სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციები და მემკვიდრეობა მუდმივად წარმოადგენდა მოდისთვის შთაგონების მთავარ წყაროს. კარგ დიზაინერს ესმის, როგორ იცვლებოდა ჩაცმის სტილი საუკუნების განმავლობაში, რა ახასიათებდა ქსოვილს, როგორ გამოხატავდნენ  ადამიანები ჩაცმულობით  სოციალურ სტატუსს და რა მნიშვნელობა აქვს ტრადიციულ სამოსს თითოეული ქვეყნისთვის. საუკეთესო შემთხვევაში,  წამყვანი დიზაინერები ფაქტებს გარკვეულ კონტექსტში წარმოგვიდგენენ,  ხელახლა იკვლევენ და მათ რეინტერპრეტაციას ახდენენ.

რთულია გაიხსენო ბრენდი, რომლის შემოქმედებაშიც კულტურულ ელემენტს ვერ ნახავ. Maison Margiela – ს ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროდუქტი – Tabi, სინამდვილეში იაპონურ მემკვიდრეობას ეფუძნება. მისი შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც მარტინ მარჯიელამ ტოკიოს სტუმრობისას, ქუჩაში მომუშავეები დაბალძირიან „ტაბის“ დიზაინის ფეხსაცმელებში შენიშნა. 

Tabi Shoes

Yves Saint Laurent-ის  1976 წლის ზამთრის კოლექცია, რომელსაც დიზაინერმა “Operas – Ballets Russes” უწოდა, ლეონ ბაქსტის შექმნილი კოსტიუმებით და რუსული ლიტერატურით, მათ შორის ლევ ტოლსტოის ნაწარმოებების გმირების შთაგონებით შეიქმნა. დიზაინერი მას თავის ყველაზე ლამაზ კოლექციად მიიჩნევდა. 

Yves Saint Laurent “Operas – Ballets Russes”

ჟან პოლ გოტიემ 1994 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე თავის ჩვენებაზე, სახელწოდებით – “Les Tatouages”, სხვადასხვა კულტურის მახასიათებლები გააერთიანა, მათ შორის: ინდური სამკაულები და აფრიკული ტომებისთვის დამახასიათებელი აქსესუარები და პრინტები.  დემნა გვასალიამ ვეტმანის 2019 წლის ზაფხულის კოლექციით საერთაშორისო საზოგადოებას თავისი სამშობლოს მემკვიდრეობა, ისტორია, დამოკიდებულება წარუდგინა. ალესანდრო მიკელეს გუჩისთვის შექმნილი კოლექციები განსაკუთრებით მდიდარია რეფერენსებით და ანტიკური ეპოქიდან დღემდე უამრავ კულტურულ მოტივს უყრის თავს. 

Jean Paul Gaultier “Les Tatouages”

ეს რამდენიმე მაგალითი ზოგად წარმოდგენას ქმნის, თუ როგორ იყენებს მოდის ინდუსტრია კულტურულ მახასიათებლებს. რადგანაც სიახლეს ყოველთვის წარსული განაპირობებს, კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი სამოსი შეიძლება თანამედროვეობას მოერგოს და მეტიც – ტრენდად იქცეს. ამ გზით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ეცვას ის, რაც დღეს არის აქტუალური, თანაც ისე, რომ წარსულთან კავშირი არ დაკარგოს.

ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის  თანამედროვე მოდის ნაწილად ქცევის ერთ-ერთი კარგი  მაგალითია თიბისის და ხელოვნების სასახლის პროექტი  „ქართული ქსოვილი”. საქართველოს ქსოვილის წარმოების, თუ გამოყენების მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. როგორც ხელოვნების სასახლის გუნდის მიერ მომზადებული წიგნიდან – „ქსოვილი საქართველოდან“ ვიგებთ, ქართულ ქსოვილთან დაკავშირებული პირველი ცნობა ჯერ კიდევ ზედა პალეოლითის პერიოდს უკავშირდება.  საინტერესოა ამავე ენციკლოპედიურ გამოცემაში მოყვანილი ჰეროდოტეს მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეგვიპტელებთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქსოვილის მწარმოებლები ქართველებიც იყვნენ. ტერიტორიული მდებარეობის გათვალისწინებით, ალბათ, არ იქნება გასაკვირი იმის აღნიშვნა, რომ ქვეყნის ტრადიციულ ქსოვილში სხვა ერების კულტურებისთვის დამახასიათებელი მრავალი მოტივიც გვხდება. შუა საუკუნეების საქართველოში ადგილობრივთან ერთად, იმპორტირებული ქსოვილიც გამოიყენებოდა. 

 „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ „შავი შუა საუკუნეები“, რომელიც ისტორიაში ამ სახელით არის ცნობილი, თურმე ვიზუალურად ძალიან ფერადი ყოფილა. დღეს, რაც ერთი შეხედვით ცნობილი თანამედროვე დიზაინერის ქსოვილი შეიძლება გეგონოს, თურმე ჩვენს წინაპარს უკვე ეცვა, თანაც ათი საუკუნის წინ. აღმოჩენაზე მეტად შეიძლება მიხვედრა დავარქვათ ამას, მივხვდით, რომ ქართულ ქსოვილს შეუძლია ცხოვრება გააგრძელოს და ის იყოს ძალიან თანამედროვე.“

კოკა ქამუშაძე, „თიბისის“ შემოქმედებითი ლიდერი.

პროექტში ჩართულ ბრენდებს შორის არიან: Giovanni Morra, Bialoni, LABORATORY TMGROUP, LAKO BUKIA, Livlivi, Lovestars, Muzaradi, Rose Moda, SIDE I SIZE, Spilow, The Why Not Gallery Gift Shop, MERAKI, DARAIA .

მიუხედავად იმისა, რომ შუასაუკუნეების პერიოდის ქსოვილის ხელშესახები ნიმუშები საკმაოდ იშვიათად არის შემორჩენილი, მათ შესახებ თვალსაჩინო ვიზუალურმა მასალამ,  ფრესკების თუ მინიატურების საშუალებით ჩვენამდე მაინც მოაღწია. პროექტის ფარგლებში კი, ფრესკებიდან აღდგენილი ნიმუშების მიხედვით, ქართველმა დიზაინერებმა და ბრენდებმა მემკვიდრეობა საკუთარი შემოქმედების ნაწილად აქციეს და თანამედროვე ყოველდღიურობაში ხელმისავწდომი მოდური სამოსის თუ აქსესუარების სახით შემოგვთავაზეს.

„ქართული ქსოვილის“ ფარგლებში შექმნილი კოლექციების  დათვალიერება შესაძლებელია ონლაინ კატალოგის მეშვეობით, მისამართზე  Qsovili.ge