ჯარედ ლეტოსა და ენ ჰეთევეის მონაწილეობით, Apple Tv ახალ მინი-სერიალს უშვებს. Wecrashed – ასე ჰქვია დაანონსებულ სერიულ დრამას, რომელიც  რეალურ ამბავზეა დაფუძნებული.

სიუჟეტი საერთო სამუშაო სივრცეების  გლობალური ქსელის  – Wework-ის დამფუძნებლების ირგვლივ ვითარდება. Wework ებრაელმა ბიზნესმენმა ადამ ნეუმანმა 2010 წელს დააარსა და თავის ცოლთან ერთად მართავდა. სივრცეების კონცეფცია საუკეთესო პლატფორმას ქმნიდა ფრილანსერების, სტარტაპებისა და ანტერპრენერებისათვის. ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ საუკეთესო გარემოში ემუშავათ, გაეცნოთ ერთმანეთი და შესვენების სახით  სახალისო აქტივობებით განტვირთულიყვნენ კიდევაც.  ნეუმანს ბიზნეს მედია მეოცნებედ მოიხსენიებდა, რიმელსაც სამუშაო გარემოს შეცვლა, მისი თანამედროვე ცხოვრების წესად ქცევა  და ერთგვარი კომუნის ჩამოყალიბება სურდა.  ბიზნესი საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა,  მოულოდნელად აქციების ფასმა ვარდნა დაიწყო. 2019 წელს,  Wework გაკოტრდა, მისი დამფუძნებელი კი,  საბოლოოდ ჩამოშორდა თავისავე დაარსებულ კომპანიას.

სიუჟეტი სწორედ ადამ ნეუმანის ცხოვრებასა და საქმიანობაზეა ფოკუსირებული. მის  როლს ჯარედ ლეტო ასრულებს, ენ ჰეთევეი კი, ნეუმანის ცოლის პერსონაჟს განასახიერებს.  სერიალის პრემიერა 18 მარტს შედგება.