“რა ბედი ელის ტრადიციულ ფორმატში მოწყობილ ჩვენებებს?” “არსებობს თუ არა კოლექციის წარდგენის მასზე უფრო ეფექტური საშუალება?” – ის შეკითხვებია, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი ჟღერდებოდა, ერთი რამ ცხადი იყო და არის – კოლექციის პოდიუმზე წარდგენა ერთადერთი არჩევანი არ არის. პანდემიურმა სინამდვილემ ბრენდები და დიზაინერები აიძულა განსხვავებულ გზებზე ეფიქრათ და ექსპერიმენტების ჩატარებისკენ უბიძგა. გარკვეულმა ნაწილმა გზას არ გადაუხვია და პრეზენტაციები ჩვეული ფორმით, თუმცა აუდიტორიის გარეშე გამართა, რომელთა ხილვაც ციფრულად იყო შესაძლებელი. მოდის კვირეულების სრულად გაციფრულების პერიოდში აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც თავიანთი ვირტუალური გზავნილების გადაცემა სხვა ფორმით არჩიეს და ასეთი მაგალითები ჩვენს ქვეყანაშიც გვქონდა.

6-9 მაისს SOLO-სთან პარტნიორობით თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ციფრულ ფორმატში ჩატარდა. როგორც ყველა სეზონზე, ღონისძიებას ამჯერადაც ჰყავდა გამორჩეული მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანია ბრენდი SITUATIONIST, რომელსაც კვირეულის დახურვის პატივი ერგო.

Situationist შემოდგომა/ზამთარი 2021
© Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

2010-იან წლებში ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების ტალღა ჩნდება, რომელიც მალევე ხდება ქართული მოდის მამოძრავებელი ძალა. იმ პერიოდში, როდესაც საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე გაჩნდა, განვითარების გზაზე მყოფმა ამბიციურმა ტალანტებმა შეძლეს ახალი სიტყვა ეთქვათ, რომელსაც გლობალური საზოგადოება ინტერესით მოუსმენდა. მათ შორის იყო სიტუაციონისტის დამფუძნებელი ირაკლი რუსაძე, თვითნასწავლი დიზაინერი, რომელმაც თავისი პირველი კოლექცია თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში 21 წლის ასაკში წარადგინა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ბრენდი მილანისა და პარიზის მოდის კვირეულების განრიგშიც არაერთხელ შეგვხვდა.

სიტუაციონისტი ქართული ისტორიული მემკვიდრეობის და ინდივიდუალური ხედვის უნიკალურ სინთეზს წარმოადგენს. ბრენდში ტანსაცმელს ქმნიან იდეით, რომ ის, პირველ რიგში, პიროვნების ხასიათს უნდა მოერგოს და შემდეგ სხეულს. აქ დიზაინ მიდგომაც უნიკალური აქვთ. თითოეული სამოსი თავიდან ბოლომდე ერთი პიროვნების მიერ იქმნება, რომელიც შემდეგ სპეციალურ იარლიყზე თავის ხელწერას ტოვებს, რაც იმ ადამიანების ხელობის მნიშვნელობას ასახავს, რომლებიც ბრენდს თავიანთ შემოქმედებით რესურსსა და დროს ახმარენ.

2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე სიტუაციონისტი განსხვავებულ სტილებსა და პერსონაჟებს წარმოაჩენს. აღსანიშნავია, რომ კოლექციაში პირველად იყო წარმოდგენილი ხელით ნაქსოვი აქსესუარები და ფეხსაცმელები.

© Situationist

“ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები ყოველთვის ჩვენ გარშემოა,” – თვლიან ბრენდში და ახალი კოლექციის პრეზენტაციით მიზნად ჩვენი ქვეყნის ბუნების მშვენიერების ჩვენებას ისახავენ. სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვებზე ცალსახა პასუხი შესაძლოა ჯერ კიდევ არ მოიძებნება, მაგრამ უდავოა, რომ ზოგჯერ ტრადიციებისგან გადახვევა სათქმელის გადმოსაცემად აუცილებელია. ირონიულია, რომ მიმდინარე სეზონზე სიტუაციონისტმა ეროვნული ტრადიციების მნიშვნელობის ხაზგასაზმელად არატრადიციული მიდგომა არჩია.

SITUATIONIST-ის შემოთავაზებული ფილმი საქართველოს ეთნოგრაფიულ პორტრეტს გვიხატავს. მისი პრეზენტაცია პირველად მარტში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა. დავით გიორგაძის და სალომე ფოცხვერაშვილის ნამუშევარი სვანეთში და საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გამორჩეულ ადგილებში ქართულ ნაციონალურ სამოსში და ბრენდის ახალ კოლექციაში გამოწყობილ მოდელებს, მოცეკვავეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს წარმოგვიდგენს. სხვადასხვა მესიჯებით დატვირთული ვიდეო ერთად უყრის თავს ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს. ბოლო კადრი საბჭოთა ესთეტიკის მატარებელი ინტერიერია, რომელშიც ამერიკის დროშა ჰკიდია და ის შესაძლოა განსაკუთრებით მრავლისმთქმელი იყოს უცხოელი აუდიტორიისთვის.

მრავალფეროვნება და მიმღებლობა ბრენდისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია. SITUATIONIST განსხვავებული საქმიანობის, პერსპექტივისა და შეხედულებების მქონე ადამიანებს აერთიანებს და მდგრადი მოდის იდეის გარშემო ვითარდება – სამოსის გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში უნდა შეგვეძლოს.