დეკორატიული კოსმეტიკა თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  და მაღალშემოსავლიანი ინდუსტრია შექმნა. ადამიანების უმეტესობა ყიველდღიურად იყენებს სხვადასხვა პროდუქტს, რომელთა თავდაპირველი ვერსია უძველესმა ცივილიზაციამ შექმნა. დეკორატიული  საღებავებით სახის მოხატვის ტრადიცია ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როცა უძველესი ტომები რელიგიურ რიტუალებს  მართავდნენ. მოგვიანებით, როცა შეიქმნა სახელმწიფოები, იმპერიები და ადამიანები გარკვეულ საზოგადოებრივ წყობაზე გადავიდნენ, კოსმეტიკამ უფრო მრავალმხრივი მნიშვნელობა შეიძინა – მათ შორის იყო კლასობრივი კუთვნილების გამოხატვა. 

Fashionholics Online ქართველ ვიზაჟისტ ქეთო ჩანთაძესთან ერთად, მაკიაჟის ეპოქალურ ისტორიაზე ყველაზე თვალსაჩინო გზით მოგიყვებათ. ქეთოს ჩვენი მკითხველი სხვა სტატიებიდანაც იცნობს. ის საქართველოში მოღვაწე ვიზაჟისტია, რომელმაც განათლება ჰოლივუდის Cinema Makeup School-ში მიიღო. ამჯერად, წარმოგიდგენთ მის ახალ პროექტს, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენების ტრენდების გაცოცხლებას გულისხმობს. ეს არის ვიზუალიზაცია იმისა, თუ საიდან დაიწყო მაკიაჟი,  როგორ ვითარდებოდა და ამ განვითარების პროცესში, როგორ ცვლიდა მოდის ტენდენციებს. პირველი თემატური მაკიაჟი, რასაკვირველია,  ეგვიპტეს მიეძღვნა.

მაკიაჟის არტისტი/ მოდელი: ქეთო ჩანთაძე
ფოტო რედაქტირება: ქეთო ჩანთაძე

კოსმეტიკა, როგორც სილამაზისა და თავის მოვლის საშუალება, ყველაზე მეტად ასოცირდება ეგვიპტურ კულტურასთან. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 10,000 წლის წინ, ეგვიპტელი დიდგვაროვნები ეთერზეთების საშუალებით უვლიდნენ კანს. გარდა ვიზუალური სილამაზისა, მას ეგვიპტის ცხელი მზისა და ქარებისაგან კანის დაცვისათვის, ასევე ინფექციებისაგან თავდასაცავად გამოიყნებდნენ. 

მაკიაჟის არტისტი/ მოდელი: ქეთო ჩანთაძე
ფოტო რედაქტირება: ქეთო ჩანთაძე

ოდნავ მოგვიანებით კი, ფარაონებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბუნებრივ პიგმენტებს დეკორატიული დატვირთვა მოუძებნეს და ასე გაჩნდა მაკიაჟი ძირითადად იმ გაგებით, რომელიც მას დღეს აქვს. ეგვიპტელები სხვადასხვა ნივთიერების დაჟანგვითა და წვით მიღებულ მასალას(kohl) გამოიყენებდნენ, როგორც თანამედროვე ლაინერს, ტუშს. ეგვიპტური მაკიაჟის ერთ-ერთი გავრცელებული ტრენდი ამ უძველესი ლაინერით ნუშის ფორმის თვალის შექმნა იყო. ეგვიპტელები, როგორც ქალები, ასევე კაცები სახეზე ფერუმარილის და ტუჩსაცხის  ეფექტით იყენებდნენ ნატურალური ნივთიერებებისაგან დამზადებულ წითელ პიგმენტებს. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში, გარდა ვიზუალური ეფექტისა, დეკორატიული კოსმეტიკის სახეზე, სხეულზე გამოყენებას რელიგიური და რიტუალური დატვირთვაც ჰქონდა. საზოგადოების ფენების კლასიფიკაციაც სწორედ მაკიაჟის მეშვეობით ხდებოდა. 

ქეთო ჩანთაძის სხვა ნამუშევრების სანახავდ ეწვიეთ მის ინსტაგრამის გვერდს.