ამერიკელი პოპ-ვარსკვლავისთვის, საბრინა კარპენტერისთვის 2024 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. აპრილში გამოშვებული სინგლი “Espresso” გლობალურ ჰიტად იქცა და ამერიკული “ბილბორდის” ჩარტის სათავეში მოექცა. ერთ ჰიტს მიჰყვა მეორე და მალევე საბრინა “ბილბორდის” ჩარტში სინგლით “Please, Please, Please” კიდევ ერთხელ მოექცა პირველ ადგილზე. წარმატებული სინგლების შემდეგ, პოპ-ვარსკვლავის ახალი ალბომი, “Short n’ Sweet” გამოვიდა, რომელსაც ფანები ენთუზიაზმით შეხვდნენ. ალბომის შემდეგ კი, კარპენტერის მუსიკალური ტურნეც დააანონსდა, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საბრინას კომერციული წარმატება აისახა მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ნომინაციებშიც – საბრინა 2025 წლის “გრემის” დაჯილდოებაზე ექვს კატეგორიაშია ნომინირებული, მათ შორის მთავარ კატეგორიებში: წლის ალბომი და წლის სიმღერა.

ბუნებრივია, რომ საბრინას მზარდი პოპულარობა ყურადღების მიღმა არ დარჩა მოდის ინდუსტრიაშიც. ცოტა ხნის წინ, პოპ-ვარსკვლავი იტალიური მოდის სახლის, Versace-ს კამპანიაში გამოჩნდა. დონატელა ვერსაჩემ კარპენტერი ვერსაჩეს სათვაალების ხაზის სახედ წარადგინა.