ეს არის შემთხვევა, რომელსაც ვეღარ გაამართლებ მხოლოდ იმის თქმით, რომ დღეს ხალხი ზედმეტად სენსიტიურია. არამედ ნათელი მაგალითია თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მასმედიის მხრიდან ასე პოპულარიზებულ და ხშირად რეალობას მოკლებული სტანდარტების ფეტიშმა მენტალურ მდგომარეობას.

„ამ რეკლამის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე ზარას არცერთი პროდუქტი აღარ შევიძინო. იმიტომ არა, რომ მოდელს მახინჯად ვთვლი, არამედ თქვენ აზიელების სილამაზის აღქმის დისკრიმინაციას ახდენთ.“

„მაპატიეთ, აზიელ ქალებს ჭორფლები არ გვაქვს. და თუ გვაქვს, ასეთს ძალიან ცოტა ადამიანს ნახავთ… ძალიან უნდა გაგჭირვებოდათ ასეთი მოდელის მოძებნა.“

„ასე ხედავთ აზიელ ქალებს? არაფრის ყიდვის სურვილი აღარ მაქვს.“

„ასეთმა ფოტოებმა აზიელი მოდელის მონაწილეობით დასავლელებს შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეუქმნას აზიელ ქალებზე და მათ საწინააღმდეგოდ რასიზმის წარმოშობა განაპირობოს.“

ეს იმ კომენტარების მცირე ნაწილია, რომლებიც ჩინურ საიტზე ზარას ახალი კამპანიის ფოტოების ქვეშ დაიწერა. ლი ჯინგვენის, რომელსაც პროფესიულად ჯინგ ვენად იცნობენ, ჭორფლებმა ჩინეთში დაუსრულებელი დებატები გამოიწვია. ზარა თავისი არჩევანის გამო გააკრიტიკეს. წერდნენ, რომ ზარამ ჭორფლებიანი მოდელის გამოყენებით „ჩინეთი შეურაცხყო“ და „შეარცხვინა.“ ესპანურ ბრენდს აკრიტიკებდნენ ფოტოშოპის გამოუყენლობისთვის და მოდელის მიზანმიმართულად „დამახინჯებისთვისაც,“ რაზეც საპასუხოდ ზარას წარმომადგენელმა განაცხადა: „ის ასე გამოიყურება. ფოტოები არ დამუშავებულა. ისინი ბუნებრივ მდგომარეობაშია გადაღებული.“

Credit: ZARA/Weibo

ჯინგ ვენი მაღალ მოდაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. შანელი, პრადა, ლუი ვიტონი და დიორი იმ მაღალი მოდის ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებთანაც უთანამშრომლია. მოდელს ამ ეტაპზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სამი წლის წინ ვოგთან ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ ადრე თავის ჭორფლებს ვერ იტანდა და ყოველთვის ცდილობდა მათ დაფარვას, რადგან სხვა აზიელებს არ ჰქონდათ. „მაგრამ ახლა ისინი მომწონს და ეს საკმარისია.“

ბუნებრივია, თავიანთი აზრი გამოთქვეს განსხვავებული შეხედულების მქონეებმაც და აღნიშნეს, რომ არასწორია ჩინელების მხრიდან თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლის ასეთი დისკრიმინაცია.

„ლი ჯინგვენი ათასჯერ უფრო ლამაზია, ვიდრე ის სახეები, რომლებიც დამუშავებულა. გთხოვთ, ნუ იცხოვრებთ ფილტრებში, კარგი არ არის იყო ნამდვილი?“ – აღნიშნა ვეიბოს ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ამ ფაქტიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება. კომპანიებმა თავიანთ კამპანიებში კიდევ უფრო აქტიურად უნდა დაიწყონ შეულამაზებელი რეალობის წარმოჩენა, რათა ბევრი ადამიანი დარწმუნდეს იმაში, რომ სამყარო მრავალფეროვანია და თუნდაც ისეთი ბუნებრივი მახასიათებელი, როგორიც ჭორფლებია ნაკლად, მითუმეტეს ერის შეურაცხყოფად არ შეიძლება ჩაითვალოს.