თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მარია გრაცია ქიური დიორის რესორთ კოლექციას მარაქეშში წარადგენდა. შეუძლებელია მარაქეშის ხსენებისას ივ სან ლორანი არ გაგვახსენდეს. სან ლორანმა კარიერა დიორში დაიწყო. 1957 წელს, როდესაც კრისტიან დიორი გარდაიცვალა, ლეგენდარული დიზაინერი 21 წლის სან ლორანით შეცვალეს. 1960 წელს ივ სან ლორანმა მარაქეშის სახელობის ჟაკეტი შექმნა. აქედან გამომდინარე, მარია გრაციას ეს გადაწყვეტილება სან ლორანის დიორისადმი პატივიცემის გამოხატვადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ჩვენება მე-16 საუკუნეში აგებულ ელ ბადის სასახლეში გაიმართა. მოდელები სასახლის ეზოში მდებარე უზარმაზარი აუზის გარშემო მოძრაობდნენ, რომლის ზედაპირი ასობით მოტივტივე ჩირაღდნებითა და კოცონით იყო განათებული.
კოლექცია 113 ლუქისგან შედგებოდა. რა თქმა უნდა, კოლექციას ქიურისთვის დამახასიათებელი სილუეტების გარეშე არ ჩაუვლია,რომელთა სხვადასხვა ვარიაციების ყოველ სეზონზე ვხვდებით, ამჯერად ისინი სხვადასხვა პრინტებში იყო შესრულებული.
კოლექცია პრინტების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა, რომლებიც ტიულეს ნაჭერთან იყო შეხამებლი. სამოსი ცვილის პრინტიანი ბამბის ქსოვოლისგან დამზადდა. ეს მატერია დასავლეთ აფრიკის კულტურისთვისაა დამახასიათებელი. აფრიკული ცვილის პრინტები არავერბალური კომუნიკაციის ნაწილია ქალებში, რადგან თითოეულ პრინტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ისეთ სენსიტიურ რეალობაში, სადაც მარკ ჯეიკობსის 2017 წლის გაზაფხულის ჩვენებაში თეთრკანიანი მოდელების დრედებით გამოჩენა კულტურულ მისაკუთრებად ჩაითვალა და საზოგადოების კრიტიკა მოყვა, გამოიყენო აფრიკული კულტურისთვის დამახასიათებელი პრინტები გაბედული ნაბიჯია. მარია გრაცია ქიურის, როგორც დიზაინერს შესაძლოა დიორის სახლისთვის საკმარისი შემოქმედებითი ნიჭი ვერ დავაბრალოთ, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჭკვიანი დიზაინერია.
”ამ მომენტში, ზედმეტი კონცენტრაცია ხდება კულტურულ მისაკუთრებაზე, ვფიქრობ, უნდა ავხსნათ ხელობა როგორ მოგზაურობს სამყაროს გარშემო, თუ რატომ არის რთული პირველწყაროს პოვნა. ცვილის პრინტები ევროპაში გაჩნდა და შემდეგ აზიაში გავრცელდა, მოგვიანებით კი აფრიკაში. გვინდა ჩვენი მემკვიდრეობა ავამოძრაოთ თანამედროვე გზით და მას განსხვავებული დამოკიდებულება მივცეთ, ამ მატერიას კი ეს შეუძლია” – მარია გრაცია ქიური
იმისთვის, რომ ჩვენება კულტურულ მისაკუთრებად არ მიეჩნიათ, მარია გრაცია ქიურიმ კოლექციის შესაქმნელად ადგილობრივ ხელოვანებთან ითანამშრომლა. აფრიკელ-ამერიკელმა არტისტმა, მიკელინ თომასმა დიორის საკულტო ‘’ბარ ჟაკეტისა’’ და ‘’ახალი ლუქის’’ ქვედაბოლოს თავისებური ვერსია შემოგვთავაზა, სამხრეთ აფრიკელმა ზედების შემქმნელმა, Pathé’O-მ ნელსონ მანდელათი ინსპირერბული ზედები შექმნა, ხოლო შოუს დეკორაციებისთვის კი ქიურიმ მაროკოელ ქალ ხელოსნებთან ითანამშრომლა.
კოლექციაში გარდა პრინტებისა ვხვდებით დენიმისგან შექმნილ და ქუჩის სტილისთვის დამახასიათებელ ლუქებს, ასევე ტიულეს თეთრი ნაჭრისგან შექმნილ კაბებს.
ჩვენება საღამოს კაბებით დასრულდა, რომლებსაც ახლო მომავალში წითელ ხალიჩაზე აუცილებლად ვიხილავთ. ამ კოლექციაში ქიურის ფემინისტური წარწერების მქონე ზედებს არ ვხვდებით და დიახ, კოლექციის მთავარი თემა ზედაპირული ფემინიზმი არ არის, თუმცა ქიური კვლავ აქტუალურ თემას – მრავალფეროვნებას ეხება.