თანამედროვე მოდაში გუჩის ისტორია უპრეცედენტოა – ისტორიული ბრენდის რადიკალური ცვლილება 2015 წელს, ალესანდრო მიკელეს კრეატიულ დირექტორად დანიშნვით დაიწყო. მისი მაქსიმალისტური ესთეტიკით ბრენდი მსოფლიო დომინანტად იქცა. მარკო ბიზარის, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობის ქვეშ, იტალიური მოდის სახლის შემოსავლები ხუთჯერ გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუჩიში უკვე შეიმჩნეოდა გაყიდვების შენელება 2019 წლის ბოლოს, პროგნოზები მაინც საკმაოდ ოპტიმისტური იყო. თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა უმნიშვნელო შენელება სერიოზულ ვარდნად აქცია. ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტლის გაყიდვები 10%ით დაეცა.

წლიური მონაცემებით, გუჩის გაყიდვები 22%-ით შემცირდა – 2019 წლის 9.6 მილიარდი ევროდან მაჩვენებელი 2020 წელს 7.4 მილიარდ ევროზე ჩამოვიდა. 22%-იანი ვარდნა ახლოს არის 2020 წლის ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ ზოგად მაჩვენებელთან ინდუსტრიაში, თუმცა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ციფრები, რომლებსაც კონკურენტი მოდის სახლები აჩვენებენ. ერმესის გაყიდვები 2019 წელთან შედარებით გაზრდილია, ისევე როგორც LVMH-ის ლუი ვიტონისა და დიორის გაყიდვები. 2020 წლის მეოთხე კვარტალში, LVMH-ის აღნიშნულმა მოდის სახლებმა 18%-იანი ზრდა აჩვენეს, რაც გუჩიზე თითქმის 30%-ით მეტია.

Bag Addicts Anonymous

მიუხედავად იმისა, რომ Gucci -ს მშობელ კომპანიაში, ქერინგში ვხედავთ წარმატებულ პროექტებს ბოთეგა ვენეტას, ივ სან ლორანისა და ბალენსიაგას სახით, რომლებიც განაგრძობენ ზრდას, კონგლომერატისთვის გუჩი მთავარი საზრუნავია, რადგან ის პასუხისმგებელია ქერინგის გაყიდვების დაახლოებით ორ მესამედზე. რთულია განვსაზღვროთ, თუ რატომ დადგა მსგავსი კრიზისი გუჩიში – პანდემიის, თუ მარკეტინგული პოზიციონირების გამო. თუმცა მოცემულობა გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გუჩიში უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე ის, რაც მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.

გუჩის მენეჯმენტი ღიად საუბრობდა იმაზე, რომ უკუსვლას თავს ვერ აარიდებდნენ, რადგან ეს უპრეცედენტო ზრდის შემდეგ, ბუნებრივი იყო. ამის მიუხედავად, ჩნდება სერიოზული კითხვები ბრენდის მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ქერინგის აქციები 8%-ით დაეცა. ახლა მთავარი კითხვაა, რამდენი ხანი დასჭირდება ბრენდს ნორმალიზაციისთვის და იმისთვის, რომ გაყიდვები კვლავ პოზიტიური დინამიკით წარმართოს.

TommyTon

გუჩის ევროპული მარკეტი დიდად იყო დამოკიდებული ჩინელ და ახლო აღმოსავლელ ტურისტებზე, რომლებიც კიდევ დიდ ხანს ვერ შეძლებენ ევროპაში დაბრუნებას, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო. შესაბამისად, ბრენდს მოუწევს წარმოების პოლიტიკის გადახედვა, ისევე როგორც მარკეტინგული პოზიციონირებისა და ესთეტიკის განვითარება.

ალესანდრო მიკელეს ესთეტიკა ფლორის, ფაუნის, ლოგოებისა და თვალშისაცემი დიზაინების შერწყმით გამოირჩევა, რაც შეგვიძლია ვიხილოთ ყველა ფეხსაცმელზე, ჩანთაზე, მაღაზიის ინტერიერსა თუ ინსტაგრამზე. ახალგაზრდა, სოციალურ-მედიაზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის ეს სწორედ ის არის, რასაც შეეძლო შემოსავალი მოეტანა ბრენდისთვის, თუმცა ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, სამიზნე სეგმენტი ზრდასრული, გამოცდილი აუდიტორიაა, რომელსაც მსგავსი გადატვირთულობა შესაძლოა ნაკლებად აინტერესებს. მიკელეს თაყვანისმცემლების არმია ჰყავს სოციალურ ქსელებში, ისევე როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის, თუმცა როგორც ვხედავთ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქერინგის აღმასრულებელი გუნდი, ოთხშაბათს, ინვესტორებთან პრეზენტაციით წარსდგა. მათ წარადგინეს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, რომელშიც არის პუნქტები შეძლებულ კლიენტებთან მუშაობაზე, ჩანთების, საათებისა და სამკაულების ხაზგასმა და 2021 წელს გუჩის 100 წლის აღნიშნვა ასობით ივენთით. მათი თქმით, კრიზისი დროებითია და მათ აქვთ ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვდნენ. 2015 წელთან შედარებით, გუჩი ახლა ორჯერ უფრო დიდია და ყველაფრის მიუხედავად, ალესანდრო მიკელეს მოღვაწეობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

Tags :