დროსთან ერთად ადამიანების მოთხოვნილებები, ინტერესები და მისწრაფებებიც იცვლება. ის, რაც ოდესღაც ყველასათვის მიმზიდველი იყო, დღეს შესაძლოა მოძველებულად გვეჩვენებოდეს. საჭიროა, ტრადიციამ დროის სვლას ფეხი აუწყოს, რათა თავისი დატვირთვა, მნიშვნელობა შეინარჩუნოს და ახალი თაობის ყურადღებაც მიიპყროს. მოდაში ყველაზე დიდებული ტრადიცია ოტ კუტიურია – ტანსაცმლის შექმნის უმაღლესი ფორმა, ხელოვნება, რომელიც საუკეთესო ხარისხს, სრულყოფილ შესრულებას, ოსტატობას, ადამიანური ძალისხმევის უპირატესობას და შემოქმედებითობას გულისხმობს.
დღეს ოტ კუტიურთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ჩვენს დროსთან მის შესაბამისობასა და რელევანტურობაზე ისმის შეკითხვები. Haute Couture-ს ცნება პირველად მე-19 საუკუნეში, პარიზში ჩნდება და მისი თავდაპირველი პრინციპები დღესაც უცვლელია. წლების განმავლობაში მრავალმა მოდის სახლმა დახურა ოტ კუტიურ ბიზნესი. პირველი დიდი კუტიურიე კი, ვინც ეს საკუთარი ნებით გააკეთა, კრისტობალ ბალენსიაგა იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 1968 წელს შეამჩნია Ready To Wear-ზე გაზრდილი მოთხოვნა, Haute Couture-ს გავლენების შემცირება და იქიდან გამომდინარე, რომ მოდასთან კავშირს ვეღარ გრძნობდა, მას სამუდამოდ ჩამოშორდა.
53 წლის შემდეგ ფრანგულ მოდის სახლში თავი, რომელსაც მისმა დამაარსებელმა წერტილი დაუსვა, ისევ გრძელდება. ამჯერად ამ ისტორიას მისი ქართველი შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია აგრძელებს და გლობალურ აუდიტორიას Balenciaga-ს 50-ე ოტ კუტიურ კოლექციას სთავაზობს.



© Balenciaga
დემნას პირველი ოტ კუტიურ შოუ დღეს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. პრეზენტაცია 10 Avenue Georges V-ზე მდებარე ბალენსიაგას თავდაპირველ სალონში მოეწყო. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის სივრცის რესტავრაცია მოხდა, შედეგად, ადგილზე მისულ სტუმრებს ისეთივე გარემო დახვდათ, როგორიც კრისტობალმა 1968 წელს დატოვა.
ჩვენებას სტუმრების შეზღუდული რაოდენობა დაესწრო, გავრცლებული ინფორმაციით მხოლოდ 70-მდე ადამიანი, რაც ოტ კუტიურ პრეზენტაციის ძველებურ ატმოსფეროს ქმნიდა, რასაც მუსიკის გარეშე წარმოდგენილი ლუქებიც ცხადყოფდა. გარემოში წინასწარ განისაზღვრა სურნელიც, რისთვისაც დემნამ კიდევ ერთხელ ითანამშრომლა სისელ ტოლასთან. ამჯერად მან ჩვენების ჩატარების ადგილას Avenue Marceau-ზე მდებარე ეკლესიის სურნელის იმიტაცია შექმნა. ამ ტაძარს კრისტობალი დღეში ორჯერ სტუმრობდა.
“მინდოდა სალონში ისეთივე სუნი ყოფილიყო, როგორიც ეკლესიაშია. ჩემთვის ბალენსიაგა იმდენად არის მოდის რელიგია, რამდენადაც ეს შესაძლებელია,” – დემნა გვასალია.
კოლექცია დემნას მხრიდან თამამი განაცხადი იყო. მან ოტ კუტიურის მკაცრ ჩარჩოებში მოაქცია ყოველდღიური სამოსიც, რაც თითოეულ ჩვენგანს მოეპოვება გარდერობში, იქნება ეს მაისურები თუ დენიმი და კიდევ უფრო შორს წავიდა, როცა აბაზანის ხალათი კუტიურ კაბად გარდაქმნა. ბუნებრივია, არც ბალენსიაგას კოდებს აუარა გვერდი და ბრწყინვალე ნამუშევრები შემოგვთავაზა.
“არ მინდოდა, რომ ეს პატივის მიგება ან მარტო მემკვიდრეობის წარმოჩენა ყოფილიყო, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მხოლოდ წარსულში ვრჩები,” – განაცხადა დიზაინერმა WWD-სთვის მიცემულ ინტერვიუში.




© Balenciaga
ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გვასალია ბალენსიაგაში მივიდა და მას შემდეგ თავისი შემოქმედებით მუდმივად ეწინააღმდეგება მოდაში დადგენილ ნორმებს და ხალხის გემოვნებას იწვევს. ასე იყო კრისტობალის შემთხვევაშიც, რომელიც განსხვავებულ გზებს ირჩევდა და, ამავდროულად, მწვერვალზეც იდგა.
„მაღალი მოდა ორკესტრია,სადაც მხოლოდ კრისტობალ ბალენსიაგა არის დირიჟორი. დანარჩენები მუსიკოსები ვართ, რომლებიც მის მითითებებს მივყვებით.“
კრისტიან დიორი




© Balenciaga
თიმ ბლენქსთან საუბრისას, დემნა ბალენსიაგას იმ მახასიათებლებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც თავად ქართველი დიზაინერისთვისაც არ არის უცხო:
“[კრისტობალს] არ ეშინოდა. სწორედ ეს ხდიდა მას ასეთ უნიკალურს,” – ამბობს ის. “ადამიანები მის მოდელებს “ბალენსიაგას მონსტრებს” ეძახდნენ, რადგან ლამაზები არ იყვნენ. მაშინ როცა დიორი წელზე მომდგარი სილუეტით New Look-ს ქმნიდა, ის კარტოფილის ტომრის ფორმებზე მუშაობდა. ახლახანს ფრანგული ვოგის ძველ სტატიას გავეცანი, რომელშიც აღნიშნული იყო თუ როგორ უშნოდ მიიჩნევდა პრესა ბალენსიაგას კაბებს, რამაც შვება მომგვარა. თავი კარგად მაგრძნობინა იმის გაგეგბამ, რომ ხალხს მისი არ ესმოდა. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ესმოდა და მოსწონდა მისი ნამუშევრები, მაგრამ უმრავლესობა ვერ ხვდებოდა, ბალენსიაგა რას აკეთებდა. პარალელებს ვამჩნევ, რადგან თავად ვარ ნაწილი ერთგვარი…ასე ვთქვათ…კამათისა, იმის შესახებ თუ რა არის მოდა დღეს და რა შეიძლება რომ იყოს.”




© Balenciaga
შეიძლება ითქვას, რომ ბალენსიაგა პირველი კუტიურიე იყო, რომელმაც მაღალ მოდაში ფორმები სარწმუნო გახადა. წელში გამოყვანილი ჟაკეტის მაგივრად, რომელიც მხოლოდ ვიწრო და სრულყოფილი წელის მქონე ქალბატონებს ერგებოდა, კრისტობალმა ქალებს განიერი ფორმები შესთავაზა. ის იწონებდა და აცმევდა ქალებს, რომლებსაც მუცელი ეტყობოდათ და არ იყვნენ ისეთი სრულყოფილები, როგორებიც დიორის და შანელის იმდროინდელი მუზები. არც დემნას მოდელები განასახიარებენ გაიდეალებულ სტანდარტებს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალური და გამორჩეული პიროვნებები არიან.
დემნამ ბალენსიაგას ისტორიაში პირველად, ოტ კუტიურ ტანსაცმელი კაცებისთვისაც შექმნა. როგორც ცნობილია, კრისტობალი საკუთარი თავისთვის თავად ქმნიდა სამოსს, ქართველმა დიზაინერმა კი თავის გუნდთთან ერთად მისი სმოკინგი შეისწავლა და ეს საკუთარ კოლექციაშიც გამოავლინა.


© Balenciaga
პანდემიის პერიოდში გვასალიამ თავის იმიჯზეც იმუშავა. მან წონაში საგრძნობლად დაიკლო და, როგორც ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფოტოებზე ვამჩნევთ, მისი ახალი სტილი გაცილებით დახვეწილია. შეიძლება ითქვას, რომ დემნას პერსონამ “რებრენდინგი” განიცადა და კრისტობალის მსგავსად თავადაც მოირგო საკუთარი Couture კოსტიუმი.
როგორც თავად ამბობს, თავის საქმიანობაში ყველაზე დიდი სიამოვნება კუტიურზე მუშაობამ მიანიჭა. “ეს ყველაზე სპირიტუალური გამოცდილება იყო, რომელიც მოდაში ოდესმე მიმიღია,” – განაცხადა მან BOF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. “თითქოს კუტიურის კეთება უკეთეს ადამიანად მაქცევს.”
ამიერიდან, გვასალია ოტ კუტიურ კოლექციას წელიწადში ერთხელ წარადგენს. მასზე ის თავის გუნდთან ერთად იმუშავებს, რომელიც ახალგაზრდებით დააკომპლექტა, რომლებსაც ამ მიმართულებით სხვა მოდის სახლებში გამოცდილება მიღებული არ აქვთ. ტრადიციულად ბრენდები Couture ჩვენებებს წელიწადში ორჯერ მართავენ, თუმცა დემნა კვლავ საკუთარი წესებით განაგრძობს თამაშს.




© Balenciaga
ბალენსიაგას მფლობელი კომპანიის, Kering-ის, მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ფრანსუა-ანრი პინომ განაცხადა, რომ მოდის სახლი ჯერ “ძალიან, ძალიან შორს” არის თავისი სრული პოტენციალის ბოლომდე გამოვლენისგან. დემნა ჩვენი დროის ვარსკვლავი დიზაინერია, რომელიც ისტორიული ფრანგული ბრენდის დაუჯერებელ წარმატებაზეა პასუხისმგებელი.
“კრეატიული რისკების გაწევა ყოველთვის რთულია. ეს რაღაც ძალიან პირადულია,” – აღნიშნავს პინო. “და მაინც, დემნა ბედავს, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ამ მოდის სახლისთვის გააკეთა, საკუთარი ხედვა განავითაროს და შემოქმედებითი რისკები გაწიოს. ეს სიმამაცეს მოითხოვს, რასაც დიდად ვაფასებ.”

© Balenciaga
დემნას მთავარი მიზანი ოტ კუტიურის საზღვრების გაფართოება იყო. მან შეძლო გარდერობის ნივთებიც ამ სამყაროს ნაწილად ექცია. ამ მიმართულების ფუნდამენტური ღირებულებების შენარჩუნებით ეს მოახერხა და როგორც ამბობს, მთელ კოლექციაში მისთვის ყველაზე რთული Haute Couture მაისურის შექმნა იყო. იქნებ სწორედ ეს კოლექციაა პასუხი ოტ კუტიურის ჩვენს დროსთან შესაბამისობასა და რელევანტურობაზე დასმულ შეკითხვებზე? ამის გაგებას დრო სჭირდება, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია – საკუთარი თავის გამოწვევით ქართველმა დიზაინერმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა თავისი შესაძლებლობები.