გთავაზობთ, Fashionholics Online -ის და Phubber-ის, ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, გამოცხადებული საავტორო სტატიების კონკურსის რჩეულ სტატიებს.

თემა: მოდის მდგრადობა, ეთიკურობა, ჯანსაღი განვითარება.

ავტორი: მონიკა ბრეგვაძე.


დღეს, როდესაც “მდგრადი მოდა”, “აზრიანი მოხმარება”, “ეთიკური წარმოება” ყოველი კუთხიდან გვესმის და ეს საკითხი მსოფლიო დონის ერთ-ერთ ყველაზე საჭირბოროტო თემად იქცა, საინტერესო იქნებოდა გაგვერკვია, თუ რა არის ე.წ. მდგრადობა და როგორი მომავალი ელოდება ჩვენს საყვარელ შოპინგს. პირადად მე, ამ ფილოსოფიას სულ რაღაც სამი წლის წინ ვეზიარე, როდესაც ერთი სტილისტ-ბლოგერის ასისტენტად ვმუშაობდი. რეალობიდან, სადაც მას-მარკეტის ბრენდები უზრუნველყოფდნენ ჩემს მთავარ შემოსავალს, ნელა და ეტაპობრივად მოხდა გადმოწყობა ახალ ტალღაზე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რომ “მდგრადი განვითარება” ნიშნავს, ჩვენმა დღევანდელმა ქმედებებმა ზიანი არ მიაყენოს მომავალი თაობების ინტერესებს და კეთილდღეობას. ლოგიკურად ჟღერს, არა?  ვის გვინდა ჩვენი შვილები და შვილიშვილები საარსებოდ გამოუსადეგარ გარემოში ცხოვრობდნენ?

თუმცა, ყველაფერი ასე ცალსახა არ არის – ეს ფილოსოფია უბრალოდ გარემოს, ან ადამიანის უფლებების დაცვა კი არა, ის კომპლექსური მიდგომაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის სოციალური და ეკონომიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს გლობალური სამომხმარებლო ჩვევების შეცვლას, მათ შორის, გაუაზრებელი და იმპულსური ყიდვის ჩვევის აღმოფხვრას. სწორედ ასეთ ქცევით მოდელზეა დამყარებული სწრაფი მოდის მულტი-მილიარდიანი ინდუსტრია; კაპიტალისტურ კორპორაციებს კი, ფინანსური მოგებისადმი რბოლაში, ეწირებათ, როგორც ადამიანური და ბუნებრივი რესურსები, ისე დედამიწის საერთო ეკოლოგიური მდგომარეობა. მდგრადი მოდა ამ ყველაფრის ანტიპოდად შეგვიძლია აღვიქვათ.

ინდუსტრიის დღევანდელი  სახე ექსტრემალურად ტოქსიკურია. და ფაქტია, საჭიროებს გარდაქმნას. მაგრამ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, რიგით ადამიანებს?

პირველ რიგში, დავინტერესდეთ ამ საკითხით და ვაღიაროთ, რომ პრობლემა აქტუალურია. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ერთი მარტივი ნაბიჯით, საკმაოდ დიდი შედეგი მიიღწევა. საკმარისი იქნება რამდენჯერმე  მოძებნოთ “Sustainable fashion”, ან მოიწონოთ შესაბამისი კონტენტი, თქვენ გამოწერილი გექნებათ თემის ყველაზე ტრენდული ინფორმაცია თქვენს ფიდზე. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც ამბობენ, “ზოგი ჭირი მარგებელიაო”.

მოდით, ერთი წამით გავიხსენოთ ჩვენი კარადის შემადგენლობა და დავფიქრდეთ, რამდენი ისეთი ნივთი გვაქვს, რომელსაც რეალურად ვიყენებთ? და რამდენია “გავხდები და ჩავიცვამ”, “აი შემდეგ სეზონზე ჩავიცვამ”, “უი ეს არც მახსოვდა რომ ვიყიდე”, ან ყველანაირი გამართლების გარეშე, უბრალოდ მტვერს რომ აგროვებს ისეთი ნივთი? მაგალითად, ამერიკაში, საშუალო სტატისტიკური ადამიანის გარდერობში, 82% ჩაუცმელი ნივთია, ბელგიაში კი – 88% ნივთების კარადიდან ისე ხვდება მეორადი დახარისხების საწყობებზე, რომ ერთხელაც არ არის მორგებული პატრონის მიერ…

და მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილისა, არა, მდგრადი მოდა არ ნიშნავს შოპინგზე უარის თქმას და ასკეტური ცხოვრების წესის დანერგვას. ის უბრალოდ მოგვიწოდებს, რომ არ ვიყოთ ბრმა და იმპულსური, აზრი დავატანოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს – რას ვყიდულობთ? რატომ ვყიდულობთ? რისთვის ვყიდულობთ?

ადამიანისთვის მატერიალური სამყარო ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო,  ეს ერთგვარი სუსტი წერტილია ჩვენთვის. რამდენი კვლევა და მტკიცებულებაც არ უნდა დაგვიდონ თვალწინ, რომ მატერიალიზმი ყველა უბედურების და დეპრესიის საწყისი წერტილია, თანამედროვე სოციუმში, მასზე უარის თქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ეს დამოკიდებულება – პრიორიტეტი მივანიჭოთ არა რაოდენობას, არამედ ხარისხს, კონცეფციას, “სულს”… წლების წინ, თუ მსგავსი ნივთების ფლობა დიდ ფულად რესურსს მოითხოვდა, დღეს საქველმოქმედო და მეორადი მაღაზიები ჩვეულებრივ საგანძურად შეიძლება იყოს განხილული; თუ ადრე ახალი ტანსაცმელი იყო ფინანსური კეთილდღეობის მაჩვენებელი, დღეს იმავეთი ვერავის გააკვირვებ.

Vogue ფოტოსესიებზე იყენებს დიზაინერების ძველი კოლექციების ნივთებს, ცნობადი ადამიანები თავს იწონებენ მეორადი ტანსაცმლით, ვინტაჟზე ნადირობა „ბაიერობაზე“ პრესტიჟული პროფესია გახდა… და მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც თითოეული ჩვენგანი უბრალოდ ვალდებულია აყვეს მდგრადი გარდერობის გლობალურ ტრენდს, მითუმეტეს, როცა თანამედროვე ბაზარზე ყველა წინაპირობა არის შექმნილი მდგრადი შოპინგის გასამარტივებლად – ბრენდების “გამჭვირვალობის” სიებიდან დაწყებული, Depop-ის და Phubber-ის მსგავსი პლატფორმებით დამთავრებული.

ასე რომ, შოპინგი არსად არ მიდის ჩვენი ცხოვრებიდან, ის ნამდვილად იცვლის სახეს და უფრო საინტერესო და ამაღელვებელი ხდება.