პანდემიის დროს, როცა მომავალი ასეთი ბუნდოვანია, მოდის ინდუსტრია ალტერნატიული გზების ძიებას იწყებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არავინ იცის როდემდე გაგრძელდება არსებული ვითარება, ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების უბრალოდ გაუქმება არაერთი მიზეზის გამო საუკეთესო არჩევანი ვერ იქნება. მაშინ როდესაც დიდ ბრენდებს გადარჩენის შანსი აქვთ, პატარა ბრენდებს გაქრობის საფრთხე ემუქრებათ. მათ დასახმარებლად ამერიკულმა და ბრიტანულმა მოდის საბჭოებმა უკვე შექმნეს ფონდები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მათ ჩვენთვის ისტორიები აქვთ მოსაყოლი, ამისთვის კი შესაბამისი პლატფორმა სჭირდებათ. როგორ შეძლებენ ამას ფიზიკური დისტანციის დაცვის აუცილებლობის პირობებში? ნუ დაგვავიწყდება, რომ ციფრულ ერაში ვცხოვრობთ, შესაბამისად სოციალური კავშირის შენარჩუნება ფიზიკური დისტანციის დაცვითაც შეგვიძლია.

მოდის კვირეულები თითქმის ყველგან ტარდება, მაგრამ ხილვადობით და გავლენით განსაკუთრებით ოთხი ქალაქი გამოირჩევა: ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი და პარიზი. ამ ოთხ ქალაქს შორის კი ლონდონი შეგვიძლია ყველაზე ექსპერიმენტულად მივიჩნიოთ. ის ასევე ახალგაზრდა ტალანტებს თავის გამოვლენის ყველაზე დიდ შანსსაც აძლევს. ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, რომ ივნისში დაგეგმილი ლონდონის მამაკაცის მოდის კვირეული მაინც ჩატარდება მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ამჟამად კარანტინში იმყოფება. ეს, ბუნებრივია, არატრადიციული ფორმით მოხდება.

LFW Mens: Wales Bonner Fall 2020 © Vogue Runway

მთელი მოდის კვირეული ციფრულ პლატფორმაზე გადაინაცვლებს. მსგავსი პრაქტიკა უკვე დანერგეს შანხაიში, ტოკიოსა და მოსკოვში, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ლონდონს მოწინავე როლი აქვს იმ ქალაქებს შორის, სადაც მოდის კვირეული ტარდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს მისი ეს ნაბიჯი განსაკუთრებულ აღნიშვნას. ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლაივ-რეჟიმში შეეძლებათ თვალი ადევნონ შოუებს, თუმცა, მოგეხსენებათ, მოდის კვირეული მარტო ჩვენებები არ არის. ონლაინ პლატფორმაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ინტერვიუები და პოდკასტები. ციფრული გახდება შოურუმებიც. და ეს ყველაფერი არ არის.

LFW Mens: Martine Rose Fall 2020 © Vogue Runway

ლონდონის დაგეგმილ მოდის კვირეულზე სქესთა შორის არსებული საზღვრები იშლება. ჩვენებები გენდერ-ნეიტრალური იქნება და ქალის, მამაკაცის, უნისექს კოლექციებს გააერთიენებს. ამასთანავე, შენარჩუნებული იქნება მდგრადობასთან დაკავშირებით დანერგილი პრაქტიკები.

აუცილებელია მომავლის რწმენა, ცვლილების შესაძლებლობის გამოყენება, თანამშრომლობა და ინოვაციები. ბევრი ჩვენი ბიზნესისთვის ლონდონის მოდის კვირეული ღირებულია არამარტო როგორც მოდის პლატფორმა, არამედ თავისი გავლენის გამოც, რომელსაც საზოგადოებაზე, იდენტობასა და კულტურაზე ახდენს. მიმდინარე პანდემია კიდევ უფრო მეტად მოითხოვს ჩვენგან, ავირეკლოთ საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ, ის თუ როგორ გვინდა ვიცხოვროთ და როგორ შევქმნათ ბიზნესები, როდესაც ამ ყველაფერს გადავლახავთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ კრიზისის სხვა მხარე იქნება მცდელობა დავაფასოთ მდგრადობა, შემოქმედებითობა და ღირებული პროდუქტი.

ქეროლაინ რაში, ბრიტანეთის მოდის საბჭოს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი

ლონდონის მოდის კვირეული ციფრულ ფორმატში 12 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით გაიმართება.