გთავაზობთ, Fashionholics Online -ის და Phubber-ის, ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, გამოცხადებული საავტორო სტატიების კონკურსის რჩეულ სტატიებს.

თემა: მდგრადი მოდა – სეზონური ტენდენცია თუ ცხოვრების სტილი?

ავტორი: თეონა კარანაია.


ბოლო რამდენიმე წელია, რაც ეთიკური და მდგრადი მოდის შესახებ მსჯელობა გააქტიურდა. სოციალურ ქსელში, ხშირად შეხვდებით საინტერესო ფაქტებსა და საშიშ სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რა ზიანს უქმნის მოდის ინდუსტრია სამყაროს და რისი გაკეთება შეგვიძლია ამის აღსაკვეთად. ფაქტია, დღესდღეობით, მოდაშია ვინტაჟური სტილი, შოპინგი მეორეული ტანსაცმლის მაღაზიებში და ე.წ. “Thrift Flipping” – ძველი ტანსაცმლისადმი ახალი სიცოცხლის მინიჭება. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიდგომა დროებით გატაცებად არ დარჩეს, რადგან მოდის მდგრადობა არა ტრენდი, არამედ ჭარბწარმოების პროცესის შესაჩერებელი ერთ-ერთი მთავარი პრევენციაა. იმისათვის, რომ ეს თემა ხანმოკლე ტენდენციების რიცხვს არ შეემატოს, საჭიროა უკეთ გავიგოთ მისი არსი და ჩავუღრმავდეთ პრობლემებს.

მდგრადი მოდის პრაქტიკის საბოლოოდ დამკვიდრებას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჭარბწარმოებაა, რომელიც თანამედროვე სამყაროს გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ჭარბწარმოების პროცესში ჩართულია მოდის ორივე მახარე, როგორც მაღალი მოდის სახლები, ისე მასობრივი მოხმარების მაღაზიები (ე.წ. მასშოპები). საკითხის უფრო ნათელსაყოფად მხოლოდ იმის გახსენაბაც საკმარისია, რომ დღესდღეობით, მოდის სახლები, საშუალოდ, წელიწადში ოთხჯერ უშვებენ კოლექციებს: გაზაფხული/ზაფხული, შემოდგომა/ზამთარი, წინა-საგაზაფხულო და წინა-საშემოდგომო. ახალი კოლექციის გამოსვლასთან ერთად, იქმნება ახალი ტენდენციები, რომლებსაც სოციალური ქსელების საშუალებით, წარმატებით ეწევა პოპულარიზაცია, შედეგად კი, მომხმარებელს უჩნდება გრძნობა, რომ მას რაღაც ახალი სჭირდება, მისი გარდერობი მოძველდა და საჭიროებს განახლებას. სწორედ ამის შედეგია, რომ ყოველდღიურობაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი, საკუთარ გარდერობში არსებული ტანსაცმლის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს.

ამასთან, როგორც ლუქს, ასევე ე.წ. სწრაფი მოდის ბრენდები ცდილობენ შექმნან განწყობა რომ თქვენი ტანსაცმელი მოძველდა, მათი კამპანიები გაჯერებულია იმ პათოსით, რომ თუ ახალი კოლექციის ტანსაცმლით შეიმოსებით, თქვენ ყველაზე მშვენიერი და სასურველები იქნებით, რაც ცხადია  სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა ფაქტია, კონსუმერიზმის პრინციპებზე დამყარებული კამპანია სამომხმარებლო ბაზარზე ეფექტურად მუშაობს.

მდგრადი და ეკომეგობრული მოდის ხელისშემშლელ ფაქტორთა შორის არის ხელმისაწვდომი ტანსაცმელიც, რომელსაც მასობრივი მოხმარების ტანსაცმლის ბრენდები გვთავაზობენ. ერთის მხრივ, მათი მუშაობა შეიძლება დადებითად შეფასდეს, რადგან ძვირადღირებული ბრენდების მიმსგავსებული სტილის შექმნით, ტენდენციურ ტანსაცმელს ხელმისაწვდომს ხდიან. თუმცა ეს მიზანი, რამდენადაც კეთილშობილურად არ უნდა მოგვეჩვენოს, არ ამართლებს საშუალებას.

Oxfam Made in Poverty Report– ის ცნობით, ბანგლადეშში, ათიდან 9 გამოკითხული ადამიანი, რომელიც ტანსაცმლის წარმოებაში მონაწილეობს, ვერ ახერხებს თავისთვის და საკუთარი ოჯახისთვის საკვების ყიდვას. როდესაც სწრაფი მოდის ბრენდებში ტანსაცმელს ძალიან იაფად ვყიდულობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ეს ნივთები ჩვენამდე მოვიდოდა, ვიღაცის შრომითი უფლებები მრავალმხრივ დაირღვა. ცხადია, ეს ვერ იქნება ეთიკურად და მორალურად გამართულებული.

მნიშვნელოვანი საკითხია მასალაც – ტანსაცმლის წარმოებაში გამოყენებული მასალა გარემოს დაბინძურების განმაპირობებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მაგალითად, დაახლოებით 7.000 ლიტრი წყალია საჭირო ერთი ჯინსის შარვლის საწარმოებლად. ამ რაოდენობის სასმელი წყალი კი, ერთ ადამიანს ხუთიდან-ექვს წლამდე ჰყოფნის. ეს რიცხვები, მსოფლიოში სასმელი წყლის პრობლემების ფონზე, შემაშფოთებლად ჟღერს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელმისაწვდომი სამოსის შესაღებად უხარისხო საღებავები გამოიყენება, ეს საღებავები კი შემდგომ მდინარეებსა და ზღვებს აბინძურებს. ჩინეთში, ტანსაცმლის ქარხნებში დასაქმებული ადამიანები, ხშირად ხუმრობენ, რომ მათ შეუძლიათ მდინარეების ფერის მიხედვით გითხრან თუ რა ფერი იქნება შემდეგ სეზონზე ტენდენციური. ამასთან ერთად პოლიესტერი, რომელიც ხელმისაწვდომი ტანსაცმელების მთავარი მასალაა, გარემოს  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია. ABC-ის ცნობით, პოლიესტერისგან დამზადებული ტანსაცმელი ნიადაგში 200 წელზე მეტხანს ნარჩუნდება, რაც, ბუნებრივია, ნიადაგის ნაყოფიერებაზე ცუდად აისახება.

საკითხი ნამდვილად მწვავეა, თუმცა არც ისე ტრაგიკული, რადგან ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამ პროცესის კონტროლის სადავეები მომხმარებლებს და მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანების უპყრიათ. პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ არის ერთი, ან რამდენიმე ადამინის მისწრაფება, ეს ისეთი მასშტაბური უნდა გახდეს, როგორიც ბალენსიაგას ,,Dad sneakers” ან პრადას ,,Cleo bags” იყო. ყველაფერს თანმიმდევრული სახე უნდა მიეცეს, ჯერ საკუთარი ჩვევების შეცვლით დავიწყოთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ძველი ტანსაცმელი წლობით გვედოს კარადაში, შემდეგ კი სანაგვეზე მოვისროლოთ, უმჯობესი იქნება თუ მას ახალ სიცოცხლეს მივანიჭებთ.

გვახსოვდეს, რომ ყოველთვის იარსებებს ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩვენი ძველი ტანსაცმელი გამოადგება და დასჭირდება. ასე რომ, ძველ აქსესუარებს, სამოსსა და ნივთებს დიდი ხნით გარდერობში ნუ დავაყოვნებთ, გავუზიაროთ მეგობრებს ან სულაც გავყიდოთ. მეორე მხრივ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ შოპინგს გადავწყვეტთ, ვეცადოთ მეორეულ მაღაზიებსაც ვეწვიოთ, იქნებ იქ იმალება ის ერთადერთი, რაც ჩვენს სტილს შეეფერება. ყველაფერთან ერთად გვახსოვდეს, რომ ამგვარი ქცევა არ უნდა იყოს დროებითი, არამედ ის ჩვენი ცხოვრების წესად უნდა მივიღოთ.