თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული მოდის სფეროს განვითარების გზაზე გაჩენილი ახალი ინიციატივაა, რომელიც მისი შემოქმედებითი წინსვლის დაჩქარებას ისახავს მიზნად. პროექტს მიმდინარე წელს JAMPROJECT-მა ჩაუყარა საფუძველი – არტისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელსაც, უპირველესყოვლისა, საქართველოში მოდის კომუნიკაციის ფორმად ჩამოყალიბება სურს. ფილმი, როგორც მედიუმი ქართული მოდისთვის არის საჭიროება, რათა ის უფრო მეტყველი და შემოქმედებითი გახდეს. “შექმნილი ვითარების გამო კიდევ უფრო გაციფრულებულ ეპოქაში მოდის, როგორც ხელოვნების ხელმისაწვდომობა სწორედ ასეთ მედიუმებზე გადის,” – აღნიშნავენ Fashion Film Festival Tbilisi-ის ორგანიზატორები.
FFFT ქართულ მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს გამოხატვის ახალ საშუალებებსა და გზებს სთავაზობს. ამიერკავკასიაში მოდის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით ყოველწლიურად გაიმართება.

პროექტს მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეყოლება, ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებსა და არტისტებს კი საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. გარდა ამისა, ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, FFFT-ის ორგანიზებით წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები, ვორქშოპები, მასტერკლასები და საუბრები გაიმართება. ის ასევე მიზნად ისახავს გამოიკვლიოს ქართული თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ვიდეო არქივები და მათ თანამედროვე ღირებულება შესძინოს.
“ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ ის უნიკალური ვიდეომასალები, რაც მოიცავს პერიოდს – ქართული მოძრავი გამოსახულების დაბადადებიდან – დღემდე,” – ამბობენ იდეის ავტორები. “გვჯერა, რომ არქივს აქვს რეალური პერსპექტივა, იყოს აღქმული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ჭრილში.”
თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი საპრეზენტაციო გამოშვება არასაკონკურსო ფორმატით 18 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება.
Pre-Edition – 2021: „Sorry for all the wrong tales I have told” „ბოდიში ყველა იმ მცდარი ზღაპრისთვის, რაც მომიყოლია“ – წარსულის გადააზრება, აწმყო, როგორც დიდი რესურსი და რწმენა, რომ ახლის დაწყებას ყოველთვის აქვს აზრი.
ღონისძიებაზე აუდიტორიისთვის ფესტივალის ღირებულებების, პოზიციისა და ინტერესების გაცნობა იგეგმება. მასზე განიხილება ქართული მოდის საწყისი ეტაპები და მოდის ფილმის, როგორც მედიუმის უნივერსალურობა და ექსპერიმენტულობა. ასევე წარმოდგენილი იქნება თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალისა და “ქოლგა თბილისი ფოტოს” ერთობლივი პროექტი – გურამ წიბახაშვილის დოკუმენტური ფოტოგრაფია – “ქართული მოდის საწყისებიდან.” გაიმართება ქართველი და უცხოელი არტისტების ფილმების ჩვენება, შედგება საუბრები რეჟისორებთან, მსახიობებთან და დიზაინერებთან.
ფესტივალი წარმოადგენს სპეციალურ პროექტს ახალგაზრდა ვიზუალური არტისტის, მარიამ საკნელაშვილისა და დიზაინერ ლადო ბოკუჩავას კოლაბორაციას – ანიმაციური ნოველების ინსტალაციას – “ბოდიში ყველა მცდარი ზღაპრისთვის, რაც მომიყოლია.”
“ქართული მოდა ამ ეტაპზე მთლიანად არის მოცული კომერცალიზაციის მოთხოვნილებით, გაუცნობიერებელი მოტივაციით, რომ თითქოს მხოლოდ ეს არის მისი სიცოცხლისუნარიანობის გარანტი, რაც ნაწილობრივ მართალიცაა, რადგან მოდა, როგორც ბიზნესი, უზრუნველყოფს მოდას, როგორც ხელოვნებას. დღეს მოდის შექმნის ყოველი პროცესი და მისი შემადგენელი ნაწილი საბოლოო კომერციული შედეგის გათვალისწინებით იქმნება. ამან იმდენად შთანთქა ადგილობრივი მოდის ინდუსტრია, რომ, თითქოს, გაქრა და ჩაიკარგა მოდის, როგორც ხელოვნების ღირებულება.”
–JAMPROJECT
JAMPROJECT პანდემიის დაწყებამდე ცოტახნით ადრე, 2019 წელს დაარსდა. გუნდის წევრებმა თანამშრომლობის ახალი პრინციპი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, მათი განხორციელებული თითოეული პროექტი კომუნიკაციის საშუალება გახდებოდა და იმის გაცნობიერებით, რომ მოდაში მრავალი შესაძლებლობა არსებობს, დაუპირისპირდნენ საქართველოში არსებულ სტიგმას მოდის ზედაპირულობაზე. მათ მიზნად დაისახეს, რომ მოდა როგორც ხელოვნების სრულფასოვანი დარგი, ისე წარმოეჩინათ. თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალი იმედის მომცემი წამოწყებაა, რომელიც თავისი კონცეფციიდან გამომდინარე გვაფიქრებინებს, რომ ამ მიზნის მიღწევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.