სოციალური ქსელების ეპოქამ სილამაზის ინდუსტრია მეტად პოპულარული გახადა, ინფორმაციაც – უფრო ხელმისაწვდომი. თუმცა, ამ ყველაფერს ერთი მნიშვნელოვანი მინუსიც ახლავს თან. Instagram-ის და Youtube-ის სამყაროში, რთულია გავიგოთ ვინ არის რეალურად ვიზაჟისტი და ვინ – უბრალოდ ინფლუენსერი. შესაბამისად, რთულია გავმიჯნოთ სწორი რჩევები, რეკომენდაციებით შენიღბული რეკლამისაგან.

არსებობენ Make Up არტისტები, რომლებიც ათწლეულებია ამ ინდუსტრიაში არიან, თანამშრომლობენ ყველა მოდის ჟურნალთან და არაერთი დასამახსოვრებელი მაკიაჟის შემქმნელებიც არიან. როცა ასეთ პროფესიონალებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბობი ბრაუნი.

ბობის ბიოგრაფია დიდი და მრავალფეროვანია, თუმცა, ამჯერად, მისგან რამდენიმე მარტივ რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც ბობი ბრაუნის თქმით, სილამაზის მარტივი ჭეშმარიტებებია. ამ რჩევების წაკითხვისას, შესაძლოა არა მხოლოდ საინტერესო ინფორმაცია მივიღოთ, არამედ აღმოვაჩინოთ, რამდენ შეცდომას ვუშვებთ მაკიაჟის კეთების დროს. 

1.კანის ტიპი

უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ თქვენი კანის ტიპი. სწორედ კანის ტიპი განსაზღვრავს იმას, თუ როგორი პროდუქცია უნდა აარჩიოთ. მაგალითად, თუ გაქვთ მშრალი ტიპის კანი, სასურველია დამატენიანებელი და ტონალური კრემი დამზადებული იყოს ზეთოვან ბაზაზე. და პირიქით, ცხიმიან კანზე, ზეთოვანი ინგრედიენტების შემცველმა საცხმა, შესაძლოა არა მხოლოდ გაგიფუჭოთ მაკიაჟი, არამედ თქვენი კანი მეტად პრობლემურიც გახადოს. 

2. კანის რუტინული მოვლა VS ინექციური პროცედურები

შეეცადეთ თავიდან აირიდოთ ინექციები. კოსმეტოლოგმა როგორც არ უნდა დაგარწმუნოთ, რომ შემავსებლების შეყვანა კანს ატენიანებს და აახალგაზრდავებს, იცოდეთ, რომ ინექციისას უცხო ნივთიერება დიდი დოზით შედის თქვენს კანში და გართულებები არასდროს არის გამორიცხული. სამომავლოდ, პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს კვანძები კანქვეშ, შეშუპებები. გარდა ამისა, ინექციური კოსმეტოლოგია მაინც აგრესიულ ჩარევად მიიჩნევა გარეგნობაში, რადგან ნებისმიერი პროცედურა, რომელიც უცაბედ ეფექტს იძლევა, თქვენი ორგანიზმისათვის არაბუნებრივ მდგომარეობას ქმნის.

გახსოვდეთ, რომ კოსმეტოლოგიური ინდუსტრია ძალიან განვითარებულია, ბაზარზე ბევრი ეფექტური პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი და რუტინული მოხმარებით, შესამჩნევ შედეგს შეგიძლიათ მიაღწიოთ. და თუ მაინც გადაწყვეტთ მიმართოთ ინექციურ კოსმეტოლოგიას, გახსოვდეთ – ნურასდროს დაზოგავთ თანხას და გააკეთეთ მაქსიმალურად საუკეთესო არჩევანი. 

3. კანის დატენიანება

ყოველთვის დაიტენიანეთ კანი, მაგრამ – სწორად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია კანის ტიპის ცოდნა, ასევე აუცილებელია მაკიაჟის წინ, სახეზე დამატენიანებლის წასმა. თუმცა, ბობი ბრაუნი გვირჩევს, რომ კონკრეტულად თვალის კრემი დღისით არ წავისვათ. თვალის მაკიაჟი ყოველთვის უფრო მგრძნობიარეა. მგრძნობიარეა არამხოლოდ ამ ნაკვთის აგებულების თავისებურების, არამედ იმის გამოც, რომ დღის მანძილზე თვალის ჩრდილი, ლაინერი და ტუში ბევრ მექანიკურ ზემოქმედებას განიცდის, თვალის კრემმა კი ტექსტურა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს და მდგრადობა დაუკარგოს.

4. ტონალური საცხის ფერი

აუცილებლად სწორად შეარჩიეთ ტონალური საცხის ფერი. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ტონალურმა საცხმა უნდა შეცვალოს მისი კანის ფერი, რაც არასწორია. ეს პროდუქტი შექმნილია იმისათვის, რომ სახის კანი გაგითანაბროთ და მცირედი ხარვეზები შენიღბოს. ტონალური საცხის ფერი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს თქვენი კანის ფერთან. ბობი ბრაუნი ფერის სწორად შერჩევის მარტივ მეთოდსაც გვიმხელს. დავიწყოთ გავრცელებული შეცდომით, რომელსაც  არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ დეკორატიული კოსმეტიკის საკმაოდ რეპუტაციული მაღაზიების კონსულტანტებიც კი უშვებენ.

ალბათ, გაგვახსენდება შემთხვევები, როცა ფერის და ტექსტურის დატესტვას ხელზე გვთავაზობენ. ეს არასწორია –  გარდა იმისა, რომ ხელზე კანი სრულიად სხვანაირია, ფერიც მნიშვნელოვნად განსხვავდება. იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ – საცხი წაისვით ლოყის შუა ნაწილში, ჩაიხედეთ სარკეში ოდნავი დისტანციიდან, თუ საცხი თითქოს სახეზე გაუჩინარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ფერი იპოვეთ.  

5. ყოველდღიური მაკიაჟი VS კონტურული მაკიაჟი

მოერიდეთ კონტურულ მაკიაჟს. გახსოვდეთ, რომ კონტურული მაკიაჟი ძირითადად გადაღებებისათვის არის შექმნილი, ყოველდღურად მისი ტარება გამართლებული არ არის. გარდა იმისა, რომ არაბუნებრივია, კანს ამძიმებს და შესაბამისად,  მავნე ზემოქმედება აქვს მასზე. კონტურული მაკიაჟის, როგორც ტრენდის გაჩენა სწორედ ინფლუენსერების ეპოქის “მონაპოვარია” – ზოგჯერ, ის პირდაპის კავშირშია ინდუსტრიის კომერციულ მიზნებთან, რადგან მსგავსი ტიპის მაკიაჟს არაბუნებრივად დიდი რაოდენობის პროდუქცია სჭირდება. 

6. ბრონზერი და ფერუმარილი

არასოდეს აგერიოთ ერთმანეთში ე.წ. ბრონზერი და ფერუმარილი – იგივე ბლაში. ბრონზერი არ გამოიყენება ღაწვების გამოსაკვეთათ, არც კონტურების შესაქმნელად, მას აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება – მისცეს კანს ელფერი, მსუბუქი რუჯის ეფექტი. ბრონზერის ხმარებისას იცოდეთ, რომ ის თქვენს კანზე, იდეალურ შემთხვევაში, ერთი ტონით მუქი უნდა იყოს. 

რაც შეეხება ფერუმარილს, ბლაში კონკრეტულად ღაწვების მსუბუქი შეფერილობისთვის გამოიყენება. ამ პროდუქტის შერჩევისათვისაც, ბობი საინტერესო ხრიკს გვასწავლის – ზომიერი სიძლიერით მოუჭირეთ თითები ღაწვებს, ბუნევრივად რა შეფერილობასაც მიიღებს ეს მონაკვეთი, სწორედ ის არის თქვენი ფერი. ზოგჯერ ნამზეურზე, ადამიანები მოყავისფრო პიგმენტის ფერუმარილს ხმარობენ – გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში ის მხოლოდ გარუჯულ კანზე გამოგადგებათ და ასეთ დროსაც, ტონალობაში იყავით მაქსიმალურად ზომიერი. 

7. წამწამების ტუში

როდესაც საქმე ეხება წამწამების ტუშს, ბობი ბრაუნი მარტივად გვეუბნება – ტუში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ შავი, რადგან მხოლოდ შავი წამწამებია ერთდროულად ბუნებრივიც და ეფექტურიც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია ფერადი ტუშები, ბობი ბრაუნის აზრით, ის მხოლოდ თემატური მაკიაჟის შესაქმნელად გამოიყენება, ყოველდღიურად კი, აუცილებლად შავი ფერის ტუში უნდა გამოვიყენოთ. 

8. ტუჩები

რაც შეეხება ტუჩის მაკიაჟს, აქ ბობი ბრაუნი შემდეგ მარტივ რჩევას გვაძლევს – შეგვიძლია ფერის არჩევისას უფრო გაბედულები ვიყოთ, რადგან ტუჩსაცხი იმის მიხედვით გვიხდება, ან არ გვიხდება, როგორი მაკიაჟიც გვაქვს. სწორედ ამიტომ, ტუჩები აუცილებლად ბოლოსთვის უნდა მოვიტოვოთ. რაც შეეხება შეხამებას, ბობი ბრაუნი გვირჩევს აქ ერთი წესი დავიმახსოვროთ – თუ აქცენტი გვაქვს თვალებზე, ტუჩსაცხი აუცილებლად სადა უნდა იყოს. ხოლო თუ გვინდა გამოკვეთილი ფერის ტუჩები, ე.წ. Statement Lips – მაშინ, თვალის მაკიაჟი ზომიერად უნდა გვესვას, ისე რომ აქცენტში არ იყოს. 

9. სახის კანიდან მაკიაჟის მოშორება

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაკიაჟის სახიდან მოშორება. დეკორატიული კოსმეტიკა საფუძვლიანად უნდა მოვაცილოთ ჩვენს კანს. პროდუქტები ამ მხრივაც განსხვავდება შემადგენლობით – არსებობს მაკიაჟის მოსაშორებელი რძისებრი ფორმულით, ასევე ზეთოვანი… ბობი ბრაუნი ერთ მარტივ, ბიუჯეტურ და უნივერსალურ პროდუქტს გვთავაზობს – ეს არის ქოქოსის ზეთი, რომელიც თავის მოვლის მოყვარულთა უმრავლესობას აქვს. 

10. მაკიაჟის ფილოსოფია

და ბოლოს, ბობი ბრაუნი თავის  ფილოსოფიას მარტივად, ერთი წინადადებით აღწერს – მაკიაჟი არ არის იმისათვის, რომ თქვენი გარეგნობა შეცვლოს – მაკიაჟი არის საშუალება, რომ მცირედი ხარვეზები შენიღბოს და თქვენი ეფექტური მხარეები გამოკევთოს. თუ ეცდებით, რომ დეკორატიულმა კოსმეტიკამ გადაგასხვაფეროთ, შედეგი აუცილებლად წარუმატებელი იქნება.