13 წლის შემდეგ ის საზოგადოებას თავის შემოქმედებას კვლავ წარუდგენს. და მისი მოდიდან წასვლის შემდეგ ეს პირველად ხდება. მარტინ მარჯიელა დაბრუნდა, თუმცა ამჯერად არა როგორც დიზაინერი, არამედ – არტისტი.

2019 წლის ბოლოს Reiner Holzemer-ის ფილმი გამოვიდა – „მარტინ მარჯიელა თავისივე საკუთარი სიტყვებით,“ რომელშიც გენიალურმა დიზაინერმა პირველად და ნამდვილად დაარღვია საჯაროდ დუმილი და სრულად დაგვიხატა იდუმალი მარტინ მარჯიელას პორტრეტი, თანაც ისე, რომ თავისი ანონიმურობა შეინარჩუნა.

გარდა იმისა, რომ დოკუმენტურ ფილმში ლეგენდარული ბელგიელი დიზაინერი ქრონოლოგიურად განიხილავს თავის შემოქმედებასა და მოდის ინდუსტრიაში შექმნილ ბრწყინვალე კარიერას, ის თავის ბავშვობაზე, დიზაინერობის მიმართ თავდაპირველად გაჩენილ ინტერესსა და ამ საქმიანობის შეწყვეტის მიზეზებზეც საუბრობს. ამასთანავე, რამდენიმე სიტყვით გვიქმნის წარმოდგენას თუ როგორია მოდის სამყაროს ჩამოშორებული მარჯიელას ცხოვრება:

„დღეს მე ვხატავ, ვაქანდაკებ, შემოქმედებით საქმიანობას ვეწევი, რაც ძალიან მიყვარს. მომწონს ჩემთვის ყოფნა, როცა გარშემო არავინ არის; მხოლოდ მე და ჩემი თავი. ჩემთვის ვქმნი. სამუშაოდ კი სეზონები აღარ არის.“

Maison Martin Margiela SS 1996 © MARGIELA.ARCHIVES

ფილმის გამოსვლიდან მალევე, 2020 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზში მარტინ მარჯიელას, როგორც არტისტის სადებიუტო გამოფენის მოწყობა იგეგმებოდა. ის Lafayette Anticipations-ში გასული წლის აპრილში უნდა გახსნილიყო.

„ეს გამოფენა წარმოაჩენს იმ აზრს, რომ მარტინ მაჯიელა ყოველთვის არტისტი იყო, რომლის შემოქმედებაც მუდმივად ვითარდება, ხელოვნების სამყაროში თუ მის გარეთ,“ – აღნიშნული იყო Lafayette Anticipations-ის წარმომადგენლის განცხადებაში.“ ის ყოველთვის ახლებურად გვანახებს რაღაცებს. ნორმების გვერდის ავლით, ის თავდაჭერილი ადამიანების, მიტოვებული ობიექტების, მივიწყებული ადგილების და შემთხვევების მიმართ ობსესიას ანვითარებს, მათ ახალ დიდებას სძენს.“

პანდემიის გამო გამოფენა “Martin Margiela”-ს გახსნის თარიღმა გადაიწია და მისი ხილვა დღეიდან არის შესაძლებელი.

“ისევე როგორც მარჯიელას სამოსი, რომელიც არატრადიუცილი მასალებისა და მიდგომების საშუალებით მშვენიერებაზე არსებულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდა, გამოფენა ბანალურობის გარშემო გაოცების განცდას 40 სკულპტურის, კოლაჟების, ნახატების, ინსტალაციების და ფილმების საშუალებით ბადებს,” – ვკითხულობთ The New-York Times-ის სტატიაში. “თითქოს მარჯიელა მსოფლიოს ფოტოგრაფიული ნეგატივის ობიექტივიდან უყურებს და ცდილობს ჩვენი ყურადღება ისეთ დეტალებზე გაამახვილოს, რომლებსაც უმეტესობა ჩვენგანი ვერასდროს ვამჩნევთ და მათზე აზრის ხელახლა შექმნას გვთხოვს.”

© Lafayette Anticipations / Artnet

მართალია მარტინი თავის კრეატიულ რესურსს ახლა ხელოვნების სხვა დარგებს ახმარს, მაგრამ მისი პერსონა ისევ ისეთი იდუმალებით მოცული რჩება, როგორიც მისი მოდაში ყოფნისას და არც ახლა, 64 წლის ასაკში გეგმავს ხალხის წინაშე გამოჩენას. განცხადებასაც ელექტრონული ფოსტის საშუალებით ავრცელებს, რომელშიც თავის ახალ როლზე წერს:

“მოდით ჩემი ცხოვრების ადრეული ეტაპიდან გავხდი შეპყრობილი და საკუთარი ხედვა მისი ყველაზე კონცეპტუალური გზით წარმოდგენით განვავითარე. მჭირდებოდა, რომ ახალი მედიუმები აღმომეჩინა, გამომეცადა შემოქმედება საზღვრების გარეშე.”

გამოფენაზე ყველა ნამუშევარი გასაყიდად არის წარმოდგენილი. ფასები 10,000-დან 120,000 ევრომდე მერყეობს. 

“Red Nails,” 2019 © Andrea Mantovani / The New York Times
“Vanitas,” 2019 © Andrea Mantovani / The New York Times

“ეს შოუ დროსთან არის კავშირში – დროის სვლასთან, იმ გზებთან, რომელთა საშუალებითაც დროს წინააღმდეგობას ვუწევთ ან მას ვეგუებით,” – ამბობს გამოფენის კურატორი Rebecca Lamarche-Vadel. “მარტინს სურდა, თავი აერიდებინა ისეთი რამის შემოთავაზებისგან, რაც მის მოდასთან იქნებოდა ასოცირებული.”

გამოფენა “Martin Margiela”-ს მონახულება შესაძლებელი იქნება 2021 წლის 20 ოქტომბრიდან 2022 წლის 2 იანვრის ჩათვლით.