გუჩის 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში ბალაკლავები იყო წარმოდგენილი, რომლებმაც საზოგადოაში ‘’Blackface’’-სთან ასოციაციები გამოიწვია. ამას დაემატა გუჩის შავი სვიტრები,  რომლებიც სახის ნახევარს ფარავდა და მასზე დატანილი წითელი ხაზით გამოკვეთდა შავკანიანებისთვის დამახასიათებელ დიდ ტუჩებს. სვიტერები აღქმული იქნა ‘ბლექფეისად.’ Blackface თეატრალური მაკიაჟი იყო, რომელიც თეთრკანიანების მიერ შავკანიანების დასამცირებლად გამოიყენებოდა. ხალხმა ბრენდს ბოიკოტი გამოუცხადა და იმუქრებოდნენ, რომ გარდერობში არსებულ გუჩის ყველა საქონელს დაწვავდნენ. ბრენდმა მაშინვე ბოდიში მოიხადა და სვიტრები გაყიდვიდან ამოიღო. გუჩის აღმასრულებელმა ხემძღვანელმა მარკო ბიზარიმ ვაშინგტონ პოსტთან სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

ბრენდის აღმასრულებელი ხელმძღვანელებისთვის ეს ინციდენტი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან სვიტერები მაღაზიის თაროებზე რამდენიმე თვის განმავლობაში იყო განთავსებული და არცერთი უარყოფითი კომენტარი არ დაუმსახურებია, მაგრამ როგორც ბიზარი ამბობს, იცის რომ ‘’ციფრულ ერაში თუ ვინმე იტყვის, რომ ეს [სვიტერი] ბლექფეისია, მაშინ ის ბლექფეისად გამოცხადდება. რთული იყო იმის ყურება, რომ ასეთმა პატარა რაღაცამ ყველაფერს, რისიც გვწამს, საფრთხე შეუქმნა.’’

მარტში გუჩიმ 10 მილიონინი ინვესტიცია ჩადო მრავალფეროვნებაში. ბრენდმა  დაანონსა სტიპენდიები  დიზაინის განხრით, რომლის შედეგადაც ბრენდი რომის სტუდიაში 5 ყველაზე გამორჩეული ნიჭის მქონე განსხვავებული წარმომავლობის ადამიანს დაასაქმებს. კომპანიამ 5 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის 10 სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივ გაერთიანებებს დააფინანსებს. ახლა კომპანიაში დასაქმებულებს შეუძლიათ მოხალისეებად წასვლა. ბრენდმა მრავალფეროვნების საერთაშორისო ხელმძღვანელი აიყვანა და ნაომი ქემბელის მონაწილეობით საკონსულტაციო საბჭო შექმნა.

‘’ვფიქრობ, ხალხის მხრიდან სასაცილო იყო იმის თქმა, რომ [გუჩის] სამოსს წვავდნენ. არ დაწვათ თქვენი სამოსი. ეს გამიზნული არ ყოფილა’’ – განაცხადა ნაომი ქემბელმა. მოდელმა ისიც დაამატა, რომ გუჩის ინვესტიციები აფრიკაში პოზიტიური ნაბიჯია და თუ ბევრ ქვეყანაში ადრე ფეხბურთი წარმოადგენდა ესკაპიზმის ფორმას, ახლა მას მოდა და შემოქმედებითობაც ითავსებს.

2015 წელს, როდესაც გუჩის შემოქმედებით ხელმძღვანელად ალესანდრო მიკელე დაინიშნა, ბრენდმა არასტანდარტული სილამაზით, მრავალფეროვანი კასტინგითა და რეკლამებით მიიქცია ყურადღება

‘’როდესაც გუჩიზე ფიქრობ, წარმოიდგენ მდიდრებს, ბურჟუებს, რეპს და შავკანიანებს. ეს ბრენდის ისტორიაა. გუჩი ნახევრად შავკანიანია’’ – ამბობს ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელე.

ბიზარიმ განაცხადა, რომ არავინ იცის თუ როგორ მოხდა ეს, როგორ მიაღწია სვიტერებმა ბაზარს და აღიარა, რომ ბლექფეისის შესახებ არ იცოდა. ‘’ჩემთვის მარტივი იქნებოდა მეთქვა, ‘კარგი, ვინ დაუშვა შეცდომა? სამსახურიდან გაგიშვებ, რომ ჩემი თავი გადავირჩინო’. თუ ჩვენ შევცდით, მე ვიყავი ის, ვინც შეცდომა დაუშვა’’

გუჩის კომერციულ წარმატებაში ბიზარიმ უდიდესი წვლილი შეიტანა. დღეს ბრენდების მფლობელი კომპანიები ძირითადად ორიენტირებულნი არიან გაყიდვებზე და არა შემოქმედებითობაზე, ამიტომ დიზაინერები შეზღუდულები არიან თავიანთ საქმეში, ისინი იძულებულნი არიან იმ პროდუქტის შექმნაზე კონცენტრირდნენ, რომელიც უკეთ გაიყიდება და შესაძლოა შემოქმედებითად ნაკლებად ღირებული იყოს, გუჩი დღეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის შემთხვევაშიც დიზაინერსა და აღმასრულებელ ხემძღვანელს ერთმანეთის კარგად ესმით, ბიზარი ყველანაირად ცდილობს ალესანდროს შემოქმედებითი თავისუფლება შეუნარჩუნოს. ახალ ინტერვიუში ის ამ საკითხსაც ეხება: ‘’ალესანდროს კრეატიულობას მოვკლავ თუ გალიაში დავატყვევებ. თუ ჩვენ შევწყვეტთ ვიყოთ შემოქმედებითები, რადგან გვეშინია შეცდომის დაშვების, რა მოუვა კომპანიას?’’

დღეს უკიდურესად სენსიტიურ სამყაროში ვცხოვრობთ. სოციალური მედიის როლის ზრდამ თუ რამე პოზიტიური ცვლილება მოახდინა მოდაში, პირველ რიგში, არის ის, რომ ყველა ადამიანს აქვს ხმა, მაგრამ მეორე მხრივ რამდენად კარგია ნებისმიერი ადამიანის აზრს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდეს, რომ ბრენდის იმიჯი დააზარალოს? მოდა და ზოგადად ხელოვნება გვიყვარს იმიტომ, რომ ამ სფეროებში ხელოვანებს აქვთ თავისუფლება, მათ შეუძლიათ იყვნენ პროვოკაციულები, სკანდალურები, არასწორად გაგებულნი, დღეს კი დიზაინერებს უწევთ იფიქრონ არამხოლოდ კრეატიულობაზე, არამედ პოლიტკორექტულობაზე. ახლა იმაზეც უნდა დაფიქრდნენ შეურაცხყოფენ თუ არა ვინმეს  თავიანთი შემოქმედებით, რაც, რა თქმა უნდა, მათ კრეატიულ თავისუფლებას ზღუდავს. რას ფიქრობს ამ ყველაფერზე მარკო ბიზარი?

‘’დღეს რაც არ უნდა გავაკეთოთ, ხალხი მაინც გააკრიტიკებს. ზოგიერთი იტყვის, რომ საკმარის ძალისხმევას არ ვიჩენთ. ყველას ვერ დავაკმაყოფილებ. გუჩი მექანიკა არ არის, ის ადამიანურია’’.

ინტერვიუში ისაუბრა გუჩის მფლობელი კომპანიის, ქერინგის უფროსმა, ფრანსუა პინომაც, რომელმაც განაცხადა, რომ რომში, მილანსა და პარიზში ესმის რატომაც ვერავინ შენიშნა ‘blackface’, მაგრამ გაკვირვებულია, რომ ამერიკაში დასაქმებულმა კომპანიის წევრებმაც ვერ აღიქვეს სვიტერი ‘ბლექფეისად’.

დღეს ძალიან მარტივია რაღაც შეურაცხყოფად იქნას მიღებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარმოდგენა არ აქვთ ადამიანებს, თუ რა შეიძლება იდგეს პროდუქტის მიღმა. ალესანდრომ ვოგთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნიღბის შექმნისას მისი შთაგონება 80-იანების კლუბის გურუ და დიზაინერი Leigh Bowery იყო და ‘’blackface’’-ის შესახებ არაფერი იცოდა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დიზაინერებმა გააცნობიერონ, რომ ყველასთვის სასურველ პროდუქტს ვერ შექმნიან და ყველას მსოფლმხედველობას ვერ გაითვალისწინებენ. ერთი რამ კი ნათელია – დღეს პოლიტკორექტულობა კრეატიულობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

(Jonas Gustavsson/MCV Photo for The Washington Post)