კრიტიკა ნებისმიერი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან პირველ რიგში, იგი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, რომელიც თავის მხრივ სკეპტიკურს გვხდის და გვეხმარება ობიექტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, რომელზეც სხვისი აზრი ადვილად ვერ ახდენს ზეგავლენას და მეორე მხრივ – გვეხმარება საკუთარი ნაკლოვანებების აღმოჩენაში, რომელთა აღმოფხვრის შედეგად იბადება პროგრესი, ამიტომ აუცილებელია ადამიანებმა გაიაზრონ, რომ კრიტიკა აუცილებლად “გაკრიტიკებას” არ ნიშნავს და არც პირად შეურაცხყოფად უნდა აღიქვან, არამედ შეხედონ მას, როგორც განვითარების საშუალებას.

საქართველოში არასწორად არის გაგებული ცნება “მოდის კრიტიკოსი”. საზოგადოების არც თუ პატარა ნაწილს მოდის კრიტიკოსობა ყვითელი პრესის ჟურნალისტობა ჰგონია, სადაც ყველა ცდილობს ერთმანეთზე სკანდალური სტატიებისა და ჭორების წერას. ეს დამოკიდებულება შესაძლებელია მოდისადმი ზედაპირული და არასერიოზული მიდგომით აიხსნას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. აუცილებელია ვიაზრებდეთ, რომ რამდენადაც მნიშვნელოვანია ტანსაცმლის ვიზუალური მხარე, ხარისხი, იმდენად მნიშველოვანია მისი არსის ძიება და გამოკვლევა, თუ რის თქმას ცდილობს დიზაინერი, აქვს თუ არა ტანსაცმლით გადმოცემის უნარი და რამდენად აქტუალურია ის, რაზეც საუბრობს.

სუზი მენქისი

ბრიტანელი ჟურნალისტი და მოდის კრიტიკოსი მოდის ინდუსტრიის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხმაა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე. ის მოდის კრიტიკოსებს შორის ვეტერანადაც კი იწოდება, რადგან თითქმის არც ერთ მნიშვნელოვან ჩვენებას არ გამოკლებია, რომელიც უახლოეს 50 წელში გაიმართა. სუზი International Herald Tribune-თან (დღევანდელი ნიუ-იორკ თაიმსი) 25 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და ჟურნალში მოდის კრიტიკოსის პოზიციას იკავებდა. 24 წლის ასაკში სუზი London Evening Standard-ში მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელიც ამერიკული ვოგის ამჟამინდელი რედაქტორის, ანა ვინტურის მამა, ჩარლზ ვინტური იყო. სუზის მოდის კრიტიკოსის პოზიციაზე ისეთ ჟურნალებში უმუშავია, როგორიცაა: Daily Express, The Independent. 2014 წელს კონდე ნასთის (კომპანია, რომელიც ფლობს ვოგს) თავმჯდომარემ სუზი ვოგის საერთაშორისო კრიტიკოსად დანიშნა. სუზის გამორჩეულს მისი ვარცხნილობაც ე.წ “Front Roll”-იც ხდის.

ქეითი ჰორინი

ამერიკელმა მოდის კრიტიკოსმა და ჟურნალისტმა, ქეითი ჰორინმა კარიერა 1986 წელს The Detroit News-ში დაიწყო. მოგვიანებით იგი მოდაზე ჟურნალ “ვაშინგტონ პოსტისთვის” წერდა, რომელიც 1998 წელს ნიუ-იორკ თაიმსისგან მიღებული შემოთავაზების გამო დატოვა. ჰორინი ის მოდის კრიტიკოსია, რომელიც არც თუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და არაერთხელ მოჰყოლია მის შეფასებებს ნეგატიური გამოხმაურება. ჰორინი რამდენიმე დიზაინერმაც კი დაბლოკა თავისი ჩვენებიდან, მათ შორის ჯორჯო არმანიმ, თუმცა მოდის კრიტიკოსთან ყველაზე გახმაურებელი დაპირისპირება ედი სლიმანს ჰქონდა, როდესაც ამ უკანასკნელმა 2012 წელს ქეითი სან ლორანის შოუდან დაბლოკა, ჰორინის მიერ 2004 წელს გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ეწერა:

“რომ არა რაფ სიმონსის მიერ შექმნილი წვრილი სილუეტები და ქუჩის კასტინგი, ედი არ იქნებოდა, ისევე, როგორც არ იქნებოდა რაფ სიმონსი ჰელმუტ ლენგის გარეშე”.

დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ სლიმანის აზრით, სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც წვრილი სილუეტები შემოიტანა მოდაში. არანაკლები გამოხმაურება მოჰყვა ქეითის დაწერილ სტატიას ოსკარ დე ლა რენტას 2013 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე. ჰორინი დიზაინერს “ამერიკული მოდის ჰოთდოგად” იხსენიებდა, რამაც დე ლა რენტას გაღიზიანება გამოიწვია და დიზაინერმა მას WWD-ში გამოქვეყნებული ღია წერილით მიმართა, სადაც მოდის კრიტიკოსს “3 დღის ვადაგასული ჰამბურგერი” უწოდა.

მიუხედავად მსგავსი ისტორიებისა, ჰორინი თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი სტატიები ყოველთვის დროული და მიზანმიმართულია.

Photo by Katy Winn/Getty Images

ტიმ ბლენქსი

ტიმ ბლენქსი ახალი ზელანდიელი მოდის კრიტიკოსია. გამორჩეული ინტელექტის გამო ის უნივერსიტეტში 15 წლის ასაკში მიიღეს. მიუხედავად დღევანდელი პოზიციისა, არასდროს უფიქრია კარიერა მოდისთვის დაეკავშირებინა, მაგრამ შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი კუმირი გაჩნდა. დეივიდ ბოუის გავლენით ტიმს კულტურის მიმართ ინტერესი გაუღვივდა. ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე საკუთარ თავს გამუდმებით ეკითხებოდა: “რა იქნება შემდეგში?” სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ მოდა შესაფერისი სფერო იყო, რადგან ამ ინდუსტრიაში ყოველთვის ისმის: “ეს სეზონიც მორჩა, რა იქნება შემდეგში?” ბლენქსი ისეთი ჟურნალებისთვის წერდა, როგორებიცაა: ვოგი, ინტერვიუ, GQ, Fantastic Man. ტიმი განსაკუთრებით ცნობილია ვიდეო ბლოგებით, რომელსაც ის Style.com-თან თანამშრომლობით იღებდა. ვიდეოები მოდის ინდუსტრიის რეტროსპექტივაა და საინტერესოა, როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ფეშენისტებისთვის. ტიმი ამჟამად Business Of Fashion-ის მთავარი მოდის კრიტიკოსია.

ვანესა ფრიდმანი

სხვა მოდის კრიტიკოსებისგან განსხვავებით, ვანესა ფრიდმანი მოდის ინდუსტრიაში შემთხვევით აღმოჩნდა და როგორც თვითონ ამბობს, ეს ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი შეცდომა იყო მის ცხოვრებაში. ვანესას მოდის მხრივ განათლება მიღებული არ აქვს. ის პარიზში იურიდიულ ფირმასთან ინტერნობის გამო წავიდა, ხოლო, როდესაც ნიუ-იორკში დაბრუნდა, გადაწყვიტა ჟურნალისტობა ეცადა. ცოტახანში ის Vanity Fair-თან და ნიუ-იორკერთან მუშაობდა, ხოლო მოგვიანებით ამერიკულ ვოგში დამხმარე რედაქტორად დაინიშნა, სადაც კულტურის სეგმენტში წერდა.

მოგვიანებით, როდესაც ვანესამ გაიგო, რომ Financial Times რედაქტორებს ეძებდა, გადაწყვიტა საკუთარი ბედი ეცადა. როგორც იხსენებს, Financial Times-ში მომუშავე ქალმა, რომ ნახა ამერიკულ ვოგთან მუშაობდა, მოდურ პიროვნებად ჩათვალა, ამიტომ ჩექმებზე სტატიის დაწერა შესთავაზა, რაზეც ფრიდმანმა უპასუხა, რომ იმ შემთხვევაში დაწერდა, თუ გადაუხდიდნენ. სწორედ ასე დაიწყო მისი კარიერა მოდაში. დღეს, ვანესა ფრიდმანი ნიუ-იორკ თაიმსის მოდის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მოდის მთავარი კრიტიკოსია. ის გამოირჩევა პირდაპირი და პრაგმატული მიდგომებით, რომელიც მოდას სოციალურ კონტექსტში იაზრებს და მხოლოდ ტანსაცმელზე აქცენტით არ შემოიფარგლება.

სარა მაუერი

სარა მაუერი ბრიტანელი მოდის კრიტიკოსი და ჟურნალისტია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია ახალგაზრდა ტალანტების ხელშეწყობით. მოდაში მაუერის კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც ბრიტანული ვოგის ტალანტების კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსის შემდეგ ჟურნალ MS London-ში დაიწყო მუშაობა, საიდანაც გარდიანის რედაქტორად გადაიყვანეს. მოგვიანებით, მაუერი ჰარპერს ბაზარში დაწინაურდა მოდის რედაქტორის თანამდებობაზე, საიდანაც ამერიკულ ვოგშიც აღმოჩნდა.

დღეს სარა ამერიკული ვოგის კრიტიკის ხელმძღვანელია. ის Central Saint Martins- ის მიწვეული პროფესორიც გახლავთ. სარას მიუძღვის წვლილი ისეთი ახაგაზრდა დიზაინერების აღმასვლაში, როგორებიც არიან: კრისთოფერ კეინი, ერდემი, ჯონათან ანდერსონი. მაუერს აღსანიშნი წვლილი აქვს დემნა და გურამ გვასალიების აღმასვლაშიც. ის ერთ-ერთი პირველი დიდი ჟურნალისტი, კრიტიკოსი იყო, რომელმაც გვასალიებს დადებითი შეფასება მისცა.

ალექსანდრ ფიური

ალესანდერ ფიური Financial Times-ში მამაკაცის კოლექციების კრიტიკოსია და მოდის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Another Magazine-ში. ფიურიმ მოდის ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი დაამთავრა მოდის ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, სენტრალ მარტინსში. მას უმუშავია ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა: Vogue, Fantastic Man, 10, 10 Men, Elle და Elle Collections.  ჟურნალმა “ინსთაილ” 2015 წელს ფიური მოდის 20 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

ალექსი განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. მის სტატიებში ყოველთვის იგრძნობა ის პატივისცემა და სიყვარული, რაც მას მოდის ინდუსტრიისა და დიზაინერების მიმართ აქვს. ბრიტანელის ღირსებებს შორის მომავლის განჭვრეტის უნარიც არის. ის პირველი იყო, რომელმაც დემნა გვასალია და ალესანდრო მიკელე, როგორც მოდის ახალი მამოძრავებელი დუეტი, დაინახა და გაართიანა ექსკლუზიური ინტერვიუსთვის. სტატიის გამო ალექსი დააწინაურეს.