Hood by Air მეტი იყო, ვიდრე ტანსაცმლის ბრენდი. ის ახალი ხმა იყო ამერიკულ მოდაში, რომელიც ახალი თაობის ავანგარდულ გამოხატულებას, queer კულტურის გამოვლინებას და ფეტიშის ახალი საგანს წარმოადგენდა. შეინ ოლივერის პროვოკაციული შემოქმედება ქუჩის სტილს, ანდროგენულობას, ოვერსაიზ სამოსს, ლოგოებს, სლოგანებს და იუმორით გადმოცემულ ისტორიებს აერთიანებს. ჩვენებებზე გამოსულან ეისაპ როკი, ფოტოგრაფი ვოლფგანგ თილმანსი და მათ გარდა, იამაიკელი პორნოვარკვლავებიც. Hood by Air მოკლე დროში ახალგაზრდებისთვის საკულტო ბრენდად იქცა და საინტერესო პროექტი გახდა ინდუსტრიის ინსაიდერებისთვისაც, რაზეც მიღებული მნიშვნელოვანი ჯილდოებიც მოწმობს: LVMH Special Jury Prize და CFDA Award. HBA ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საინტერესო ბრენდი იყო, სანამ 2017 წელს დროებით არსებობას შეწყვეტდა.

სამი წლის შემდეგ HBA ახალი მისიით და ხედვით დაბრუნდა. ბრენდის განახლებულ ვებსაიტზე ვკითხულობთ:

„Hood by Air მონუმენტია ახალგაზრდული კულტურისთვის – ინსტიტუცია, რომელიც ახალ იდეებს ეძღვნება და მათ ხელოვნებისა და მოდის ქმნილებებად გარდაქმნის. 13 წლის წინ ახალგაზრდა, ფერადკანიანმა შემოქმედებმა Hood by Air დაარსეს და მოდაში რაღაც სრულიად უნიკალურის შექმნა დაიწყეს. ერთ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, ვაგრძელებთ ობიექტების და არტეფაქტების გამოშვებას, რომლებიც სცდება დამოკიდებულებების და იდეების საზღვრებს იმისთვის, რომ მომავლის საზოგადოებისთვის ფუფუნების აღქმა შეცვალოს. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით ეტაპობრივად როგორ ჩამოშორდნენ შემოქმედებითი ინდუსტრიები ნამდვილ კულტურას. რადიკალურ სამუშაოებზე ჯენტრიფიკაციამ იმოქმედა. ახალგაზრდობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური სივრცეების გარეშე დარჩა, ისინი კი ახალი იდეების აღმოცენებისთვის აუცილებელია.“

საწყის ეტაპზე აღდგენილმა ბრენდმა გარკვეული მესიჯებით დატვირთული მაისურები და Cash App-თან კოლაბორაციით შექმნილი ბარათები გამოუშვა. მაისურები, რომლებზეც ვკითხულობთ: „Hood by Air,“ „Black Owned,“ „New World Citizen,“ „Elite Urban Brigade,“ საიტზე უკვე სრულად ამოყიდულია. გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება. უფრო კონკრეტულად, თანხა შემდეგ ორგანიზაციებს ერიცხებათ:  Black Trans Femmes in the Arts, Emergency Release Fund და Gays & Lesbians Living In A Transgender Society

ბრენდი ოთხ ნაწილად დაიყო: „Hood by Air,“ როგორც luxury ბრენდი, „HBA,“ რომელიც საკუთარი სისტემით, მოდის კალენდრისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს და პროდუქტებს თავის სპეციალურ პლატფორმაზე პირდაპირ მომხმარებელს შესთავაზებს. კომპანიის შენებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს „ანონიმური კლუბი,“ რომელიც, როგორც დამოუკიდებელი პლატფორმა ისე იფუნქციონირებს და რომლის მთავარი მიზანიც ახალგაზრდა შემოქმედების მხარდაჭერა იქნება და „მუზეუმი,“ რომელიც მოწვეული დიზაინერების საშუალებით ბრენდის არქივებს განახლებული სახით წარუდგენს ახალ თაობას.

ფოტოგრაფი: Torso
© Hood by Air

„სისტემა ანტიკურია, ჩვენ კი გვსურს ის რაღაც ახლით ჩავანაცვლოთ. ახალი სამყარო უნდა შეიქმნას. ჩვენ ეს აქამდეც გავაკეთეთ და ამას ისევ შევძლებთ.“
— Hood By Air, ახალი ინსტიტუცია.