მოდის ინდუსტრია, როგორც ერთი დიდი სისტემა, საკუთარ თავში უამრავ კომპონენტს აერთიანებს. პოდიუმზე წარმოდგენილ კოლექციებს გაცილებით დიდი ბექგრაუნდი აქვს, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს. დასრულებული დიზაინი ხანგრძლივი შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესის ფინალური ეტაპია. ამის გათვალისწინებით, Fashionholics Online-ის  მკითხველისათვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ჩვენი ინტერვიუ კულტურის კვლევების დოქტორთან – ნინო მგალობლიშვილთან, რომელიც ამჟამად თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელია. გარდა ამისა, ნინო მგალობლიშვილი  Georgian Fashion Foundation-ის გუნდის წევრიცაა, ახალი უმნიშვნელოვანესი პროექტის, რომლის მისიაც ქართული მოდის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების ხელშეწყობაა. რამდენადაც ჩვენი რესპოდენტის კარიერა საქართველოში მოდის მიმართულებით განათლებასა და კვლევას უკავშირდება, ინტერვიუც  სწორედ აღნიშნული საკითხის ირგვლივ წარიმართა.

„განვითარებულ ქვეყნებში, დიზაინი ძალზე მოთხოვნადია ბიზნესის სამყაროში და ერთ-ერთი ყველაზე  პრესტიჟული და განვითარებადი პროფესიაა. ზოგადად, დიზაინ-განათლებაში მიმდინარე ცვლილებები – ყოველთვის ანარეკლია საზოგადოებაში არსებული ვითარებისა. მოთხოვნილება ამ დარგის  სპეციალისტების სპეციალურ მომზადებაზე გაჩნდა XIX-XX ს.ს. გადასაყარზე, როდესაც ტანსაცმლის წარმოებამ მასიური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. ასევე, როდესაც XX–XXI ს.ს მიჯნაზე მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა საგრძნობლად შეიცვალა, ამ მოვლენამ პირდაპირი გავლენა მოახდინა მოდის პროფესიულ სფეროზეც.  შეიცვალა თვით დიზაინერის პროფესიის მოდელი, რომელიც შემოქმედებაში სრულ თავისუფლებას იძლევა და, შესაბამისად, შეიცვალა დიზაინერის მომზადების პროცესი. დიზაინერული საქმიანობის მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავება იწყება 1960-იანების ბოლოდან და 1970-იანი წლების პირველი ნახევრიდან. ასე, მაგალითად, 1960 წლებში აქტუალური გახდა Bauhaus-ისა და ულმის სკოლაში შექმნილი პროგრამები ; მთელი 1970-იანი წლები განათლებაზე ტრადიციული მხატვრული დისციპლინების გავლენა მოქმედებდა; 1980-იანებიდან კი, დიზაინი მარკეტინგის ინსტრუმენტი ხდება. ამის ანარეკლს ვპოულობთ უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო მეთოდოლოგიაშიც –  დისციპლინები ფართოვდება მომხმარებლების ფსიქოლოგიისა და მარკეტინგის საფუძვლების თეორიული კურსებით.

პარალელურად, დიზაინის სწავლება საპროექტო სამუშაოებისაკენ გადაიხარა, ამავდროულად აუცილებელი გახდა ტექნოლოგიების შესწავლა. მოდის მიმართულებით თანამედროვე  განათლება – ეს არის საგანმანათლებლო სტანდარტების აუცილებლობა,  საავტორო შემოქმედება საკუთარი ინტერესებისა და თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით.  აუცილებელი გახდა დიზაინერული აზროვნების პრინციპულად სხვა ტიპი – სინთეზისა და ახალის შექმნის უნარი“.

მოდაში განათლების საჭიროებაზე საუბრისას, ხშირად ვაწყდებით მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ რამდენად არის მოდა, შემოქმედებითი ინდუსტრია ის, რისი სწავლაც შეიძლება. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ დიზაინერის საქმიანობა თანდაყოლილი ნიჭის შედეგია, რომელშიც განათლება არ თამაშობს დიდ როლს. ამ მოსაზრების კონტრარგუმენტად ჩვენი რესპოდენტი მნიშვნელოვან გარემოებებს უსვამს ხაზს:

„უდავოდ, „დიზაინერის საქმიანობა შემოქმედებითი პროცესია, რომელიც თანდაყოლილ ნიჭთან არის დაკავშირებული“, მაგრამ პრინციპულად არ ვეთანხმები ამ პოსტულატის მეორე ნაწილს, რომელიც გულისხმობს, რომ „განათლება არც იმდენად მნიშვნელოვანია“. რა თქმა უნდა, ნიჭი იძლევა საწყისს, მოტივაციას. ტალანტი და მონაცემები მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ნიჭის იმედით დიზაინშიც შეუძლებელია წარმატების მიღწევა. სამყარო ჩვენს ირგვლივ ძალიან სწრაფად იცვლება, სივრცე დამუხტულია ახალ-ახალი ინფორმაციით. დღევანდელ, მაღალი ტექნოლოგიებით გაჯერებულ ციფრულ საუკუნეში აუცილებელია მრავალმხრივი ცოდნა და მუდმივად განახლებად გამოწვევებთან გამკლავება. ამიტომ ჩემი ღრმა რწმენით, წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი საწინდარია ფუნდამენტური ზოგადი განათლება, რომელიც გაძლიერებულია პროფესიონალური პრობლემების, კონცეფტუალიზაციის, იდეების ვიზუალიზაციისა და კომუნიკაციის სწავლებით, საპროექტო სამუშაოებით“.

რაც შეეხება მოდის განათლების სისტემას ჩვენს ქვეყანაში. ზედაპირზეც კარგად ჩანს, რომ ამ მხრივ უამრავი გამოწვევები არსებობს, თუნდაც, ზოგადად საქართველოში არსებული განათლების სისტემური ხარვეზების გამო, რომლებიც თავის მხრივ, თანამედროვე სამყაროს საჭიროებების არასათანადოდ შეფასებასა და გადააზრებასთან არის კავშირში. თუმცა, ინტერვიუს დროს, საკითხის სიღრმისეულად განხილვამ არსებული პრობლემების გაანალიზების შესაძლებლობა მოგვცა.

„მთლიანობაში, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები თანაბრად ვრცელდება დიზაინის განათლების სფეროზეც. Fashion–განათლებაც, როგორც უმაღლესი მხატვრული განათლების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, ბუნებრივია, საგანმანათლებლო კრიზისის ეპიცენტრშია.  კრეატიული განათლების კლასიკური პროგრამა უმაღლეს სასწავლებელში უზრუნველყოფს ცოდნის ფართო სპექტრს, მაგრამ იგი არ ითვალისწინებს  განვითარებადი ინდუსტრიის მოთხოვნილებათა სწრაფ ცვალებადობას. არ არის გაავლისწინებული  თანამედროვე ტანსაცმლის წარმოების სეზონური ხასიათი, მისი დინამიზმი და არასტაბილურობა. ასევე არ არის გათვალისწინებული უამრავი პროფესია, რომელიც თავისი სპეციფიკური მახასიათებლებით უკავშირდებიან ამ სფეროს: მოდის მენეჯერები, მარკეტოლოგები, მერჩენდაიზერები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ.  არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა თავისი ყველა შემადგენელი რესურსით.  და, რა თქმა უნდა, დიზაინერული განათლების პრობლემები პროპორციულ დამოკიდებულებაშია ასევე მოდის ინდუსტრიის არ არსებობაზე. აქედან წარმოიქმნება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მიზნებსა და მოდის ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობა. შედეგად, მიუხედავად საინფორმაციო და კულტურული ღიაობის პოზიტიური ტენდენციებისა, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს,  დავინახოთ დიდი განსხვავება ქართულსა და ევროპულ საგანმანათლებლო პროცესებს შორის.

დასავლეთში დღეს არსებული მოდელი ვითარდებოდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში. საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მოდის ინდუსტრიას სპეციალისტებით ამარაგებდნენ, ორიენტირებულნი იყვნენ მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. საქართველოში ყველაფერი განსხვავებულად იყო   -ეს პრობლემები დღეს საბჭოთა ეკონომიკური და კომერციული ბაზრის სისტემური ხარვეზების მემკვიდრეობადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

ცალსახაა, რომ  დასავლეთის საგანმანათლებლო პროცესის მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, განათლების მჭიდროდ დაკავშირება მოდურ პრაქტიკასთან“.


საქართველოში მოდის მიმართულებით განათლებაზე საუბრისას, აუცილებელია აღინიშნოს ახალი მიდგომებისა და მეთოდოლოგიის  გათვალისწინებით შემუშავებული ცალკეული პროგრამებიც. ნინო მგალობლიშვილთან საუბრისას შევეხეთ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტს, სახელწოდებით “ალტერნატიული დისკურსი”, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

„მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა, სტუდენტთა მაღალი შემოქმედებითი დონის მომზადებაში, კურსდამთავრებულები არ არიან მარკეტინგზე ორიენტირებულნი. ამიტომ, ამ ხარვეზის შესავსებად დიზაინზე ამუშავდა საბაზრო ურთიერთობებზე ორიენტირებული ლექციათა კურსების საპილოტო პროექტი “ალტერნატიული დისკურსი”. პროექტის უანგარო მონაწილენი არიან საერთაშორისო და ლოკალური წარმატებული დიზაინერები და მოდის ბიზნესის ცნობილი პერსონები. პროექტმა გაამართლა, წარმატებით მიმდინარეობს, სულ მალე ახალი სასწავლო პროგრამის აუცილებელი კომპონენტი გახდება და, უდავოდ, თავის დადებით შედეგს გამოიღებს. არ შემიძლია არ ვუთხრა მადლობა ყველა მის მონაწილეს“.

ნინო მგალობლიშვილი (ფოტო: Bakur Tvrineli)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოდაში განათლების ხარვეზები პირდაპირ კავშირშია თანამედროვე მოდის იდუსტრიის მდგომარეობასთან. საქართველოში ინდუსტრიის გამოწვევების განხილვისას, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა – სამწუხაროდ, სახელმწიფო ეკონომიკური და კულტურული განვითარების პროცესში, მოდას სათანადო სტრატეგიულ მოცემულობად არ აღიქვამს. შესაბამისად, სირთულეების გამოწვევების დიდი ნაწილიც, სწორედ ამ ინდუსტრიის შესაძლებლობების დაუფასებლობიდან მომდინარეობს. იმისათვის, რომ მოდა განვითარდეს, აუცილებელია ეს გამოწვევები შესაბამისი მასშტაბებით შეფასდეს და მისი გადაჭრის გზებზე მსჯელობა დაიწყოს.

„მიუხედვად გარკვეული წინსვლისა,  ქართული მოდა ჯერ კიდევ რჩება ქართული ბაზრის უკანა პლანზე, ვინაიდან უცხოურ მეტოქეებთან კონკრეტული უპირატესობა არა აქვს. დღეისათვის ჯერ კიდევ რთულია განსაზღვრო ქართული მოდის მდგომარეობა საერთაშორისო კრიტერიუმების  თვალსაზრისით. მიუხედავად მოდური პროცესის გააქტიურებისა, მოდის ინდუსტრია არ არსებობს. ეს მწვავე დისკუსიებისა და ცალკე საუბრის თემაა. ხშირად მითქვამს, და ახლაც გავიმეორებ, რომ მოდის ინდუსტრიის არსებობისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრატეგიის ჩამოყალიბება და ფინანსური მხარდაჭერა. მითუმეტეს, რომ,  ეკონომიკური ეფექტურობის თვალსაზრისით, Fashion-ინდუსტრიის  განვითარება ძალზე მომგებიანია სახელმწიფოსათვის. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. 

პრაქტიკულად განუვითარებელია ინფრასტრუქტურაც. მსუბუქი მრეწველობა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო საბჭოთა საქართველოში, დიდი ხანია აღარ არსებობს. არ არის ქსოვილების წარმოება, განუვითარებელია სარეკლამო კომპანიები, სუსტია რიტეილერები.  ქართველ დიზაინერთა შემოსავალი, ძირითადად, მწირეა. დიზაინერები პრაქტიკულად ნულოვანი სასტარტო მდგომარეობიდან ეწერებიან ახალ რეალობაში და იძენენ არსებობის გამოცდილებას მოდის ბაზრის მიერ შემოთავაზებული გარემოებების შესაბამისად. აუცილებელია სასტარტო დაბანდებები სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან კი, როგორც  ვთქვი, რაიმე რეალური მოქმედება მოდის ინდუსტრიის მიმართ არ ხორციელდება. დამწყებ ქართველ დიზაინერებს უხდებათ სამუშაოს დაწყება ტექნოლოგიების გარეშე“.

ავტორი: მარიამ ტაბლიაშვილი
დიპლომის ხელმძღვნელი : ნინო მგალობლიშვილი
ფოტოგრაფი : გიორგი ცაავა
მოდელი: რენატა ბეგიაშვილი


ისეთი სფერო, როგორიც მოდაა, არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ინერციით და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. თუკი გადავხედავთ ისტორიულ  გამოცდილებას, კარგად დავინახავთ, რომ რიგ შემთხვევებში, მოდა სწორედ ის მექანიზმი აღმოჩნდა, რამაც გლობალური მოდის ცენტრის სტატუსით ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის გზაზე დააყენა. იქამდე, სანამ ამას შესაბამისი ინსტიტუციები საფუძვლიანად გაიაზრებენ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიონალის ინიციტივით და დაუღალავი მცდელობით, დღეს ქართული მოდა მსოფლიო მოდის რუკაზე უკვე გამოკვეთილად ჩანს – ამ სტატუსს კი შენარჩუნება და პოზიციების გამყარება სჭირდება.

„მინდა აღვნიშნო Mercedes-Benz Fashion Week და TBILISI“Be Next”-ი, პროექტები, რომლებიც უკვე  წლებია ტარდება და, უდავოდ, ხელს უწყობენ  ქართული მოდის დიზაინის წარმატებულ განვითარებას; ამასთან, ჩვენ გვყავს საკმაოდ გამოცდილი ნიჭიერი დიზაინერები, უკვე აღიარებული ქართული საზოგადოების მიერ.. ჩნდება უფრო მეტი დამოუკიდებელი მარკა, რომელთა პროდუქციაც საერთაშორისო რეზონანსს იძენს. აგრეთვე შეგვიძლია დავასახელოთ ქართველი დიზაინერებიც, რომელთა  შემოქმედება უფრო ევროპაშია ცნობილი, ვიდრე საქართველოში.  უფრო მეტიც, ამ დიზაინერებმა ევროპაში შექმნეს საკუთარი წარმატებული ბრენდები და მათ საავტორო ტანსაცმელს ირგებენ საერთაშორისო არენაზე აღიარებული ცნობადი სახეები.  ძალზე მნიშვნელოვანია არსებული ახალი იდეების სიუხვე, გამოუყენებელი ისტორიული ბაზა, მრავალწახნაგოვანი ქართული კულტურა; გამოჩნდა მომხმარებელთა ახალი კატეგორია საკმარისი შესაძლებლობებითა და კარგი გემოვნებით, უნარით შეაფასოს ნაკეთობების სტილი და ხარისხი… აი არასრული ჩამონათვალი ქართული მოდის მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორებისა. ამ პროცესებში  შეუფასებელია სოფო ჭყონიას საქმიანობა“.  

                                             

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, სხვა წამყვან პროფესიონალებთან ერთად, ნინო მგალობლიშვილი  Georgian Fashion Foundation-ის გუნდის წევრია და აქტიურად არის ყველა იმ მნიშვნელოვან და იმედისმომცემ ინიციატივებში  ჩართული, რომელმაც ქართულ მოდის ინდუსტრიას ახალი და ძალზედ საჭირო ბიძგი უნდა მისცეს. სწორედ ამიტომ, ინტერვიუს დასასრულს, იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებიც უახლოეს მომავალში ქართული მოდის ინდუსტრიის  ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ბირთვი იქნება. ცხადია ჩვენი ყურადღება მომავალშიც მნიშვნელოვნად ფოკუსირდება მასზე.

„პანდემიის დაწყებამდე საქართველოს მოდის ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვანი პერსპექტივები ჰქონდა, მაგრამ COVID-19 -ის კრიზისმა საქართველოს მოდისა და ხელოვნების სხვა მიმართულებების წინსწვლაც შეაფერხა. ინდუსტრიის განვითარებას ძლიერი საფრთხე ემუქრება და მხარდაჭერის გარეშე,  მრავალი ნიჭიერი დიზაინერი ბიზნესის მიღმა შეიძლება დარჩეს. ამის საპასუხოდ სტარტი აიღო საერთაშორიოსო ორგანიზაციამ Art & Culture Center-Factory, ინდუსტრიების ნიჭიერი მოთამაშეების გლობალური აღიარების პლატფორმა, რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორია სოფო ჭყონია. ცენტრის მისიაა მხარში ამოუდგეს და ხელი შეუწყოს ყველა ხელოვანს, მიაღწიონ შემოქმედებით წარმატებას საერთაშორისო ასპარესზე.

Art & Culture Center-Factory მოიცავს ასევე საგანმანათლებლო ცენტრს, რომლის მიზანია კულტურული და საგანმანათლებლო ინტეგრაციის იდეების განსახორციელებლად ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა; კულტურის, ხელოვნებისა და დიზაინის შესახებ ცოდნის გაღრმავება და გავრცელება,  მათ შორის ურთიერთკავშირების ხელშეწყობა და გამყარება. ამ ცენტრის წიაღში დაფუძნდა Georgian Fashion Foundation-ი – რომელიც თავის მისიად აცხადებს საქართველოს მოდის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების საქმიანობის გაძლიერებას და მხარდაჭერას. დღეს საქართველოშიც გაჩნდა ძალიან დიდი იმედი და რეალური შესაძლებლობა შეიქმნას საერთაშორისო მნიშვნელობის გამორჩეული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მოდის, როგორც პროფესიის ღრმად წვდომას, ათვისებას და საერთაშორისო მოდის სივრცეში საქართველოს ღირსეულ პოზიციონირებას“.