ვოგის აგვისტოს ნომერში მოდის კრიტიკოსის სარა მაუერის ესსე გამოქვეყნდა, რომელიც ქალ დიზაინერებს და მათ გავლენას ეხება, თუ როგორ შეცვალეს მოდა “არა მამაკაცების წინამძღვრული კორპორაციული წესების მორჩილებით, არამედ მათი უგულებელყოფით, საკუთარი ინსტიქტების რწმენით, სურვილებით და გააფართოვეს გზა მომავალი თაობისთვის”.
ვოგის რედაქტორებმა სარას სტატიას იმ დიზაინერების სია დაურთეს, რომლებიც მოდაზე გავლენას 1980 წლიდან ახდენენ. შესაბამისად, სიაში ვერ შეხვდებით ისეთი დიდი დიზაინერების სახელებს, როგორიც კოკო შანელი ან ელზა სკიაპარელია.
სტატიაში თავმოყრილი დიზაინერებიდან ყველაზე საკამათო რიანას ნახვაა. ვერავინ უარყოფს, რომ სელებრითებიდან რიანას მოდაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს, თუმცა დამოუკიდებელი „დიზაინერის“ სტატუსით ახლახანს მოგვევლინა და მსგავს სიაში მისი მოხსენიება ნაადრევია, თუმცა ეს ხომ ანა ვინტურის ამერიკული ვოგია. თუ კენდალ ჯენერი შეიძლება იყოს სექტემბრის ნომრის ყდაზე და არიანა გრანდეს ძაღლი უფრო ადრე ხვდებოდეს გარეკანზე, ვიდრე დოუცენ კრუსი, ან ადრიანა ლიმა, რატომ არ შეიძლება რიანა იყოს მსგავს სიაში?!
მიუჩია პრადა
90-იანებიდან, თუ ვინმე შეგვიძლია მოდაში უახლოეს დეკადაში მომხდარი ცვლილებების შთაგონებად მივიჩნიოთ – მიუჩია პრადაა, რომელმაც პირველმა დაამკვიდრა მოდის ინდუსტრიაში “შეუხედავი” ესთეტიკა. პრადას “ugly prints” კოლექციამ მოდა თავდაყირა დააყენა – ყველაფერი, რაც აქამდე მოდის ინდუსტრიისგან უარყოფილი იყო, საოცრად მიმზიდველად გადაიქცა.
“სიმახინჯე მიმზიდველია. სიმახინჯე ამაღელვებელია. შესაძლოა იმიტომ, რომ უფრო ახლებურია. სიმახინჯის კვლევა, ჩემთვის, უფრო საინტერესოა, ვიდრე სილამაზის ბურჟუებისეული აღქმა” – მიუჩია პრადა
დონატელა ვერსაჩე
პოპ კულტურასთან არც ერთი ბრენდი არ ასოცირდება იმდენად, რამდენადაც ვერსაჩე. ჯანი ვერსაჩეს სიკვდილის შემდეგ, ბრენდს სათავეში მისი და, დონატელა ჩაუდგა, რომელმაც იდეალურად შეუთავსა საკუთარი ხედვა ბრენდის დნმ-ს. დონატელამ ბრენდს რელევანტურობა შეუნარჩუნა და ამის მიზეზი მხოლოდ მისი შემოქმედებითი ნიჭი არ არის, მან შექმნა ბრენდის იმიჯიც, რომელსაც თვითონ ყველაზე მეტად მიესადაგება – ქერა, მდიდარი, ძლიერი, სექსუალური, წარმატებული ქალის, რომელიც ისეთივე საკულტოა, როგორც ბრენდის ლოგო.
მარია გრაცია ქიური
იტალიელი მარია გრაცია ქიური დიორის მოდის სახლის პირველი ქალი შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მისი კარიერა ფენდიში აქსესუარების დიზაინერობიდან დაიწყო, მოგვიანებით კი იგი ვალენტინოს შემოქმედებითი დიზაინერი გახდა პიერპაოლო პიჩოლისთან ერთად, ხოლო 2016 წლიდან კი დიორს მთავარი კრეატიული ძალაა. მისი დებიუტი #metoo ერას დაემთხვა და იქიდან გამომდინარე, რომ მოდა გარკვეულ ანარეკლსაც წარმოადგენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების, შედეგმაც არ დააყოვნა და დიზაინერმა საკუთარი პოზიცია თეთრ მაისურზე წარწერილი ფემინისტური სლოგანით გამოხატა: “we should all be feminists” (“ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ”), რომელიც არაერთმა ცნობილმა სელებრითმა, მათ შორის რიანამაც მოირგო.
რეი კავაკუბო
რეი კავაკუბო მოდის ინდუსტრიაში 80-იან წლებში გამოჩნდა, როდესაც პარიზში პირველად გამართა კომ დე გაღსონის ჩვენება. მას შემდეგ მოდა ისეთი აღარ ყოფილა, როგორსაც მანამდე იცნობდნენ. შავი, ასიმეტრიული, უფორმო სამოსი კავაკუბოს ხელწერად იქცა. ის ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც ფემინურ და მამაკაცურს შორის საზღვრები გააქრო. 2017 წლის 1 მაისს, რეი კავაკუბო გახდა მეორე დიზაინერი, რომელსაც სიცოცხლეშივე მოუწყვეს გამოფენა Metropolitan Museum of Art-ში. გამოფენაზე წარდგენილი იქნა 120 ლუქი რეის შემოქმედებიდან 1981 წლიდან 2017 წლამდე.
‘’კომ დე გაღსონი სხვებისთვის გამოსაწყობად ან საპირისპირო სქესის მოსაზიდად განკუთვნილი არ არის. ის საჩუქარია, რომელსაც საკუთარ თავს უკეთებ.’’
ეშლი და მერი-ქეით ოსლენები
მერი-ქეით და ეშლი ოსლენებმა ბრენდი “The Row” 2007 წელს დააარსეს. პირველი ჩვენება კი 2010 წელს გამართეს. “The Row”-ს ესთეტიკა მინიმალიზმს ეფუძნება, რომელიც ფემინურობასა და სიმსუბუქეს აერთიანებს. ოსლენების სამოსს მიმზიდველს სწორედ ეს ხდის – მინიმალიზმი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
სარა ბარტონი
სარა ბარტონი ყველაზე სამწუხარო გარემოებაში დაწინაურდა: 2010 წელს ლი მაკქუინის გარდაცვალების შემდეგ ბრენდის მფლობელმა კომპანიამ სარა მის შემცვლელად დაასახელა. ბარტონი მაკქუინს 1996 წელს შეუერთდა ინტერნად, მოგვიანებით ლის პირად ასისტენტად იქცა, ხოლო 2000 წელს კი ქალების კოლექციას ხელმძღვანელობდა. ბარტონმა ბრენდს თავისი ფემინური ხედვა მოარგო და მიუხედავად იმისა, რომ მაკქუინისგან გასნხვავებით არც ექსპერიმენტებითა და თეატრალური შოუებით გამოირჩევა, ის ქალებისთვის სასურველ სამოსს ქმნის. 2011 წელს დიზაინერმა საქორწინო კაბა შეუქმნა კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს.
“ლი ყოველთვის მეუბნებოდა: რაღაცები შენით უნდა გააკეთო, უნდა ირწმუნო მათი და რასაც ჩვენ ვაკეთებთ ემოციებთან უნდა იყოს დაკავშირებული” – სარა ბარტონი
სტელა მაკარტნი
2001 წელს, როდესაც სტელა მაკარტნიმ ნატურალური ბეწვისა და ტყავისგან თავისუფალი კოლექცია წარადგინა, სკეპტიციზმი გამოიწია: როგორ შეძლებდა დიზაინერი ბიზნესის აწყობას მდიდრული ტყავის პროდუქციის გარეშე? სტელას “Fallabella” ჩანთამ, რომელიც დიზაინერის ხელწერად, იქცა დაამტკიცა თუ როგორ. დღეს სტელა მაკარტნი ცნობილია ეკოლოგიურად მდგრადი სამოსის შექმნით, რომელიც შემდგომ თაობებსაც შთააგონებს და იწვევს გააანალიზონ მათ მიერ შეძენილი ფუფუნების პროდუქტების ეკოლოგიური გავლენა.
ქეითი და ლორა მულივი
დებმა ქეით და ლორა მულივებმა როდარტე 2005 წელს დააარსეს. მას შემდეგ ისინი ახერხებენ ფანტაზიისა და ოცნებების სამოსის კოდებით გადაწერას და სისრულეში მოყვანას. როდარტე ლოს-ანჯელესში დაფუძნდა. დები მოდის კანონებით არ თამაშობენ და ჩვენებებს წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ მართავენ. მულივები საკუთარ თავებს შემოქმედებითად არ ზღუდავენ და სამოსის პრაქტიკულობის იდეა დიდად არ იზიდავთ, ამიტომ ყვავილებიანი, ედვარდული ერის კაბები მათ ხელწერად იქცა. გარდა სამოსის შექმნისა, დები აქტიურად არიან დაკავებულები ფილმების გადაღებით, ოპერასთან, ბალეტთან და მუზეუმებთან თანამშრომლობით.
ვიქტორია ბექჰემი
ვიქტორია ბექჰემმა საკუთარი ბრენდი 2008 წელს დააარსა და მოდის კრიტიკოსებსა და ინსაიდერებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა. ვიქტორიამ გადაწყვიტა ბრენდი მშობლიური ქალაქისგან შორს, ნიუ-იორკში შეექმნა. მოდაში კარიერის დასაწყისიდანვე განაცხადა, რომ სურდა სამუშაოზევე ესწავლა, რაც მოდის პიონერი დიზაინერების გავლენაში გამოიხატა – მის თავდაპირველ კოლექციებში ტომ ფორდისა და მარკ ჯეიკობის დიზაინთან რეფერენსებს მარტივად შეამჩნევთ.
დონა კარანი
დღეს, როდესაც მოდაში სამოსის კომფორტულობა და სპორტული ტანსაცმელი აქტუალურია, ბევრი დიზაინერი ოცნებობს პირველს მათ გამოეგონათ “შვიდი მარტივი ნივთის” იდეა, რომელიც დონა კარანს ეკუთვნის და რომლის დებიუტიც 1985 წელს შედგა. “შვიდი მარტივი ნივთის” იდეა ძირითადად შემდეგ სამოსს აერთიანებს: ბოდე, ქვედაბოლო, სადა ჟაკეტი, მარტივი სილუეტის კაბა, თეთრი ზედა, ქაშმირის სვიტრი და ტყავის ჟაკეტი.
“მაშინ ყველა ქალი მამაკაცივით იცვამდა. ქალები ზედებით, ჰალსტუხებითა და პიჯაკებში გამოწყობილები ჩნდებოდნენ, რადგან ეს “ბიზნესვუმენის” იმიჯად ითვლებოდა. მე ვამბობდი, რომ ეს არ იყო ქალი, რომ ქალი საკუთარი სხეულია, მისი სენსუალობა და სისადავეა, ამიტომაც გავაერთიანე ისინი.” – დონა კარანი
კონსუელა კასტილონი
წარმოშობით ჩილეელმა დიზაინერმა, კონსუელა კასტილიონმა მარნი 1994 წელს დააარსა და საკუთარ ბრენდს სათავეში 2016 წლამდე ედგა. მარნი ცნობილია ფემინურობის, ფუფუნებისა და სტატუსის მოსაწყენი და მოძველებული განმარტებების უარყოფით.
ჯილ სანდერი
1990-იანი წლები ჯილ სანდერისთვის კარიერის ზენიტი იყო. მაშინ, როდესაც მოდაში ყველაზე ხშირად სიტყვები: სიმდიდრე და ფუფუნება ისმოდა, სანდერის დიზაინი თავისუფალი იყო ლოგოებისგან, მის ესთეტიკას ზუსტად შეესაბამება სიტყვები: “Less is More”.
“მარტივიც შეიძლება იყოს მდიდრული. რაც უფრო მარტივდება, მეტი ხარისხი გესაჭიროება” – ჯილ სანდერი
ვერა ვანგი
1989 წელს ვერა ვანგმა იდეალური საქორწინო კაბის ძებნა დაიწყო, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ტიპური საქორწინო კაბის იდეისგან, თუმცა ასეთი ვერ იპოვა და გადაწყვიტა თვითონ შეექმნა. ერთი წლის შემდეგ კი მისი საქორწინო კაბების ბიზნესიც დაიბადა. კარლელის სასტუმროსთან მდებარე ვერა ვანგის ბუტიკმა მთლიანად შეცვალა ამერიკელი ქალების ჩაცმულობა, როდესაც ისინი წარმოთქვამენ – “თანხამა ვარ”. წლების განმავლობაში ვერა ვანგს ისეთი ცნობილი ადამიანების საქორწინო კაბები შეუქმნია, როგორებიც არიან: მერაია ქერი, ჯენიფერ ლოპეზი და ალიშა ქისი.
ვივიენ ვესტვუდი
70-იანებში ვესტვუდს მის პარტნიორთან, მალკოლმ მაკლარენთან ერთად ლონდონში მაღაზია ქონდა სახელად ‘’SEX’’, ისინი ყიდდნენ სამოსს, რომლითაც გარკვეულ განცხადებას აკეთებდნენ. ვესტვუდი თითქმის ნახევარი საუკუნეა ქალებისთვის ისეთ სამოსს ქმნის, რომელიც მათ თავს “შიქად” და მეამბოხედ ერთდროულად აგრძნობინებს. ვესტვუდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოდაში პანკი დაამკვირდრა.
ჩიტოში აბე
იაპონელი დიზაინერი, ჩიტოში აბე რეი კავაკუბოსთან მუშაობდა კომ დე გაღსონში. მოგვიანებით გადაწყვიტა ბრენდი დაეტოვებინა და საკუთარი ხაზი შეექმნა. ასე გაჩნდა ჩიტოში აბეს საკაი, რომელიც დიზაინერმა 1999 წელს დააარსა.
ქეთრინ ჰამნეტი
1989 წელს ბრიტანელი დიზაინერი, ქეთრინ ჰამნეტი მოდის ისტერიით იყო გარშემორტყმული – დიზაინერის ხელწერად ქცეული პოლიტიკური სლოგანების მქონე ზედები ხალხმა აიტაცა, დაფრინავდა პირველი კლასით, უყვარდა პოპ ვარკვლავებს და არასოდეს აკლდებოდა წვეულებებს. მოგვიანებით დიზაინერმა მსგავსი ცხოვრების სტილის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და საკუთარი ბიზნესის ეკოლოგიური გავლენით დაინტერესდა. დღეს, ქეთრინ ჰამნეტს არამარტო როგორც დიზაინერად, არამედ აქტივისტად იცნობენ. ის პირველი დიზაინერი იყო, რომელიც ეკოლოგიურ მდგრადობაზე ალაპარაკდა და დღეს, როდესაც სამოსის ეკოლოგიური მხარე ასეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა, რატომ არ უნდა გავიხსენოთ დიზაინერი, რომელიც ეკოლოგიური მოძრაობის პიონერი იყო მოდის ინდუსტრიაში?
დაიენ ფონ ფურშტენბერგი
მხოლოდ რამდენიმე დიზაინერია ისეთი, რომელიც განსაკუთრებით მხოლოდ ერთ სილუეტთან ასოცირდება. ერთ-ერთი მათგანი კი დაიენ ფონ ფურშტენბერგია, რომელიც ცნობილი მისი ე.წ “ვრეპ დრესის” სილუეტითაა. ამ უკანასკნელის იდეა დაიენს მაშინ გაუჩნდა, როდესაც ქმარს – პრინც ეგონ ფონ ფურშტენბერგს – ეყრებოდა და სურდა ისეთი რამ შეექმნა, რაც დამოუკიდებლობასა და თანამედროვეობას გააერთიანებდა. 1976 წლისთვის ფურშტენბერგი კვირაში 25 000 “ვრეპ დრესს” ყიდდა, თუმცა მალევე დიზაინერის დაკოპირება დაიწყეს და, როდესაც “ვრეპ დრესი” უკვე ყველგან იყო, დაიენის ბიზნესი კრიტიკულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა.
2006 წელს ფურშტენბერგი ამერიკული მოდის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს. მან პოზიცია ცოტა ხნის წინ დატოვა, როდესაც მის შემცვლელად ტომ ფორდი დასახელდა.
ენ დემულემესთერი
ბელგიელი დიზაინერი ენ დემულემესთერი მოდის ინდუსტრიაში გვიან 80-იანებში გამოჩნდა მის თანამემამულე დიზაინერებთან ერთად, რომლებსაც “ანტვერპენის ექვსეულის” სახელით ვიცნობთ. დემულემესთერი დეკონტრუქტული, შავ-თეთრი სამოსით არის ცნობილი. ვოგი 1997 წელს მის შესახებ წერდა: “ენ დემულემესთერი ისეთ სამოსს ქმნის, რომლებიც იმ ადამიანების ისტორიებს გვიყვება, ვისაც მისი ტანისამოსი აცვია”.
აილინ ფიშერი
ამერიკელმა დიზაინერმა აილინ ფიშერმა საკუთარი სახელობის ბრენდი 1984 წელს დააარსა. 30 წლის განმავლობაში ფიშერი ზრუნავდა თავის ბიზნესს გარემოსთვის ნაკლები ზიანი მიეყენებინა – მისი საწარმო ქარხარანა, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს, აილინის ძველ პროდუქციას აგროვებს და გადაამუშავებს ახალ ნაჭრებად.
“ყველას მივესალმებით, ვინც დაინტერესებულია, თუ რამით შეგვიძლია ჩვენი ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ. ეს ძირითადად პრე-კონკურენციული კონცეპტია. ეკოლოგიური მდგრადობის იდეა ყველასთვის არის განკუთვნილი” – აილინ ფიშერი
რიანა
30 წლის ბარბადოსელი მომღერალი დიზაინერის ამპლუაში პირველად 2013 წელს მოგვევლინა, როდესაც რივერ აირლენდთან თანამშრომლობით შექმნილი კოლექციის ჩვენება მოაწყო. შემდეგ იყო პუმასთან თანამშრომლობა, რომელიც 2016 წელს Fenty x Puma-ს ჩვენებით დაგვირგვინდა. 2017 წელს LVMH-მა რიანას სილამაზის ხაზი – Fenty Beauty დააფინანსა, ხოლო 2019 წელს ფრანგული კონგლომერატი და მომღერალი რიანას ახალი ბრენდის შესაქმნელად გაერთიანდნენ. Fenty-ს დააარსებით, რიანა გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც LVMH-ის კუთვნილ ბრენდს ჩაუდგა სათავეში, ”Fenty” კი პირველი ბრენდი გახდა, რომელიც ფრანგული კონგლომერატის მიერ შეიქმნა 1987 წელს კრისტიან ლაკრუას ბრენდის დაარსების შემდეგ.
ფიბი ფაილო
ფაქტი, რომ ფიბი ფაილო გასული დეკადის ყველაზე გავლენიანი ქალია ისიც მოწმობს, რომ 2 წლის შემდეგ, რაც მოდიდან გაუჩინარდა კვლავ ვერ ვწყვეტთ მასზე საუბარს. ფაილომ ხალხის ყურადღება ქლოიში მოღვაწეობისას მიიპყრო. სელინში მისი მიდგომა განსხვავებული იყო. ფიბიმ სელინი მოდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად აქცია. მინიმალიზმი მოსაწყენი? პასუხი უარყოფითია, როდესაც საქმე ფიბი ფაილოს ეხება, რომელიც კვლავ გვაინტრიგებს და მასთან მიმართებაში არ გვტოვებს კითხვა, თუ რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი.