ფრანგული კონგლომერატები: ქერინგი და LVMH (Louis Vuitton Moët Hennessy) 2019 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ ანგარიშებს ასაჯაროვებენ. LVMH-მა 25,1 მილიარდი ევროთი რეკორდული შემოსავალი აჩვენა. 2018 წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები 12%-ით გაიზარდა. კომპანიამ განსაკუთრებული ზრდა გაყიდვებში ამერიკაში, ევროპასა და აზიაში აჩვენა. ეს უკანასკნელი ფუფუნების საგნების ყველაზე დიდი ბაზარია, უფრო კონკრეტულად კი ჩინეთი, რომლის მოსახლეობაც მყიდველთა მესამედს წარმოადგენს. იყო საშიშროება, რომ ჩინეთის ეკონომიკური შენელებისა და ამერიკასა და ჩინეთის სავაჭრო ომის შემდეგ ფუფუნების საგნებზე მოთხოვნა შემცირდებოდა, მაგრამ მოვლენებმა LVMH-ისა და მისი უდიდესი კონკურენტის, ქერინგის გაყიდვებზე გავლენა დიდად არ მოახდინა.
LVMH-ის გაყიდვები იაპონიაში 11%-ით გაიზარდა, ამერიკაში 8%-ით, ევროპაში კი 7% -დან 13%-მდე. ევროპის ქვეყნებიდან – განსაკუთრებული ზრდა საფრანგეთში შეიმჩნევა, რომელშიც წლის დასაწყისში მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტები მიმდინარეობდა, რამაც გაყიდვებზეც იქონია შესაბამისი გავლენა.
“LVMH-ისთვის წელი არაჩვეულებრივად დაიწყო. შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ჩვენი სტრატეგიის ეფექტურობასა და ჩვენი მოდის სახლების სასურველობას, რომელთა პროდუქტებმა დროის საზღვარს გადააბიჯეს. მათი გამუდმებული მოთხოვნა ხარისხიანობასა და მუდმივად განახლებადი შემოქმედებითობა LVMH-ის წარმატების მთავარი გასაღებია, რომელსაც წინ უძღვის ხანგრძლივი ხედვა, სამაგალითოობისა და პასუხისმგებლობიანობის გაერთიანება კომპანიის ნებისმიერ ქმედებაში. მიუხედავად მზარდი მოთხოვნისა, განვაგრძობთ ხარჯების კონტროლსა და შევინარჩუნებთ სიფრთხილეს 2019 წლის მეორე ნახევრისთვის. წლის მეორე ნახევარს თავდაჯერებულნი ვხვდებით, ჩვენი გუნდის ნიჭიერებასა და მათ ერთიან ანტრეპრენულ ენთუზიაზმზე დაყრდნობით, რომელიც მიმართულია მომავალი ზრდისკენ და კიდევ ერთხელ 2019 წელს, მაღალი ხარისხის პროდუქტების სამყაროში ჩვენი ლიდერობისკენ” – განაცხადა ბერნარ არნომ, რომელიც LVMH-ის თავჯდომარე და აღმასრულებელი ხელმძვანელია.
LVMH-ის ყველაზე შემოსავლიანი ბრენდი კვლავ ლუი ვიტონია, თუმცა როგორც ფინანსური რელიზებიდან ვიგებთ, წელს საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებს დიორის ოტ კუტიური, LVMH-ის სუნამოებისა და კოსმეტიკის ხაზები/ბრენდები. პროგრესია სამკაულების ხაზში, კერძოდ კი Bvlgari-ს გაყიდვებში. წელს LVMH-ს ორი ბრენდი შეემატა: სტელა მაკარტნი, რომელშიც კომპანიამ წილი იყიდა და ფენტი, ბრენდი, რომელიც ბარბადოსელ მომღერალთან, რიანასთან თანამშრომლობით შეიქმნა და რომლის 50%-ს LVMH ფლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ქერინგი დეკადის ორი ყველაზე გავლენიანი ბრენდის მფლობელია, მისმა გაყიდვებმა შემცირება დაიწყო, რაც პირდაპირ კავშირშია კომპანიის ყველაზე შემოსავლიანი ბრენდის, გუჩის გაყიდვების გაუარესებასთან. 2019 წლის პირველ 3 თვეში ცნობილი გახდა, რომ გუჩის გაყიდვები შენელებას იწყებდა, თუმცა გაყიდვების შემცირება ახლა უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. აქციების ფასი პარიზში 9,9%-ით დაეცა, რაც ოქტომბრის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ქერინგი ამჯერად ვეღარ უსწრებს მის უდიდეს კონკურეტს, LVMH-ს.
“ეს შენელება მოსალოდნელი იყო და ამაზე კომენტარიც გავაკეთეთ წლის პირველ მეოთხედში” – Jean-Marc Duplaix , ქერინგის ფინანსური ხელმძღვანელი
გუჩი კვლავ რჩევა ყველაზე შემოსავლიან ბრენდად. ქერინგმა განაცხადა, რომ ბრენდი განსაკუთრებით კარგ შედეგს ჩინეთის ბაზარზე აჩვენებს. პროგრესს განიცდის ბოთეგა ვენეტა, რომელიც აქამდე არც თუ სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ როგორც ქერინგმა განაცხადა, ბრენდის ახალი შემოქმედებით ხელმძღვანელის, დანიელ ლის, პირველ კოლექციას კარგი გამოხმაურება მოჰყა.