„სამუშაო ყოველთვის მაქვს,“ – ამბობს რაფ სიმონსი კელვინ კლაინის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ეს მართლაც ასეა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სამი ბრენდიდან წამოვიდა (ჯილ სანდერი, დიორი, კელვინ კლაინი) მას თავისი ბრენდიც აქვს, რომლის კოლექციების ჩვენებებს წელიწადში ორჯერ, მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში მართავს.

Raf Simons Fall/Winter 2019

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს რაფის ერთ-ერთი პირველი ინტერვიუა, რომელიც მისი კელვინ კლაინიდან წამოსვლის შემდეგ გავრცელდა, ბუნებრივია, მისი კითხვისას ჩნდება მოლოდინი, რომ ნაადრევად შეწყვეტილ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხებს მოისმენ, თუმცა ბელგიელი დიზაინერი ისევ გაურკვევლობაში გვტოვებს. „რასაც კითხულობთ და რაც სინამდვილეში მოხდა ყოველთვის ერთი და იმავეს არ ნიშნავს,“ – განაცხადა სიმონსმა.

ამერიკულ ოცნებას წერტილი დაესვა, მაგრამ რაფი განვითარებას აგრძელებს და ამას მისი ახალი თანამშრომლობაც მოწმობს. მილანში, Salone del Mobile-ს დიზაინ შოუზე სიმონსის უახლესი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. დიზაინის და ავეჯის გამოფენა დღეს გაიხსნა და მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

რაფმა ტექსტილის დანიურ კომპანია Kvadrat-თან ითანამშრომლა, რომლის შედეგად შექმნილი ახალი ქსოვილები არა პრეზენტაციის სახით, არამედ ყვავილებით მორთულ სივრცეში იქნება ნაჩვენები, რომელიც კაფესაც მოიცავს. „კაფეც გვექნება, სოციალური ინტერაქციის სივრცე,“ – აღნიშნავს დიზაინერი. „ეს არ არის შოურუმი, გარემოა, ინსპირაციის ადგილი. იმედი მაქვს იმდენად კარგია, რამდენადაც ჟღერს. ბევრად უფრო მასიურია, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ, რაც აქამდე გაგვიკეთებია.“

სიმონსი მხოლოდ მოდის დიზაინით არც ადრე ყოფილა დაკავებული. უმუშავია სამხატვრო შოუებზე, ფოტოგრაფიული წიგნების შექმნაზე, რამდენიმე წლის განმავლობაში ვენაში პრაქტიკული ხელოვნების უნივერსიტეტშიც ასწავლიდა და ეს მისი პროექტების სრული ჩამონათვალი არ არის.

„საკუთარი თავი ოფიციალურად არასდროს განმისაზღვრავს, როგორც მოდის დიზაინერი, შეიძლება იმიტომ, რომ ეს პროფესია არ მისწავლია.“

– რაფ სიმონსი
Photo: Willy Vanderperre

კვადრატის გენერალურმა დირექტორმა, ანდერს ბაირილმა გადაწყვიტა, რომ რაფისთვის ბიუჯეტი არ შეეზღუდა და მისთვის შემოქმედებითი თავისუფლება მიეცა. „რაფი უფრო ძვირი, ემოციური და განსხვავებულია, ვიდრე კლასიკურად განსწავლული ტექტილის დიზაინერი,“ – განაცხადა ანდერსმა.

ინტერვიუდან კიდევ ერთ საინტერესო დეტალს ვიგებთ – რაფ სიმონსი მოდის ინდუსტრიის სწრაფ ტემპს ბრენდებისთვის საშიშროებად მიიჩნევს.

„ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ მოდა შეიცვალა. წარსულში დიზაინერი ქმნიდა კოლექციას და მას პროფესიონალებისგან შემდგარი პატარა აუდიტორიის წინაშე აჩვენებდა, შემდეგ ერთი ფოტო მოხვდებოდა ჟურნალში და თვეების მერე ტანსაცმელი მაღაზიებში გამოჩნდებოდა. ღმერთო ჩემო, როგორი სურვილი ჩნდებოდა! ახლა ჩვენებას ყველა მომენტალურად უყურებს და როდესაც სამოსი ხელმისაწვდომია, ხალხი უკვე სხვა რამეზეა გადართული. ასეთი სწრაფი კომუნიკაცია ამაღელვებელია, მაგრამ შეიძლება საშიშიც იყოს. ზიანის მომტანი.“