ შიგნით ხდება – რასაც ვგრძნობთ გარკვეული საკითხების მიმართ, ტკივილისადმი, ემოციურად თუ ფსიქოლოგიურად. შემდეგ ეს ყველაფერი თავს ჩვენს საქმეში იჩენს, გვინდა ეს თუ არა. იყო ჩემში რაღაც, რაც საქმეშიც გამოვლინდა და ეს ხალხმაც იგრძნო. ის თითქოს ყოველთვის აქ იყო, მაგრამ რაღაც უფრო მსუბუქის სახალისო ელემენტებით განეიტრალებული – საშუალებას გაძლევდა გაგეცინა და არც ისე დრამატული ყოფილიყავი. მაგრამ გასულ წელს… არ ვიცი ეს რას უკავშირდება…
Vogue: ამის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი არ გქონდა?
დემნა: შეიძლება წარსულიდან დაბრუნდა ჩემთან რაღაც. ამას მართლა ვერ ავხსნი. ამიტომ მინდა ჩემი მიდგომის შეცვლა, რაც კოლექციების შექმნას და მათ ჩვენებასაც შეეხება, რადგან ერთმანეთისგან მათი გამიჯვნა ძალიან რთულია. კოლექციებზე ვკონცენტრირდები, რადგან საკუთარი თავის გამოსახატად ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩემი შემოქმედების სიმძიმე, რაც აღნიშნე, სეტ დიზაინის დამსახურებაა, იმ ტიპის ჩვენებების, როგორებიც გამიკეთებია. ამიტომ ესეც შეიცლება. ჩვენებაზე აქცენტი უფრო მეტად კოლექციაზე გაკეთდება, ვიდრე მომენტის შექმნაზე. მივხვდი, რომ ამას ჩემი ნამდვილი საქმის – ტანსაცმლის შექმნისგან დიდი ყურადღება გადააქვს. მინდა დავრწმუნდე, რომ ხალხი კოლექციებს შეხედავს, რადგან ჩემი, როგორც დიზაინის მიმართულებით მომუშავე შემოქმედის ღირებულება პროდუქტის შექმნაა და არა შოუს მოწყობა.
Vogue: გასული წლის ბოლოს, მოდის სახლის ინსტაგრამ გვერდზე კრისტობალ ბალენსიაგას სალონური პრეზენტაციების დამონტაჟებული კადრები გამოქვეყნდა. ისინი ნამდვილად შეეხებოდა დიზაინერს, რომელიც ტანსაცმელს ქმნიდა – ის ჩვენებისგან სპექტაკლს არ დგამდა. შეესაბამება კრისტობალის ეს პრეზენტაციები შენს ამჟამინდელ აზროვნებას?
დემნა: დიახ, ზუსტად. აქცენტი ტანსაცმლის შექმნის ხელობის მიმართ ჩემს სიყვარულზე გაკეთდება. ეს ჩემს კუტიურ კოლექციებში უკვე გამოვამჟღავნე, მაგრამ ამიერიდან სხვა დანარჩენებსაც შეეხება. მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის იმისა, თუ რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. მე სახელოს ჭრილი და მხრის ხაზები მაინტერესებს და არა სეზონური კამპანიების დაგეგმვა, მიუხედავად იმისა, რომ ესეც ჩემი სამუშაოს ნაწილია. გვინდოდა გასული წელი კრისტობალ ბალენსიაგას 1960-იანი წლების კოლექციების ჩვენებების დამონტაჟებული ვიდეოთი დაგვეხურა, რათა ჩვენი აუდიტორიისთვის შეგვეხსენებინა რას ემსახურება და საიდან მოდის ეს ისტორიული მოდის სახლი.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო იყო. კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობა, მისი დაცვა და განვითარება მთავარი მიზეზია იმისა თუ რატომ ვარ აქ. სიმართლე გითხრათ, პოპ კულტურა არ მაინტერესებს. დიახ, მისი ნაწილი გავხდით, მეც გაუცნობიერებლად, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემს შემოქმედებით ხედვასა ან მიდგომაზე გავლენას ახდენს. ის მოდის ჩვენთან და არა პირიქით.
Vogue: შეგიძლია უფრო მეტი თქვა თუ რა როლს ასრულებს ამ მოდის სახლისთვის შენს საქმიანობაში პოპ კულტურა? რადგან გარედან ჩანდა, რომ Balenciaga პოპ კულტურის ნაწილად სამკაოდ შეგნებულად და მიზანმიმართულად პოზიციონირდა.
ჩემს შემოქმედებაში ხშირად ნახავთ ისეთი რამეების გავლენებს, რაც გარკვეულწილად ბანალური, ნაცნობი და მარტივად გასაგებია. დროთა განმავლობაში ამ მიდგომამ პოპ კულტურასთან ჩვენი ასოცირება განაპირობა. კიდევ ერთი ასპექტი სელებრითებს შეეხება და უნდა ვთქვა, რომ არასდროს მიფიქრია სელებრითების შემოსვაზე, მეტიც, გარკვეული დროის განმავლობაში ვეწინააღმდეგებოდი კიდეც ამას, სანამ ბრენდი ისე არ გაიზარდა, რომ მათთან თანამშრომლობა გარდაუვალი გახდა.
ჩემთვის პოპ კულტურის ცნება… ის პოპულარულია; სხვადასხვა ტიპის ადამიანებს იზიდავს. პოპ კულტურის ბრენდინგის ნაწილი კი Balenciaga-ს ხილვადობისთვის სარგებლის მომტანი იყო, შესაბამისად კომერციული წარმატებაც განაპირობა: რაც უფრო მეტს მოსწონხარ ან რაც უფრო ბევრ ადამიანზე ახდენ გავლენას, როგორც ბრენდი, რომელსაც თავისი ენა და ესთეტიკა გააჩნია, ბიზნესიც მეტ სარგებელს იღებს.
იყო სასარგებლო პოპ კულტურის ასეთ ნაწილად ყოფნა ამ კრიზისის დროს? ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. პოპ კულტურის ნაწილად ყოფნა ნებისმიერ რამეს სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს და მის ვირუსულ ასპექტებს საბოლოოდ შესაძლოა უზარმაზარი ეფექტი ჰქონდეს.
Vogue: რას იტყვი შენს როლზე პოპ კულტურის არეში? დღესდღეობით დიზაინერებისგან მოითხოვენ, რომ შემოქმედებზე მეტი იყვნენ; არსებობს მოსაზრება, რომ ბრენდის ფუნქციონირებისთვის მას გარკვეული დიდება ან ხილვადობა უნდა მოუტანონ. შენს შემთხვევაში, კულტურაში ორივე მაღალი ხილვადობით სარგებლობდით – ახლა მხოლოდ სახელ დემნას იყენებ; ბევრ ჩვენგანს არ შეუძლია, რომ ასეთი არჩევანი გააკეთოს – ამავდროულად, საკუთარი იდენტობის შესანიღბად ნიღაბს ატარებ, რათა მისგან დისტანცირდე.
დემნა: Balenciaga-ს გარეთ, ჩემი ახლო მეგობრების გარდა, არავისთვის ამიხსნია თუ რატომ გადავწყვიტე პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ სახელის, დემნას, გამოყენება. ვთვლი, რომ მოდის სახლის გაძღოლისას, განსაკუთრებით, როცა ისეთი დიდი ისტორიის მქონე სახლს ეხება საქმე, როგორიც Balenciaga-ა, მთავარი რაც მოგეთხოვება კრეატიული ხედვაა.
ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დიზაინერისთვის ცნობადი სახე ან სელებრითის იმიჯია საჭირო, რათა მოდის სახლის გაძღოლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ჩემ მიერ ნიღბის ტარება და სურვილი იმისა, რომ შეუმჩნეველი დავრჩე, ასევე სახელის ამბავი მეტყველებს იმაზე თუ რამდენად არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს რაღაცასთან მიმართებაში, რაც ჩემი სამუშაოს ნაწილია. მე გლობალური ბრენდისთვის ვმუშაობ, რომლისთვისაც ხედვა მაქვს და მგონია, რომ ჩემი სამუშაო მოითხოვს ამ ხედვასთან ვიყო ასოცირებული.
და მაინც, ზოგჯერ პიროვნება ვარ; პიროვნება, რომელსაც კომპლექსები და გრძნობები აქვს; პიროვნება, რომელსაც თავის სახელთან ბევრი პრობლემა ჰქონდა. გასულ წელს ჩემთვის უკეთესი გზების ძიება დავიწყე. სახის დაფარვით არ მჭირდებოდა იმაზე მეზრუნა თუ როგორ გამოვიყურებოდი ფოტოებში, ინტერნეტსა თუ Met-ზე. ნიღბის მიღმა ყოფნა ჩემთვის ამარტივებდა ფოკუსში ყოფნას, ყურადღების ცენტრში მოქცევას, რომელიც ჩემს საქმიანობას თან ბუნებრივად ახლავს.
მე არასდროს მქონია მიზნად ჩემკენ ასეთი ყურადღების მოპყრობა; ამასთან შეჩვევა და საკუთარ თავთან გასამკლავებლად სწავლა დამჭირდა. ბრენდისთვის გამოვლენილი ხედვა ეფექტს ახდენს: პიროვნება ამ ხედვის მიღმა ყურადღების ცენტრში ექცევა და უნდა თუ არა რაღაც მხრივ სელებრითების კულტურის ნაწილი ხდება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე ვერ გავაკეთე, როგორც საჭირო იყო. ყველას უნდა იყოს სელებრითი, მაგრამ მე ინტროვერტი ვარ, რომელსაც სინამდვილეში უბრალოდ თავის ატელიეში ყოფნა სურს.
მხოლოდ სახელის დატოვების გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მართლა პირადულია. გარკვეულწილად ეს არტისტული არჩევანიც არის. ჩავთვალე, რომ მხოლოდ სახელის დატოვება ჩემთვის მართებული იქნებოდა ისევე, როგორც ნიღბის ტარება, რადგან ამან გამიადვილა გამკლავება ჩემს პოზიციასთან და იმასთან, რასაც ის წარმოადგენს. 60% შემთხვევაში ჩემი გვარი ან არასწორად წარმოითქმებოდა, ან არასწორად იწერებოდა, რასაც ვერ შევეგუე. იმავე პრობლემა მქონდა ჩემს წინა პროექტთან [Vetements] დაკავშირებით. მინდოდა ჩემს წინა კარიერას გამოვყოფოდი და საკუთარი თავი წარმომედგინა, როგორც დემნა.
Vogue: როგორ აისახება წინა პლანზე წამოწეული შექმნის ოსტატობისა და ტანსაცმლის შექმნის ფაქტორი იმაში, რის შემოთავაზებასაც აპირებ და როგორ ჩვენებას გეგმავ მარტში?
დემნა: სივრცე უბრალო იქნება, რათა შესაძლებელი იყოს კოლექციაზე კონცენტრირება და ყურადღების მისკენ მიმართვა. იქნება ის, რაც უმთავრესია: კოლექცია, ხმა, განათება. აღელვებული ვარ, ეს უფრო მეტად შეესაბამება იმას თუ ვინ ვარ და ვინ ვხდები. გარდა ამისა, კავშირი ამ მოდის სახლის მემკვიდრეობასთან უფრო ნათელი იქნება. ბევრ ტანსაცმელს ვაჩვენებთ, ბევრ შრომას რომ მოითხოვს ისეთებს.
Vogue: შეგიძლია განავრცო თუ როგორი იქნება კოლექცია?
დემნა: ის ევოლუციას ასახავს. როდესაც კუტიურზე ვმუშაობ, კავშირი ისტორიასთან და კრისტობალის შემოქმედებასთან აშკარაა და ის ready-to-wear-ში ჯერ საკმარისად არ გადმოთარგმნილა. მარტის კოლექციაში ბევრი ასეთი ელემენტი იქნება. არ მინდა ყველაფერი გავამჟღავნო, მაგრამ გეტყვით, რომ სამ ნაწილს იხილავთ: პირველი ‘თეილორინგზე’ იქნება დაფუძნებული, ბევრი ექსპერიმენტით ჭრის, დეკონსტრუქციის და რეკონსტრუქციის მხრივ, რაც ტანსაცმლის დიზაინში ჩემს ბაზას წარმოადგენს. მეორე ნაწილში აქცენტი სილუეტზე და ფორმაზე გაკეთდება, უფრო მოდაზე ორიენტირებული იქნება. მესამე ნაწილი კი, რომელიც მგონია, რომ მოდის სახლის მემკვიდრეობასთან ყველაზე მეტად არის კავშირში, წარმოაჩენს თუ როგორ ვხედავ თანამედროვე ელეგანტურობას. ისეთ რამეებს ნახავთ, რაც ready-to-wear ჩვენებებისთვის ნამდვილად უცხოა.