სოფო ჭყონია უდავოდ ყველაზე დიდი ფიგურაა ქართულ მოდაში. მისი პროექტებიდან აღსანიშნავია BeNext-ი და Mercedes-Benz Fashion Week თბილისი, თუმცა მისი ახალი პროექტი Factory Tbilisi ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც მას აქამდე შეუქმნია. კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული სრულად ციფრულ ფორმატში ჩატარდა. ახალ ინტერვიუში ნათელა ფოცხვერიასთან, სოფო ჭყონიამ ისაუბრა ონლაინ ფორმატის სირთულეებზე და დადებით მხარეებზე, ქართველ დიზაინერებზე და ახალ პროექტებზე.

მოდის კვირეულისთვის საიტი დაახლოებით ორ თვეში შეიქმნა:
“სიმართლე გითხრათ, ეს უდიდესი გამოწვევა იყო. ინდუსტრია სრულიად ახალი და მოულოდნელი მხარეებიდან დავინახე. ზოგიერთმა დიზაინერმა დაამტკიცა, თუ რამდენად კრეატიული და შრომისმოყვარეა ყველაფრის მიუხედავად. რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუებები, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ამას უფრო პოზიტიური გავლენა აქვს ვიდრე ნეგატიური.” პოზიტიურ გავლენად სოფო ჭყონიამ მეტი ვიზიტორი, ანალიტიკური ინფორმაცია და მოულოდნელი ქვეყნებიდან ინტერესის გამოჩენა დაასახელა. მაგალითად, ონლაინ პლატფორმას ბევრი ვიზიტორი ჰყავდა ახლო აღმოსავლეთიდან და ეგვიპტიდან, რაც მოულოდნელი იყო. სოფოს თქმით, მთელი ანალიტიკური ინფორმაცია მიწოდებულია დიზაინერებთან, თუმცა ის ვერ აკონტროლებს იმას, თუ როგორ გამოიყენებენ დიზაინერები ამ ინფორმაციას. “ქართველი დიზაინერები ახლო აღმოსავლეთში ძალიან პოპულარულები არიან. ქუვეითში და დუბაიში ყველა ჩვენებას ადევნებდნენ თვალს. იქ ძალიან დიდი ინტერესია. ეგვიპტიდან Pop up-ის გახსნის თხოვნაც მივიღეთ. თუმცა, ვხედავ, რომ ზოგი დიზაინერი საერთოდ არ იყენებს ანალიტიკას, არ აქცევს ყურადღებას კომერციულ მონაცემებს და მომხმარებლების გამოხმაურებას. მათ აქვთ წარმოდგენილი Dover Street Market-ი და მსგავსი “cool” მაღაზიები, რომლებიც იმიჯისთვის ძალიან კარგია, თუმცა სტაბილური ბიზნესის სამართავად ეს საკმარისი არაა. ბიზნესის წარმატება შემოქმედებით წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ვისურვებდი მეტ დიზაინერს ჰქონდეს სათანადო ცოდნა ბრენდის მენეჯმენტზე.”
ქართული მოდის ფონდზე საუბრისას, სოფომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ოფიციალური სახე ახლა მიეცა, ის და მისი გუნდი უკვე 15 წელია ასრულებენ ამ მისიას.
“ჩვენს გუნდში არიან პროფესიონალები CFDA-სა და Polimoda-ს გუნდებიდან. ჩვენ მალე დავიწყებთ ონლაინ კურსებსა და ლექციებს. ხოლო როდესაც სიტუაცია გაუმჯობესდება, ჩვენ დავიწყებთ საგრანტო პროგრამას და ოფიციალურად დავაანონსებთ სკოლის გახსნას.” კითხვაზე, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი საერთაშორისო პროფესიონალებმა ქართულ მოდას, როდესაც მოდა დღესდღეობით გლობალურად კრიზისს განიცდის, სოფომ შემდეგი პასუხი გასცა: “იტალიაში დიზაინს და ეკონომიკას მხარს უჭერს მთავრობა. იტალიის ეკონომიკაში მოდას დიდი წვლილი მიუძღვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის CFDA, რომელსაც ანა ვინტური და ტომ ფორდი ხელმძღვანელობენ და ალბათ იცით, რომ მათ დიზაინერებს ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადეს. საქართველოში პროცესები სხვაგვარად მიმდინარეობს. ჩვენს დიზაინერებს სახელმწიფო ძალიან მცირე მხარდაჭერას უწევს და აქ არასდროს ყოფილა CFDA-ის მსგავსი ფონდი. ქართული მოდის ფონდის წევრებს არ ვთხოვთ ფინანსურად დაეხმარონ დიზაინერებს. ჩვენ გვსურს მათ ცოდნა გაგვიზიარონ. ასწავლონ დიზაინერებს, თუ როგორ მართონ და შეინარჩუნონ ბიზნესი, ჩაატარონ აუდიტი და იპოვონ სუსტი წერტილები.”

სოფომ და ნათელამ ისაუბრეს ახალგაზრდა ტალანტებზე და კურსდამთავრებულებზე. სოფოს თქმით, მათ ჰქონდათ პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ისინი დიდ ბრენდებში აგზავნიდნენ კურსდამთავრებულებს სტაჟირებაზე, თუმცა მათზე საკმაოდ ნეგატიურ შეფასებებს იღებდნენ.
“ეს პირადად ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ამიტომ გადავწყვიტე უფრო ღრმად გამომეკვლია ეს საკითხი და თბილისში მოდის სკოლაზე დავიწყე მუშაობა. ახლა ჩვენ სასწავლო გეგმაზე ვმუშაობთ, მოლაპარაკებები გვაქვს პროფესიონალებთან. ასევე ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ნინო მგალობლიშვილთან და სამხატვრო აკადემიასთან. ნინოს დიდ პატივს ვცემ, ის დიდი ენთუზიამით ეკიდება ამ საქმეს. სკოლას დაახლოებით ერთ წელიწადში გავხსნით.”
ნათელა სოფოს ესაუბრა ქართველ დიზაინერებში გავრცელებულ ეგრედ წოდებულ “trash” ესთეტიკაზეც, რასაც სოფომ “მისი დიდი ტკივილი უწოდა”. ასევე აღნიშნა, რომ “უშნო” მოდა და “trash” ესთეტიკა რამდენიმე სეზონის წინ აქტუალური იყო, თუმცა ახლა ხალხი სილამაზესა და მეტ “სისუფთავეს” ეძებს. “ვფიქრობ, დიზაინერებმა უნდა იფიქრონ ვიზუალური ენის შეცვლაზე. “Cool”-ზე ფიქრი ჩვენი დაბრკოლება გახდა. დიზაინერებს არ უნდათ Vogue-ს ფურცლებზე ყოფნა, ისიცი ოცნებობენ Dazed-ში მოხვედრაზე და მთელი მათი კონცეფცია აგებულია ამ იდეის გარშემო, იმიტომ, რომ Dazed არის cool. Dazed არ არის ცუდი, თუმცა ფინანსური სტაბილურობაც მნიშვნელოვანია. მათ უნდა გაითავისონ, რომ აქვთ შესაძენი ქსოვილები და გადასახდელი აქვთ ხელფასები თანამშრომლებისთვის.”
ბოლო საკითხი, რომელზეც სოფო ჭყონიამ ისაუბრა, პიარისა და წარმატების დამაბრმავებელი ძალაა. სოფომ გაამხილა ისიც, რომ პირველ სეზონზე მას მოუწია ჟურნალისტებისთვის ფული გადაეხადა, რათა ისინი ჩამოსულიყვნენ და გაეშუქებინათ MBFW Tbilisi. “ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ხაზი გავუსვა საკუთარ პოპულარობას, არამედ იმას, თუ როგორ მუშაობს ინდუსტრია. ამიტომ ჩვენი ფონდი იმუშავებს განათლებასა და გრანტებზე პარალელურად. მხოლოდ და მხოლოდ გრანტების გაცემა საზიანოა. ინდუსტრიას სჭირდება განათლება.”