კორონავირუსთან ბრძოლაში ახლა უკვე შანელის მოდის სახლიც ერთვება.

როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი ორგანოებიდან თანხმობის მიღების შემდეგ პარტნიორი მწარმოებლების, ოტ კუტიურის, რედი-თუ-ვეარის და Métiers d’Arts-ის ვოქშოპებიდან 150 სპეციალიზირებული მკერავის ჩართულობით ბრენდი ქირურგიული ნიღბების და სამედიცინო ხალათების წარმოებას დაიწყებს.

„დღეს ჩვენი სამუშაო ძალის და პარტნიორების მობილიზაციას ვახდენთ, რათა დამცავი ნიღბების და ბლუზების წარმოება დავიწყოთ,“ – წერია გამოქვეყნებულ წერილში.

გარდა ამისა, საფრანგეთის ჯანდაცვის სტრუქტურებს €1.2 მილიონით დაეხმარება და შეწყვეტილი სამუშაო პროცესის მიუხედავად, კომპანია სრულად აუნაზღაურებს რვა კვირის ხელფასს თავის 8 500 დასაქმებულს.

შეგახსენებთ, მოდის ინდუსტრიიდან არაერთმა მნიშვნელოვანმა სახელმა შეიტანა ვირუსის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში თავისი წვლილი. იტალიიდან ჯორჯო არმანიმ მილანის და რომის საავადმყოფოებს 1.4 მილიონი დოლარი გადაურიცხა. დონატელა ვერსაჩე სან რაფაელეს საავადმყოფოს 200 000 დოლარით დაეხმარა. 100 000-ზე მეტი გაიღო გუჩის გენერალურმა დირექტორმა, მარკო ბიზარიმ. მიუჩია პრადამ სამი საავადმყოფოს აღდგენა და ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო. Fatebenefratelli-ს და Luigi Sacco-ს ჰოსპიტალებმა სერჯო როსისგან 100 000 დოლარი მიიღეს. მონკლერი კორონავირუსთან ბრძოლას 10 მილიონი დოლარით შეუერთდა. ინფლუენსერმა კიარა ფერანიმ თავისი 18.9 მილიონი გამომწერის დახმარებით, ერთ კვირაში, 4 მილიონი ევრო შეაგროვა. 1 მილიონი ევროთი დაეხმარა კიდევ ერთი იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი თავის სამშობლოს. კლარა ფენდის ფონდიდან მილანის კლინიკებმა 100 000 ევროს დახმარება მიიღეს. ფეხსაცმელების ბრენდის, სანტონის დირექტორი, ჯუზეპე სანტონი აქციას 50 000 ევროთი შეუერთდა. ცნობილია, რომ ფინანსური რესურსი გამოიყო ბულგარის და დოლჩე&გაბანას ბრენდებიდანაც.

მოდის უმსხვილესი კონგლომერატი LVMH, რომელიც ცნობილი ბრენდების დიდ ნაწილს ფლობს, ჩინეთიდან საფრანგეთში 40 მილიონ ნიღაბს შეიტანს. გარდა ამისა, გამოიყენებს თავის ქარხნებს და სადეზინფექციო გელით უფასოდ მოამარაგებს საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანიზაციებს. ქერინგში კი მზად არიან, რომ ბალენსიაგას და სან ლორანის საწარმოებმა საფრანგეთის ჯანდაცვისთვის სამედიცინო ნიღბები შეკერონ. გუჩი ერთჯერადი დახმარების სახით 2 მილიონ ევროს გაიღებს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის გლობალურ და ადგილობრივ კამპანიებში გადაირიცხება. ამას გარდა, გუჩიმ შექმნა ფონდი, რომელშიც ყველას შეეძლება თანხის გადარიცხვა და ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად საკუთარი წვლილის შეტანა.

ამერიკიდან რალფ ლორენმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში 10 მილიონ დოლარს დახარჯავს. რალფის ჩართულობა მხოლოდ თანხის გამოყოფით არ შემოიფარგლება. დიზაინერი 250 000 სამედიცინო ნიღბისა და 25 000 სამედიცინო ხალათის წარმოებას იწყებს.

ბრიტანეთიდან კი ბარბერიმ გვაუწყა, რომ გამოიყენებს თავის მიწოდების ჯაჭვს, რათა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი სამედიცინო პერსონალისთვის 100 000 ქირურგიული ნიღბით მოამარაგოს. იორქშირში მდებარე თრენჩების მწარმოებელი ქარხანა ბრიტანეთის საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტებისთვის სამედიცინო ხალათების და ნიღბების წარმოებას დაიწყებს. კომპანია ასევე ინვესტიციას განახორციელებს კვლევაში, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად მიმდინარეობს და დააფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებიც საკვების მომარაგებით უზრუნველყოფს ბრიტანეთის გაჭირვებულ მოსახლეობას.