Martine Rose გასულ ათწლეულში ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბრენდად იქცა. ის განსაკუთრებით მოსწონდათ ქუჩის სტილით შეპყრობილებს და ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავებს აუთსაიდერებად მიიჩნევდნენ. მართალია, გასულ წლებში მარტინის დიზაინ ფილოსოფიას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, მაგრამ მანამდე მას დიდხანს მოუწია მოდაში შეუმჩნეველი ყოფილიყო.

პირველად თავისი ბრენდი LMNOP 2002 წელს, თამარა როთსტეინთან ერთად დააფუძნა. მაისურების ხაზმა მხოლოდ სამი წელი შეძლო არსებობა. ორი წლის შემდეგ, 2007 წელს ის უკვე დამოუკიდებლად იწყებს თავისი სახელობის ბრენდის გაძღოლას. მალე მან Fashion East & MAN-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ახალბედა დიზაინერების მხარდაჭერით სახელგანთქმული ლულუ კენედის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც 2009 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ლონდონის მოდის კვირეულში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რასაც დათანხმდა და კენედის ამ ინიციატივაში კიდევ ორჯერ ჩაერთო – 2011 და 2012 წლების გაზაფხული/ზაფხულის სეზონებზე. ამას მოჰყვა 2014 წელს მიღებული ჯილდო NEWGEN MEN და LVMH Prize-სა და ANDAM Prize-ში მონაწილეობა. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, ბრენდი სტატიკურ მდგომარობაში იყო. მთავარ პრობლემას კი განვითარებისთვის საჭირო სახსრების არარსებობა წარმოადგენდა. 

Martine Rose შემოდგომა/ზამთარი 2020
© Highsnobiety / Eva Al Desnudo

“იყო სეზონი, როცა ფული საერთოდ არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ვერ გავჩერდებოდი, ამიტომ მხოლოდ ერთი ლუქი გავაკეთე,” – იხსენებს როუზი თავის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას.

მარტინის ცხოვრებაში ნამდვილი გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც ბალენსიაგას ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელად არჩეულმა დემნა გვასალიამ როუზი ფრანგული მოდის სახლის ახლად დამატებული მამაკაცის ხაზისთვის კონსულტანტად აიყვანა.

მარტინმა დემნას შესახებ პირველად მეგობარი ფოტოგრაფისგან მაშინ გაიგო, როდესაც ქართველი დიზაინერი ჯერ კიდევ ლუი ვიტონში მუშაობდა. თავად დემნამ კი მისი მეგობრისგან შემთხვევით ნახა როუზის ტანსაცმელი და მეილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ ძალიან მოსწონდა რასაც ის აკეთებდა. ერთი წლის შემდეგ მოდაში ვეტმანის ფენომენი გაჩნდა. მალე გვასალია ბალენსიაგასაც შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი კომუნიკაცია იმ დადებითი წერილით დაიწყო და დასრულდა, როუზმა გადაწყვიტა ბალენსიაგას ამბის გაგების შემდეგ დემნასთვის წარმატება წერილით მიელოცა. მისთვის მოულოდნელად, პასუხიც მიიღო და შეხვედრის შეთავაზებაც. პირველივე შეხვედრისას დიზაინერები ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ და საერთო ინტერესებიც აღმოაჩნდათ. The Gentlewoman-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარტინმა ერთი საინტერესო ფაქტიც გაიხსენა:

“ერთმანეთს კარგად გავუგეთ. პირადად მე ეს, პირველ რიგში, იმიტომ გამომივიდა, რომ ის მართლა მომეწონა. მე ასევე ქართული წესით მართმადიდებელიც ვარ. სარწმუნოების შეცვლა მაშინ მომიწია, როდესაც ქართველმა მეგობარმა თავისი ქალიშვილის მონათვლა მთხოვა. იქ გასულ ზაფხულს ვიყავი დასასვენებლად. დემნასთვის სიგიჟე იყო მთელი ამ ისტორიის მოსმენა.”

მარტინის თქმით, ვერასდროს გაბედავდა პარიზში გადასვლას და დიდ ბრენდში სამსახურის ძებნას. თვლიდა, რომ ამ ქალაქს არ ეკუთვნოდა. ზოგჯერ ბალენსიაგაში ყოფნისას არც კი სჯეროდა, რომ იმ საქმისთვის უხდიდნენ ფულს, რასაც აკეთებდა. “მას იმისთვის არ ავურჩევივარ, რომ რამე გამაჩნდა, უბრალოდ მოსწონდა, რასაც მე ვაკეთებდი,” – ამბობს ის.

Demna Gvasalia © Style Du Monde

თავისმა ახალმა პოზიციამ ბრიტანელ დიზაინერს წინსვლის საშუალება მისცა. ის შეამჩნიეს, აღიარეს და მოდის ახალ მამოძრავებელ ძალებსაც შეუერთდა.

“დემნა ვერასდროს გაიგებს, როგორ რთულ გარემოებებს დამაღწევინა თავი,” – აღნიშნავს მარტინი. “მისთვის არასდროს მითქვამს როგორ ჩავიკეცე, როცა დამიკავშირდა. მის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მექნება. არამგონია იცოდეს, რამხელა გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. მაშინ ქირის გადახდაც არ შემეძლო და გარდა იმისა, რომ საშინლად რთული სიტუაციიდან გამომიყვანა, მან სხვების თვალში ფასეული გამხადა. ბევრი რამ ტრანსფორმირდა არაერთი მიმართულებით – არამხოლოდ ის, რისი გაკეთებაც ჩემთვის [ბალენსიაგას] ხელფასს შეეძლო, არამედ შეიცვალა ხალხის ჩემზე არსებული წარმოდგენაც. უეცრად ჩემს საქმიანობას მცირე ნათელი მოეფინა. ეს გასაოცარი იყო.”