ის, რაც ყველაზე მეტად აკლია ქართველი დიზაინერების შემოქმედებას არის ემოციური ფონი, რომელიც გაღელვებს, შთაბეჭდილების ქვეშ გტოვებს და მათ ჩვენებებს დასამახსოვრებელს ხდის. ქართველებისთვის ფუფუნებას წარმოადგენს ადგილობრივი მოდური ჩვენება, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც დიზაინერი თავისი ჩვენებით რაღაცისკენ მიილტვის, ისახავს მიზანს, აქვს გადმოცემის უნარი, ცდილობს რაღაც დაგანახოს, გარკვეულ საკითხს ჩაეძიოს და თავის კოლექციას აზრი შესძინოს. ნებისმიერი კოლექცია ავლენს რაღაც დამოკიდებულებას, მაგრამ ყველას არ შეუძლია ადამიანის გრძნობებზე იმოქმედოს. შესაძლოა იშვიათად, თუმცა ზოგი ადგილობრივი ჩვენების შემდეგ ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურად შეგვეხო. რამდენიმე ასეთი მაგალითი ამ სეზონზეც გვქონდა.

ქართველი დიზაინერების დიდი ნაწილი ამ მომენტში ახალგაზრდული კულტურის წარმოჩენას ცდილობს. რა აინტერესებს ახალ თაობას, რისკენ მიისწრაფვის, რას განიცდის და რას მოელის – ამ ყველაფერს სამოსით გამოხატავენ. ახლა ჩვენი ქვეყნის პიარში უდიდეს როლს ის თემები თამაშობს, რომლებიც ახალგაზრდებისთვისაა მიმზიდველი. მოდა საზოგადოებას ირეკლავს და კარგია მსოფლიოსთვის იმის დანახება, რაც მას ჩვენით დააინტერესებს. მაგრამ ზოგჯერ ჩნდება სურვილი, რომ ფანტაზია რეალობას ეღობებოდეს ან თუნდაც უერთდებოდეს. არც ამის ჩვენება გაკლებს არაფერს, პირიქით.

მაშინ როდესაც საერთაშორისო მოდაში ქუჩის სტილი დომინირებს, ბუნებრივია, რომ ჩვენებები აქაც არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიღრმით, თეატრალურობით და მასთან დაკავშირებული მღელვარებით. და მაინც, გამონაკლისები როგორც საზღვარგარეთ, ისე აქაც არსებობს და შეიძლება ისინი ისე არ გვძრავდეს, რომ ჩვენზე წარუშლელ კვალს ტოვებდეს, მაგრამ მათი ეფექტი მაინც აღსანიშნავია.

2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე სამი სხვადასხვა ქართველი დიზაინერის შემოქმედებაში რომანტიკის სამი განსხვავებული ბუნების დანახვა შეგვიძლია. კლიშეც შეიძლება საინტერესო იყოს, მთავარია როგორ წარმოაჩენ, რას შეცვლი მასში და რას შემატებ.

George Keburia

იმ სივრცეში შესვლისთანავე, სადაც გიორგი ქებურიას ჩვენება გაიმართა, ისეთი განცდა გეუფლებოდა, როგორიც ამ კოლექციის ნახვამდე სათანადოდ გამზადებდა. თეთრი ნაჭრით დაფარული სკამები, კედლებზე ჩამოფარებული თეთრი ფარდები და ჭერზე დაკიდებული თეთრი ვარდები გარემოს წმინდას ხდიდა. (თუმცა რთული იყო ამის სრულყოფილად აღქმა, რადგან შოუს სანახავად იმდენი ადამიანი მოვიდა, რომ ადგილი ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.)

© Louisa Chalatashvili

თეთრ ფერში გადმოცემული სიწმინდე გახდა საფუძველი კოლექციისა, რომელიც რომანტიკის სენსუალურ მხარეს ავლენს. ამ სეზონზე ქებურიას შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სიყვარულის სიმბოლო გულია. კოლექციაში გულის ფორმის დეტალებს წარმოადგენს ღილები, ჭრები, კაბების ზედა წინა ნაწილები და მთლიანად ტოპები. შესამჩნევია ივ სან ლორანის, ბალენსიაგას და ვალენტინოს გავლენა, თუმცა ის ქებურიას ხედვას არ ჩრდილავს.

George Keburia Fall/Winter 2019. © Carlo Scarpato / Gorunway.com

მერი ჯეინის სტილის ფეხსაცმელები, რომლებიც მოდელების ნაწილმა წინდებთან ერთად წარმოადგინა, სამოციანი წლების სილუეტები და გადიდებული სათვალეები ქებურიასგან შეიძლება იმ კარგად ნაცნობ სიახლეებად მივიღოთ, რომელიც მრავალჯერ გამოყენებულ და წარმოჩენილ თემას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

George Keburia Fall/Winter 2019. © Carlo Scarpato / Gorunway.com

ჩვენებაზე გამოყენებულ საუნდტრეკს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ეს არც გიორგისთვის ყოფილა სიახლე. ის არაერთი მიზნით შეიძლება გამოიყენო, მათ შორის, როგორც მაყურებელში ემოციების გასამძაფრებელი იარაღი. ქიშო გლუნჩაძის „რა დაგავიწყებს ჩემს თავს“ შოუს კონცეფციის დამაგვირგვინებელი დეტალი იყო და ზუსტად ესადაგებოდა იმას, რასაც დიზაინერი გამოხატავდა.

Djaba Diassamidze

რომანტიკის უფრო ტრადიციული ბუნება გამოავლინა ჯაბა დიასამიძემ. მწერალთა სახლში გამართული ჩვენება გაიხსნა ლუქებით, რომლითაც ჯაბამ პატივი მიაგო კოკო შანელის და კარლ ლაგერფელდის შანელის მოდის სახლში დატოვებულ მემკვიდრეობას.

Djaba Diassamidze Fall/Winter 2019. © PR

კლასიკა და ელეგანტურობა კოლექციის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს და მასში უმეტესად შავი ფერია გამოყენებული.

Djaba Diassamidze Fall/Winter 2019. © PR

დიასამიძე ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელიც უმაღლეს დონეზე ქმნის კლასიკურ და დახვეწილ კოლექციებს. მას ჩვენთან პარიზული მოდისთვის დამახასიათებელი ელემენტები შემოაქვს და გვთავაზობს ხარისხს, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამით ბევრი მისი ქართველი კოლეგა ვერ დაიკვეხნის.

Djaba Diassamidze Fall/Winter 2019. © PR

ამ სეზონზე ჯაბას პატარძალი ლენკა ციციშვილი იყო, რომელმაც თეთრი საპატარძლო კაბა შავი საღამოს კაბების ჩვენების შემდეგ წარმოადგინა. ბოლოს კი ნინი ნებიერიძემ გამოიტანა გრძელი მოცულობითი ვარდისფერი კაბა, რომლის ჩაცმაზეც უამრავი ქალი იოცნებებდა.

Djaba Diassamidze Fall/Winter 2019. © PR

Aka Prodiashvili

აკა ფროდიაშვილი გამორჩეულად ნიჭიერი დიზაინერია, რომლის შემოქმედებაც სიამაყით შეგვიძლია გავაცნოთ მსოფლიოს. მან თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში ჯერ მხოლოდ მეორე ჩვენება გამართა, მაგრამ უკვე შეიძლება ნათლად დავინახოთ, რომ იცის სად არის, რას აკეთებს და რა მიზანს ემსახურება თავისი საქმიანობით. მისი ჩვენებები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემით არის დატვირთული, რომლებსაც არცთუ ისე ბევრი ლუქით, შესაბამისი ქასთით და დეკორაციებით საინტერესოდ გადმოცემს. ის ბოლომდე პროგნოზირებადი არ არის, რაც მისი მომავალი ჩვენების მიმართ განსაკუთრებულ მოლოდინს აჩენს.

ფროდიაშვილის ახალი კოლექცია რომანტიკას გოთური მგრძნობელობით ავლენს. შოუ ლიკა რიგვავამ გახსნა. ლურჯი ხავერდის კაბაში გამოწყობილი მოდელის არტისტული გამოსვლა, რომელსაც ხელში იმავე ფერის ვარდი ეჭირა და სხეულზეც ვარდის ფურცლები ჰქონდა მიმაგრებული რაღაც მომენტში ჯონ გალიანოს ჩვენებებთან ასოციაციას აჩენდა, რასაც ანა თოდუას მაკიაჟი კიდევ უფრო ამძრაფრებდა.

Aka Prodiashvili Fall/Winter 2019. © PR

ჩვენების დაწყებამდე უკვე შესაძლებელი იყო თითქმის მთელი კოლექციისთვის თვალის შევლება. სტუმრებს მოდელები არა კულისებში, არამედ საქორწინო თაღის  წინ განთავსებულ სკამებზე დამსხდარი დახვდათ. პატარძლის გამოჩენის შემდეგ, ქორწილის სტუმრებმაც ეტაპობრივად დაიწყეს ყვავილებით მონიშნულ ადგილამდე გავლა.

შოუმ queer კულტურა და რელიგიური თემატიკა გააერთიანა. თავისუფალი სიყვარულის გარშემო ერთიანდებოდნენ სხვადასხვა ინტერესების, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ხელოვნურად შექმნილი საზღრების გაფართოებას აღნიშნავდნენ.

Aka Prodiashvili Fall/Winter 2019. © PR

კოლექცია ფერების სიმრავლით გამოირჩეოდა და არც სილუეტები იყო ერთფეროვანი. 21 განსხვავებული ლუქი დიზაინერმა თავისი ხელწერით არაჩვეულებრივად შეკრა.

Aka Prodiashvili Fall/Winter 2019. © PR

ჩვენების იდეის სრულყოფილად გამოვლენას ხელს ადგილი უშლიდა. კვირეულის ძირითადი ლოკაცია, პარკინგის გაშლილი და მკვეთრად განათებული სივრცე ნამდვილად არ იყო ამ შოუს მოსაწყობად საუკეთესო არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერის სათქმელი მკაფიოდ ითქვა, ამის გამო მისი ბოლომდე გაგება მაინც გაჭირდა.

აკას ბოლო განაცხადი საუნდტრეკად რამშტაინის წინააღმდეგობრივი „Deutschland-ის” გამოყენება იყო. ბევრისთვის წინააღმდეგობრივი იქნება აკას ჩვენებაც, მაგრამ დროა ქართულ მოდაშიც გახდნენ უფრო საინტერესოები და გაბედულები.