მოდაში შეჯიბრი და ექსკლუზიურობა მყარად გამჯდარი მცნებებია. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კონკურენტი მოდის სახლები და კომპანიები ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდებოდნენ. თუმცა, თანამედროვე სამყაროს საჭიროებებიდან გამომდინარე, მოდის ინდუსტრიამ კარდინალურად შეცვალა მიდგომა.
მიუხედავად მომხმარებლების მდგრადი მოდის მიმართ მოთხოვნილებისა და გარკვეული კომპანიების მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, კვლევებმა აჩვენა, რომ მოვლენები საკმარისად სწრაფად არ ვითარდებოდა. Global Fashion Agenda-ს შეფასებით, სამოსის წარმოება 2030 წლამდე 81%-ით გაიზრდება, რაც საგრძნობლად შეუშლის ხელს ყველა მისწრაფებას, რომლისკენაც მოდის ინდუსტრია იღწვის. აქედან გამომდინარე, შეიქმნა რამდენიმე წამოწყება; მაგალითად, 2019 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა “მოდის პაქტს”, რომელიც კომპანიების გენერალური დირექტორების ერთგვარი კოალიციაა და ემსახურება მათ გაერთიანებას გარემოს დაცვისა და მდგრადობის იდეის გარშემო. კოალიციის სათავეშია კომპანია ქერინგი და მასში შედიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: PVH Corp, Ralph Lauren, Capri Holdings, Adidas, Nike, Nordstrom, Farfetch, Inditex და H&M.

ქერინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანსუა-ჰენრი პინომ აღნიშნა, რომ “მარტო მუშაობის რეზულტატები საკმარისი არ არის. ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ერთად უნდა ვიმუშაოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავინახავთ შედეგებს. მახსენდება ძველი ანდაზა: თუ გსურთ სწრაფად იაროთ – იარეთ მარტო, თუ გსურთ შორს წახვიდეთ – იარეთ ერთად.”
გუშინ Apparel Impact Institute-მა დააანონსა ახალი პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტელა მაკარტნი, ბარბერი და ქერინგი. არაფორმალურად მას “იტალიის პროექტი” ეწოდება და ის ემსახურება იტალიის წარმოების გაუმჯობესებას. შეიქმნება პლატფორმა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს მწარმოებლებს, შექმნის გარემოს დაცვის პროგრამებს და განსაზღვრავს მათ შედეგებს. ბრენდები და მათი ქარხნები ითანამშრომლებენ წარმოების საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებაზე, რაც მოიცავს ენერგიისა და წყლის დაზოგვას.

“მოდის სახლები წარსულში საიდუმლოდ ინახავდნენ თავიანთი პროვაიდერების შესახებ ინფორმაციას”, ამბობს ლუის პერკინსი, AII-ს პრეზიდენტი, “ამ პროექტის მეშვეობით, სტელა, ბარბერი და ქერინგი დანერგავენ სიახლეს ინდუსტრიაში და გამჭვირვალედ იმუშავებენ თავიანთ ქარხნებთან და პროვაიდერებთან. ძალიან მოხარული ვარ, რომ პანდემიის პერიოდშიც კი, კომპანიებმა გადაწყვიტეს ამ მიმართულებით მუშაობა.”
გეგმის მიხედვით, პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში იფუნქციონირებს და გააერთიანებს 20 ობიექტს იტალიაში. პერკინსის თქმით, ისინი აპირებენ ითანამშრომლონ ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციასთან, რათა შექმნან ნახშირბადის გამოყოფის მინიმიზაციის გრძელვადიანი სქემა.