ისტორიულ ჭრილში, ისევე როგორც თანამედროვეობაში, სამოსის და ქსოვილების კულტურული ღირებულება შეუფასებელია. მოდა დროის მოცემული მომენტის ყოველდღიური ცხოვრებისა და ყოფის ანარეკლია. შესაბამისად, წარსულის ნებისმიერი პერიოდის ძირფესვიანად შესასწავლად მნიშვნელოვანია ვფლობდეთ ინფორმაციას ქსოვილის, მისი დამუშავებისა და შემდგომი გამოყენების შესახებ. ამისთვის მოდისა და ტექსტილის მუზეუმები საუკეთესო გზაა. მსოფლიოს გარშემო, ისეთ ცნობილ და დიდ ქალაქებში, როგორებიცაა: ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, კიოტო, ძალიან საინტერესო მუდმივ და დროებით გამოფენებს ვხვდებით.
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში, კოსტიუმების მუდმივ გამოფენას ანა ვინტურის სახელი დაერქვა. მასში კოსტიუმისა და აქსესუარების 35,000 ნიმუშია გაერთიანებული, რომელიც 5 კონტინენტსა და 7 საუკუნეს წარმოადგენს. აქ შეძლებთ ნახოთ, როგორც 1884 წელს შექმნილი აბრეშუმის კაბა და 1747 წლით დათარიღებული საქორწინო სამოსი, აგრეთვე დიორის შექმნილი ლეგენდარული “New Look” და კაბა Viktor&Rolf – ის 2010 წლის ზაფხულის კოლექციიდან.
Wedding dress, 1747 Christian Dior BAR dress Silk dress, 1884 Viktor&Rolf, 2010
ლონდონში, Victoria & Albert – ის მუზეუმში, მსოფლიოში მოდის ისტორიის ყველაზე დიდი კოლექცია ინახება. მთავარი ექსპონატები მე-17 საუკუნის სამეჯლისო კოსტიუმები, მე-18 საუკუნის „მანტუას“ კაბები და 1930-იანი წლების საღამოს სამოსია. მუზეუმში ასევე ინახება ინდური, ჩინური და იაპონური ქსოვილის ფართო კოლექცია, ისევე როგორც ალექსანდრ მაკქუინისა და კრისტობალ ბალენსიაგას შექმნილი რამდენიმე საკულტო ლუქი.
BALENCIAGA Alexander McQueen

პარიზის მოდისა და კოსტიუმის მუზეუმი საფრანგეთის დედაქალაქში 1977 წელს დაარსდა, თუმცა მუზუმისთვის კოლექციები 1907 წლიდან გროვდებოდა. აქ ინახება 200,000-მდე ნამუშევარი, რაც კოსტიუმებს, ნაჭრებს, ტილოებსა და ფოტოებს მოიცავს. მუზეუმის მთავარი ფოკუსირება ფრანგული მოდის ტრანსფორმაციაა, 1730-იანი წლების ფრიალა კაბებიდან, ავანგარდულ Comme des Garçons – მდე.
Countess Greffuhl dress Jeanne Lanvin 1937

კიოტოს კოსტიუმის ინსტიტუტში მოდისა და ტექსტილის უდიდესი ისტორია ინახება. დასავლური და აღმოსავლური კულტურების საცავში შეგიძლიათ არა მხოლოდ დაათვალიეროთ მუზეუმის ექსპონატები, არამედ შეიტყოთ მუზეუმის მიერ ჩატარებული კვლევებისა და ისტორიული ფაქტების შესახებ. 13,000 სამუზეუმო კოსტიუმს შორის არის ისეთი დიზაინერების ნამუშევრები, როგორებიც არიან: კოკო შანელი, კრისტიან დიორი, პაკო რაბანი და რეი კავაკუბო.
XIX century fan 1889 century cloth
Bodice, 1660 Paco Rabanne, 1967
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ გვაქვს კოსტიუმისა და ქსოვილის მუზეუმი, ქართული კულტურა ამ მხრივ ძალიან მდიდარი და მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, შუა საუკუნის ქართული ქსოვილების ფიზიკური ნიმუშები საკმაოდ მცირედაა შემორჩენილი, რადგან ისინი რთულად ინახება. ამიტომ ქართული პრინტებისა და ქსოვილების შესახებ ინფორმაციის წყარო მეტწილად ფრესკები, ტილოები, ბარელიეფები და ტექსტური მასალებია. მათი მეშვეობით საკმაოდ ბევრი შეგვიძლია შევიტყოთ, როგორი იყო ქართველი დიდგვაროვნების, ერისკაცებისა თუ სასულიერო პირების კოსტიუმები, გაფორმება და აქსესუარები.
ქართული ტექსტილისა და სამოსის მემკვიდრეობა, უძველესი დროიდან, პეტრე ოცხელის გენიალურ თეატრალურ კოსტიუმებამდე მოყოლებული, უდიდეს მემკვიდრეობას გვიტოვებს, რისი შენარჩუნებაც ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ქართული ნაციონალური სამოსის უნიკალური ნიმუშები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეშია წარმოდგენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელოვნების სასახლეში დაცული ექსპონატები. მათ შორისაა სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილი თამარ მეფის კაბა, რომელზეც გამოყენებულია 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი, 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა, 1956 წელს შექმნილი თავადი ჩოლოყაშვილის მოსასხამი ფილმიდან „ბაში-აჩუკი“ და კიდევ ბევრი შეუფასებელი კოსტიუმი.
„ქართულ ქსოვილში შეიძლება დაინახოთ ვენეციელი დოჟების ქსოვილისათვის დამახასიათებელი ორნამენტი, ასევე სპარსეთის შაჰების გარდერობში არსებული სამოსის და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ორნამენტი. ეს ყველაფერი ქმნის იმ განუმეორებელ ეფექტს, რომელიც მხოლოდ საქართველოშია.“ – ამბობს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ტრადიციული ქსოვილის შესახებ.
Queen Tamar dress


2016 წელს, ხელოვნების სასახლემ, ქართული ტრადიციული ქსოვილის კვლევა დაიწყო. 2 წლის განმავლობაში, მხატვრებმა და მკვლევარებმა საქართველოს ეკლესიები მოიარეს, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი ზუსტად გადმოხატეს და შეისწავლეს. 2018 წელს, გამოიცა წიგნი – „ქსოვილი საქართველოდან”, რომელშიც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე პატერნია თავმოყრილი. წიგნში გაერთიანებული მასალა კარგად ასახავს, თუ რამდენად ფერადი, თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო, თუ სადღესასწაულო სამოსი. ასევე, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდში ჩაცმის კულტურა ქვეყანაში და რა ახდენდა მასზე გავლენას.
ქართული ქსოვილის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობამ, განაპირობა ის, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლის პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის სტრატეგიის საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია მიიღო. “სტრატეგია 21” ევროპის საბჭოს პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, 21-ე საუკუნეში, ისეთი პრაქტიკების შესწავლას და მათ ონლაინ პლატფორმაზე გაზიარებას, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლე პირველი ქართული მუზეუმია, რომელმაც ისტორიული ქართული ქსოვილის წარმოებაც დაიწყო. ხელოვნების სასახლის პირველ სართულზე მოეწყო სივრცე, სადაც ტრადიციული მეთოდით, ძველი ნიმუშების მიხედვით,ხდება ქსოვილის წარმოება.
ქართული ქსოვილის კვლევის და აღდგენის იდეაზე კიდევ ერთი საინტერესო პროექტი – „ქართული ქსოვილი“ დაიბადა. თიბისის მხარდაჭერით, თანამედროვე ქართველ დიზაინერებსა და ბრენდებს საშუალება მიეცათ ტრადიციული ქსოვილით შთაგონებული პროდუქცია შეექმნათ. პატერნები, რომლებიც თავმოყრილია ხელოვნების სასახლის გამოცემულ წიგნში – „ქსოვილი საქართველოდან”, გახდა ნაწილი ქართული წარმოების თანამედროვე სამოსისა, რამაც ტრადიციულ ქართულ ქსოვილს ახალი სიცოცხლე შესძინა.
„ქართული ქსოვილი“-ს ფარგლებში შექმნილი კოლექციების დათვალიერება შესაძლებელია პლატფორმაზე – Qsovili.ge.