დემნა გვასალია თემებით, რომლებსაც თავის კოლექციებში ავლენს, გვანახებს როგორ აღიქვამს მსოფლიოს. რასაც ჩვენებებზე გადმოგვცემს თავად აქვს გამოცდილი და საკუთრი თვალით დანახული. სხვებისგან განსხვავებით ნაკლებად ეყრდნობა გადმოცემებს და წარმოდგენებს და უმეტესად საკუთარი თავიდან გამომდინარე ასრულებს თავის სამუშაოს. უფრო პირადულ თემებზე ვეტმანში საუბრობს, ზოგადზე კი ბალენსიაგაში. ის არ არის დიზაინერი, რომლის კოლექციებიც იმდენად არტისტულია, რომ ისინი შეიძლება მხოლოდ ბრენდის იმიჯის ნაწილს წარმოადგენდეს, შემოსავალი კი აქსესუარებიდან და სუნამოების გაყიდვებიდან შემოსდიოდეს. მის კოლექციებში არც განსაკუთრებული სიღრმეა და არც ისეთი დეტალები, რომლებმაც შეიძლება გაგაოცოს, აგაღელვოს ან სუნთქვა შეგიკრას, როგორც ეს ნამდვილად ძლიერ შემოქმედებას შეუძლია. გვასალია ქმნის პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის, მისი გარდერობისთვის. ის უნდა ჩაიცვან, მასში უნდა იცხოვრონ. ქართველი დიზაინერი ნამდვილად ქმნის ტანსაცმელს, რომელსაც ყიდის, მაგრამ ერთეულებს შეუძლიათ ასეთი კომერციული შემოქმედება საინტერესო გახადონ, დემნა კი მათ რიგებს მიეკუთვნება. 

ბალენსიაგასთვის შექმნილ ახალ კოლექციაში თავისი ხედვით გადმოგვცა თანამედროვე პარიზული სტილი. თითქოს უცნაურია, რატომ მოუნდა მაინდამაინც ახლა იმ ქალაქის სტილის გადმოცემა, რომელსაც ციურიხში გაექცა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, გადასვლით ის თავიდან შეუყვარდა.

„არ არსებობს ბალენსიაგა პარიზის გარეშე. ეს ჩვენი თანამედროვე ხედვაა თუ რას ნიშნავს პარიზული სტილი დღეს.“ – დემნა გვასალია

ჩვენება მინიმალისტური შავი ლუქებით გაიხსნა. არც ლოგოები, არც სპორტული ფეხსაცმელები, არც ბაზრის ჩანთები, არც ოვერსაიზი, გვასალიას ხელწერა მხოლოდ პიჯაკების მხრებზე ჩანდა. დასაწყისი მოულოდნელი იყო, ასეთივე გამოდგა მთელი ჩვენებაც.

Photos: Alessandro Lucioni

ეს ყველაზე დიდი კოლექცია, რაც აქამდე დემნას წარმოუდგენია. მოდელებმა 109 განსხვავებული ლუქი გამოიტანეს. დიზაინერის ხელწერა ეტაპობრივად გამოიკვეთა სილუეტებში, პრინტებში, მაღაზიის ჩანთებსა თუ ფართო სამოსში.

Photos: Alessandro Lucioni

კოლექციაში ლოგოები უჩვეულოდ მცირე რაოდენობით იყო გამოყენებული. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ არცერთი სნიკერი არ ყოფილა წარმოდგენილი. კომერციული თვალსაზრისით, რთულია ბოლომდე გაუგო იმ დიზაინერს, რომელიც ახალ კოლექციაში არ იყენებს პროდუქტს, რომელიც წინა სეზონებზე მისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. ამ შოუთი დემნამ მართლაც დაგვანახა თავისი შემოქმედების უფრო მოხდენილი, დახვეწილი სახე, მაგრამ ჩვენებაზე მკერვალობასთან და საღამოს კაბებთან ერთად ასევე იყო ჰუდი, დუტი, პარკა, ჯინსი, სპორტული ტანსაცმელი. დემნას სნიკერები იმდენად გაჰიტდა, რომ მისი ასოცირება პირველ რიგში სპორტულ ფეხსაცმელებთან დაიწყეს. შეიძლება ეს ერთგვარ მინიშნებად ჩავთვალოთ, რომ გვასალიას შემოქმედება ახალ ეტაპზე გადადის, რომელშიც აღარ იქნება ის, რითიც ყველაზე მეტად გაითქვა სახელი. ახალ ფაზაში აღარ შეგვხვდება წარსულის მიმართ ნოსტალგიური დამოკიდებულება, ნაკლები ირონია იქნება და აწმყოსა და მომავალზე გახდება ორიენტირებული.

Photos: Alessandro Lucioni
Photos: Alessandro Lucioni

რასაც ვხედავთ არ არის რადიკალური ცვლილება, მაგრამ გვასალია ვითარდება. სიახლეებს ეძებს. სამი წლის წინ მის კოლექციებში მთავარ როლს წარსული ასრულებდა, ახლა კი მისი შემოქმედება აღარ არის მხოლოდ საბჭოთა ესთეტიკაზე, მიღებულ ტრამვებზე დაფუძნებული. როგორ აცვიათ პარიზში არის იმ დიზაინერის თემა, რომელიც მშვიდად და ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში, რომელშიც არც ბომბები ცვივა და არც ხალხის ხმაური შეგაწუხებს. მას შემდეგ რაც მოდაში აქტიურად მოგვევლინა, გვასალიამ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ცხოვრების სტილი, შეიცვალა თავადაც და, ბუნებრივია, პიროვნების ტრანსფორმაცია მის ქმნილებებშიც აისახება.

Photos: Alessandro Lucioni

ბალენსიაგას კოდებს მორგებული პარიზული სტილის იდეა მოდის სახლის ისტორიაში მნიშვნელოვან თავად ჩაიწერება, რომელშიც დემნა გვასალიამ შესაძლოა მიმებისთვის ნაკლები თემა შემოგვთავაზა, მაგრამ დაამტკიცა, რომ მიმდინარე დეკადში მოღვაწე დიზაინერებს შორის ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენს.