3 თებერვალს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოების – Golden Globe-ის 2021 წლის ნომინანტების სრული სია გამოაქვეყნა. ნომინაციების დასახელებას მედიის და სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან, ყოველთვის მოჰყვება ხოლმე განსხვავებული შეფასებები, თუმცა, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ წელს განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა. მიზეზი, ამ შემთხვევაში, Netflix-ის სერიალ Emily In Paris-სთვის მინიჭებული ორი ნომინაცია აღმოჩნდა.
შოუ საუკეთესო კომედიური სერიალების კატეგორიაში დასახელდა, ლილი კოლინზს კი, ამ ჟანრის სერიალში მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ Emily In Paris 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალია, Golden Globe-ის რჩეული საელევიზიო და კინო ნამუშევრები მხატვრულ ღირებულებებთან უფრო ასოცირდებიან, ვიდრე მაყურებლის რიცხობრივ მონაცემებთან. სწორედ ამიტომ, სერიალის ნომინანტებს შორის ხილვა საერთაშორისო პრესამ და მიმომხილველებმა არასერიოზულად აღიქვეს. ნომინაციების გასაჯაროებისთანავე, გავლენიანი ჟურნალის, The New Yorker-ის ერთ-ერთმა ავტორმა, ალექსანდრა შვარცმა ტვიტერზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: “ნება მომეცით გავიაზრო… Emily In Paris ნომინირებულია ოქროს გლობუსზე, მაგრამ I May Destroy You არა…”
I May Destroy You ტელეარხ BBC One-ის და HBO-ს ერთობლივი სერიული დრამაა, რომელიც ისეთ პრობლემებზე ფოკუსირდება, როგორიც არის: სექსუალური ძალადობა, სექსუალური უმცირესობების უფლებები და მათი პრობლემები, თანამედროვე საზოგადოების სახე და ადამიანების ადგილი ძალადობით სავსე სოციუმში. პროექტი კრიტიკოსებმა არაერთხელ დაასახელეს 2020 წლის საუკეთესო სერიულ ნამუშევრებს შორის, შესაბამისად მას ოქროს გლობუსის ერთ-ერთ რეალურ ნომინანტად განიხილავდნენ. შესაძლოა გაჩნდეს არგუმენტი, რომ ეს ორი სატელევიზიო შოუ სრულიად სხვადასხვა ჟანრს მიეკუთვნება და მათი შედარება უადგილოა. თუმცა, საერთო კრიტიკა,ზოგადად, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ზედაპირულმა მიდგომამ გამოიწვია, ტენდენციამ, რომლის მიხედვითაც ნომინაციები სახელდება. საერთაშორისო მედიის ნაწილმა, Golden Globe-ის 2021 წლის დაჯილდოებას “ხუმრობაც” კი უწოდა. გარდა ამისა “ემილი პარიზში” ის სერიალია, რომელმაც მოიუხედავად რეიტინგისა, საკმაოდ დიდი კრიტიკაც დაიმსახურა. კრიტიკოსები სერიალის შემქმნელებს რეალობის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებდნენ – პარიზელების და პარიზში მცხოვრები ამერიკელების ყოველდღიურობის უსაფუძვლო წარმოჩენაში, სტერეოტიპულ მიდგომაში, რომელიც რეალობას მნიშვნელოვნად იყო აცდენილი და ფრანგებს შაბლონურ სნობებად უხასიათებდა მაყურებელს.
ამის საპასუხოდ, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის წევრმა, ჰუსამ სემ ასიმ (Husam Sam Asi) განაცხადა:
“არ დაგვავიწყდეს, რომ ეს კომედიაა. კომედიის მიზანია სწორედ უსიამოვნო რეალობას მოგვწყვიტოს. ყურებისას, მე ნამდვილად არ ვფიქრობ პარიზისა და პარიზის მკვიდრი ამერიკელების ცხოვრების ავთენტურობაზე. კომედიის ასე შეფასება არარელევანტურია. ეპიზოდებში უამრავი კარგი შესრულება და სახალისო პერსონაჟი ვიხილეთ. სერიალმა შეასრულა ის ამოცანა, რაც ჩაფიქრებული იყო”.
ზედმეტად კრიტიკულები რომ არ ვიყოთ, დავუშვათ, რომ სტატისტიკური მაყურებლისათვის ეს მართლაც ასეა – მიუხედავად იმისა, რომ კინო ინდუსტრიაში უამრავი საკულტო კომედია გვიხილავს, ეს ჟანრი ძირითადად მაინც გართობის, დროის სახალისოდ გატარების, სიამოვნების მიღების საშუალებაა. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ოქროს გლობუსის ნომინაციების მინიჭებისას, საქმე გვაქვს წლის საუკეთესო კინო და სატელევიზიო პროდუქტის გამოვლენასთან – ეს კი გაცილებით მეტ კომპონენტს აერთიანებს, ვიდრე ლამაზი სცენები, გასართობი სიუჟეტი და “სახალისო პერსონაჟებია”. მაშინ, როცა კინო და სატელევიზიო ინდუსტრიის ასეთი მასშტაბური კომერციალიზაციის პროცესის მოწმე ვართ, იქნებ მსგავსი გავლენიანი დაჯილდოებები სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საუკეთესო ნამუშევრის სტატუსი მხოლოდ რეიტინგმა და მიღებულმა შემოსავალმა არ განსაზღვროს.