უკვე ტრადიციად იქცა, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე პირველი ღამე ტომ ფორდს ეკუთვნის. მნიშვნელოვანი Ready-to-Wear მოდის კვირეულების სერია ნიუ-იორკში იწყება, შესაბამისად, ტომი პირველი დიზაინერია, რომლის ჩვენებითაც მოულოდნელობებით აღსავსე, დამაინტრიგებელი, ამაღელვებელი და გიჟური პერიოდი იწყება. ტომი არის დიზაინერი, რომელსაც ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, მის ბრენდს კი მყარი იმიჯი. ყველაფერი, რასაც ქმნის წარმატებული ხდება. საკუთარ თავს არტისტს არ უწოდებს. მისი კოლექციები კომერციულია, მაგრამ ასეთი შემოქმედება ნეგატიურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. ჩვენ შეიძლება ვუყურებდეთ ჩვენებას, რომლის ნაწილების ხილვასაც მუზეუმში არ უნდა ველოდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩვენში არავითარ ემოციას არ გამოიწვევს.

“მე ლამაზი, კლასიკური სამოსი მომწონს, სწორედ ასეთს ვქმნი.“ – ტომ ფორდი

ამ სეზონზე ტომი მიმდინარე მოვლენებმა შთააგონა, რომლებმაც მასში იმედგაცრუების, მოუსვენრობის და დაღლილობის განცდა გამოიწვია. მაგრამ რასაც კოლექციაში ვხედავთ სრულიად საპირისპირო შეგრძნებებს ბადებს. „არ მსურს ისეთი რამის ჩაცმა, რაც გამომწვევი იქნება ან აგრესიის გამომხატველი.“ ტომ ფორდის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია მშვიდი და ჰარმონიული ალტერნატიული რეალობაა იმის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება.

სიახლეებს ეხმიანებოდა ჯერემი სკოტის ახალი შოუც. ალექსანდრა მირთან თანამშრომლობით შექმნილი მთელი კოლექცია გამოცემების სახელებს, ჰედლაინებს და გაზეთის პრინტს აერთიანებდა და მოიცავდა თემებს, რომელთა საშუალებითაც მედია ხალხზე გავლენას ახდენს. ეს კოლექცია გასაოცრად განსხვავდებოდა ჯერემის მხიარული და ფერადი ჩვენებებისგან.

აქამდე წარმოდგენაც რთული იქნებოდა, რომ ჯერემი სკოტის სახელის ქვეშ სრულიად შავ-თეთრ კოლექციას ვიხილავდით (რამდენიმე დენიმის ლუქის გამოკლებით), თანაც სერიოზულ თემაზე. მოსკინოში ჯერემის შემოქმედება ყოველთვის ბევრად უფრო მრავალფეროვანია და ყოველ სეზონზე ბადებს ინტრიგას თუ რა თემის წარმოჩენას შეეცდება, თუმცა საკუთარ ბრენდში უკვე დიდი ხანია ერთ ხაზს მიჰყვებოდა, ამიტომ ამ სეზონზე შემოთავაზებული სიახლეებით ხალხი ისევ დააინტერესა თავისი სახელით.

უახლოესი წარსულიდან ერთი ჩვეულებრივი დღის დასაწყისი ნიუ-იორკში მოიცავდა საუზმეს რალფთან. რალფ ლორენის კაფეში ლეგენდარული დიზაინერის შექმნილ ამერიკულ კლასიკაში გამოწყობილი ძველი და ახალი თაობის ტოპ მოდელები სტუმრების მაგიდებს შორის დაიარებოდნენ.

სექტემბერში 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის რალფ ლორენმა საიუბილეო ბრენდის 50 წლის აღსანიშნავი დაუვიწყარი შოუ მოაწყო. ლეგენდარული დიზაინერი თავის ჩვენებებს კვლავ See Now Buy Now მოდელით მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ახალი კოლექცია განკუთვნილია 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის. ამ ექსპერიმენტულმა და სარისკო მოდელმა არაერთ ბრენდს მილიონები დააკარგვინა – მათ შორის ტომ ფროდს და ბარბერის – მაგრამ, როგორც რამდენიმე სეზონი მოწმობს რალფ ლორენის შემთხვევაში ასე არ მომხდარა და მის კლიენტებს ისევ აღარ მოუწევთ საშუალოდ ექვსი თვე ელოდონ პოდიუმზე ნანახი კოლექციის მაღაზიებში განთავსებას. რა სურდა რალფ ლორენს, რომელმაც საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილას კლასიკისა და თანამედროვეობის შეწყმა აჩვენა? დიზაინერმა თავისი მიზანი ასე ახსნა:

„გადავწყვიტე ჩვენება მედისონ ავენიუზე მდებარე ჩემი ახალი რალფის კაფის მიმზიდველ გარემოში მომეწყო. მინდოდა ინტიმური გამოცდილება შემექმნა, რათა საკუთარი ხედვა უფრო  პირადულად გამეზიარებინა.“

ეკჰაუს ლატა 2011 წელს მაიკ ეკჰაუსის და ზოი ლატას დაფუძნებული ახალგაზრდა ბრენდია, რომელიც ნიუ-იორკში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სახელად იქცა. გასულ წელს ეკჰაუს ლატა ელვიემეიჩის პრიზის ფინალისტებს შორისაც მოხვდა. დიზაინერების განსხვავებული, არატრადიციული და არასტანდარტული ხედვა, ანდროგენული სტილი, მრავალფეროვანი ქსოვილებით შექმნილი კოლექციები და ყოველ სეზონზე შემოთავაზებული სიახლეები მათ მიმართ ინტერესს ნამდვილად იწვევს.

2019 წლის  შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ბრუკლინში გამართულ ეკჰაუს ლატას ჩვენებაზე განსაკუთრებით თვალშისაცემი ახალი ფორმები და პროპორციები, კლასიკური პიჯაკის განსხვავებული ვერსიები, მძივებით მორთული მაისურები, ასიმეტრიული ფერადი გეომეტრიული ფიგურების გამოსახულების ნაქსოვი ლუქები და უგთან თანამშრომლობით შექმნილი ნაწილები იყო.

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მთავარი ღირსება მრავალფეროვნებაა. ამ ქალაქისთვის მისაღებია ახალი და განსხვავებული. ამიტომ 2013 წელს დაარსებული ერეა მოდის კვირეულის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ერეას მრავალი მახასიათებელი აქვს, რომლებიც ცალ-ცალკე უჩვეულო არ არის, თუმცა მათი გაერთიანებით ეს ბრენდი უნიკალური ხდება. ახალი კოლექციაც ჩვეულ ელემენტებს შეიცავდა. კრისტალური დეტალები, მკვეთრი და გარდამავალი ფერები, ლოგოები, ნაქსოვი სამოსი, გრაფიკული პრინტები… ერეა უკიდურესად ფემინური და თავისებური კოლექციებით გამოირჩევა.

ბეკეტის და პიოტრეკის სამოსი იდეალურია ქალისთვის, რომელიც მაქსიმალიზმს ზედმეტად არ მიიჩნევს, რომლისთვისაც ექსცენტრიულობა სასურველია, განწყობა დადებითი აქვს, თავად კი შეიძლება ცოტა უცნაურიც იყოს.

ტორი ბარჩის ინსპირაციის წყარო ამ სეზონზე 1933 წელს დაარსებული ექსპერიმენტული Black Mountain College იყო, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1957 წლამდე იარსება უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში.

„მაოცებს ის ფაქტი, რომ ამდენმა ადამიანმა არ იცის მის შესახებ. მან განსაზღვრა თანამედროვე ხელოვნების ტრაექტორია ამერიკაში. მისით ყოველთვის შეპყრობილი ვიყავი. მისი პროგრესული დამოკიდებულება მომწონდა. უმნიშვნელო იყო გენდერი თუ რასა. მთავარი სრული შემოქმედებითობა და ყველა განსხვავებული არტისტის შეთავსება იყო. აი სად უნდა იყოს დღეს თანამედროვე აზროვნება.“ – ტორი ბარჩი

ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო მამაკაცის სამხედრო სამოსის მოტივებზე შექმნილი ქალის გრძელი ქურთუკები, ტვიდის ჟაკეტები, სამოცდაათიანი წლებით შთაგონებული გრძელი ყვავილების პრინტებით გაფორმებული კაბები, რაფლებიანი მაისურები და სხვა ისეთი დეტალები, რომლებიც ტორის ამ კოლექციას სხვების მსგავსად პრაქტიკულს და მომხმარებლის გარდერობზე ორიენტირებულს ხდის.

კვირეულის ფარგლებში სანდერ ლაკმა სის მარჟანის სახელის ქვეშ თავისი რიგით მეშვიდე კოლექციის ჩვენება გამართა.

„ეს შოუ არის სიყვარულზე და შეყვარებაზე.“ – სანდერ ლაკი

კოლექციის შექმნისას სანდერი ფიქრობდა, რა ძალა აქვს სიყვარულს, რა რეაქციას იწვევს და როგორ გაკეთებინებს იმას, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ გააკეთებდი. ეცადა თავისი განცდები თავის შემოქმედებაში გამოეხატა. პროცესში საკუთარი თავიც გამოიწვია, როცა მაქმანებიანი ტიულის მისთვის უჩვეულო დიდი ოდენობით მოხმარებით შეეცადა შეეყვარებინა ის, რაც ძულდა და ნეონის გამოყენებით ენახა შეძლებდა თუ არა თავიდან შეყვარებას. იშვიათია დიზაინერი, რომელიც ისე კომფორტულად გრძნობს თავს ფერებთან და ისე არაკომფორტულად, როცა საქმე შავს ეხება, როგორც სანდერი, ამიტომ ისევ ფერების სიუხვით გამოირჩეოდა ლუქები, რომლებიც მოდელებმა სვაროვსკის მილიონობით კრისტალით მორთულ პოდიუმზე გამოიტანეს.

„მიყვარს კლიშეები და არ არსებობს იმაზე უფრო დიდი კლიშე, რომ ბრწყინვალებას ბედნიერება მოაქვს.“ – სანდერ ლაკი

ბოლო რამდენიმე სეზონია პროენზა სქულერი დრამატულად ტრანსფორმირდება. გასულ სეზონზე ჯეკ მაკქალა და ლაზარო ჰერნანდესი პარიზიდან დაბრუნდნენ ქალაქში, სადაც მოღვაწეობა დაიწყეს, თუმცა მათი დიზაინი ისევ განსხვავებული მიმართულებით ვითარდება და ახალი კოლექციაც ამას მოწმობს.

თუ ძველი კოლექციების მიმართ ნოსტალგიურ დამოკიდებულებას დავაიგნორებთ, დავინახავთ, რომ ჯეკი და ლაზარო ცდილობენ თავიანთი ბრენდი რეალობას მოარგონ, რაც ისე გამოსდით, რომ ხელწერას არ უკარგავენ. მათთვის დამახასიათებელ ჭრასთან და სილუეტთან ერთად ჩვენებაზე ვხვდებით ოვერსაიზ პიჯაკებს, კაცის სამოსის შემადგენელ კომპონენტებს, თრენჩ ქურთუკებს, რომლებსაც მორგებული აქვთ დეკონსტრუქციული ტყავის და დენიმის ჟაკეტები. მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა ეს მიმართულება ერთი რამ უდავოა – პროენზა სქულერი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ნათელ წერტილად რჩება.

დღესდღეობით მერი-ქეით და ეშლი ოლსენების როუ ყველაზე საინტერესო, ხარისხიანი და პროგრესული მინიმალისტური ბრენდია. დების კოლექციები შეიძლება ხმაურს არ იწვევს, მაგრამ მნახველში ისინი ღრმად აღწევს, რაც მხოლოდ ნამდვილად კარგი შემოქმედების დამსახურებაა და არა მის მიღმა მდგარი ადამიანების ცნობადობის ფაქტორის. 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მთავარი ხიბლი წელში გამოყვანილი ახალი სილუეტია. ჩვეული მოცულობა, გრძელი ქურთუკები და მაღალი საყელოები ლუქების უმრავლესობის შემადგენელი დეტალებია. ჩვენებაზე არაფერი გვხვდება ისეთი, რამაც შეიძლება გაგაღიზიანოს, მათ შორის მკვეთრი ფერები. მიუხედავად მასკულინური ელემენტებისა, კოლექცია სიუხეშეზე არ მეტყველებს, ის ნაზი, სუფთა და წმინდაა.

ფერნანდო გარსიამ და ლაურა კიმმა ოსკარ დე ლა რენტასთვის ახალი კოლექცია ისლამური და ქრისტიანული კულტურის შთაგონებით შექმნეს, რაც უმეტესწილად პრინტებსა და ნაქარგებში გამოხატეს. ინსპირაცია არაბეთსა და ესპანეთში ვიზიტისას გაუჩნდათ.

ლაურას და ფერნანდოს ყოველი მომდევნო კოლექცია თავიანთ პროგრესს ავლენს, ამავდროულად, დიზაინერების დუეტი მოდის სახლის მემკვიდრეობის შენარჩუნებაზეც ზრუნავს.  წითელი ხავერდის მინი კაბა, დამოკლებული პიჯაკები, მკერდზე გულის ფორმით ამოჭრილი საღამოს კაბები არასრული ჩამონათვალია იმ დასამახსოვრებელი დეტალების, რომელთა ნახვაც კოლექციაში შეიძლება.

კვირეულის ბოლო ჩვენება სინემატიკური გამოცდილება იყო. მარკ ჯეიკობსის შოუზე სრულიად ჩაბნელებულ სივრცეში ცოცხალი მუსიკის თანხლებით ერთადერთი პროჟექტორის შუქზე რამდენიმე წამით ჩნდებოდნენ და ერთმანეთს ანაცვლებდნენ დიზაინერის საუცხოო ლუქებში გამოწყობილი მოდელები. ატმოსფერო უჩვეულოდ დრამატული იყო. არაერთი მოულოდნელი მომენტი ჩვენებას დაუვიწყარს ხდის, მათ შორის ორიგინალი სუპერმოდელის, კრისტი ტარლინგტონის, პოდიუმზე დაბრუნება.

როგორც წინა სეზონებზე, ეს კოლექციაც უხვად აერთიანებდა დიდი მოცულობის სამოსს. ჩვენების ყურებისას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორ პოზირებენ წითელ ხალიჩაზე მარკის ახალ მბზინავ და ბუმბულებისგან შექმნილ კაბებში სელებრითები. ჯეიკობსის ახალი ნამუშევარი უფრო ჩაცმადია, ვიდრე წინა კოლექციები, მაგრამ ნიუ-იორკში ის მაინც ყველაზე არტისტული გამოდგა. მარკი მოდის მიმართ თავისი დამოკიდებულებით სხვებისგან განსხვავდება. მისთვის მთავარი კომერცია არ არის. ფინანსური კრიზისის და ბრენდის დახურვის საშიშროების მიუხედავად, იმას აკეთებს, რაც მთელი თავისი არსებით უყვარს – აწყობს შოუებს, რომლებიც თავისი ფანტაზიიდან მომდინარეობს და არა რეალური სამყაროდან. პროჟექტორის დროებით შუქზე მოდელების გამოჩენა დიზაინერის ამ ჩვენებაზე შეგვიძლია შევადაროთ მარკ ჯეიკობსის ფაქტორს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ყველა სინათლეს ელოდება, რათა მოკლე დროში თვალი შეავლონ იმას, რასაც მოდით შეპყრობილი ნიჭიერი დიზაინერის ნამუშევარი ჰქვია.