2013 წელს მედიის წარმომადგენლებმა მეილით მიიღეს ხელნაწერი, რომელიც მათ ანტვერპენის ლეგენდარული ექვსეულის ერთ-ერთი წევრის, ენ დემულამესტერის, მოულოდნელ გადაწყვეტილებას ამცნობდა: „ჩემი პირადი ცხოვრებისთვის და ბრენდისთვის ახალი დრო დგება. ვგრძნობ, რომ დროა ჩვენი გზები გაიყოს.“ ენმა ბრენდი, რომელსაც 1985 წლიდან აშენებდა დატოვა. ზრდასრული და წარმატებული კომპანია თავისი ნდობით აღჭურვილ გუნდს ჩააბარა, შემოქმედებითი სადავეები კი სებასტიენ მენუერს გადააბარა.

ექვსი წლის შემდეგ ენი ბრენდის დატოვების მიზეზებზე საუბრობს: „მინდოდა საკუთარი თავისთვის დრო მიმეცა, რათა ცხოვრების სხვა მხარეც გამომეცადა. მინდოდა თავი ისევ დაუცველად მეგრძნო. რაღაც წამომეწყო, რამე რთული მეპოვნა.“
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ახალი სტატიიდან ირკვევა, ბელგიელი ისევ შექმნით არის გატაცებული, თუმცა ამჯერად არა ტანსაცმლის, არამედ ჭურჭლის.
ყველაფერი სპონტანურად დაიწყო. ერთ საღამოს დემულამესტერმა გადაწყვიტა თიხაზე მუშაობა ეცადა, პროცესი მისთვის დამაკმაყოფილებლად წარიმართა და საბოლოოდ, პატარა თასებიდან დეკორატიულ ნაკეთობებამდეც მივიდა.
„ვისწავლე, რომ მომთმენი უნდა ვიყო,“ – ამბობს ენი. „რომ გაშრობამდე უნდა მოვიცადო, გამოცხობას უნდა დაველოდო, შევეგუო, რომ შეიძლება გატყდეს და თავიდან დაწყება მომიწიოს. ეს მოდის საპირისპირო აღმოჩნდა.“

მისთვის გამოქანდაკება, ფორმის მიცემა ყოველთვის წარმოადგენდა ობსესიას. „ჩემს სამოსში მთავარ როლს ყოველთვის ფორმა თამაშობდა,“ – აღნიშნავს ბელგიელი. „სწორედ ამიტომ იყო ყოველთვის შავ-თეთრი. საკუთარ თავს ყოველთვის არქიტექტორად უფრო აღვიქვამდი, ვიდრე დეკორატორად.“
ენმა ფაიფურთან დაკავშირებით მასტერკლასები გაიარა ინგლისსა და საფრანგეთში და ერთგვარი ჰობი სერიოზულ საქმიანობადაც აქცია.
ჭურჭლის მწარმოებელი კომპანია „სერაქსისთვის“ ენმა შუშის ჭიქები, ფაიფურის და ვერცხლის ნაკეთობები შექმნა, რომლებიც ხელმწისაწვდომი ოქტომბრიდან იქნება. კომპანიის დამფუძნებელი აქსელ ვან დენ ბოშე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია ამ ბიზნესშია ენის შემოქმედებამ გააოცა. „მართლა რაღაც განსაკუთრებული იყო,“ – ამბობს ის.

© Julien Mignot for The New York Times
აქსელმა ისიც აღნიშნა, რომ ბევრ ცნობილ დიზაინერთან უმუშავია, მაგრამ არავინ ყოფილა დეტალებზე ისეთი ორიენტირებული, როგორიც დემულამესტერი.
„პერფექციონისტი ვარ. ეს ჩემი საუკეთესო და ყველაზე ცუდი თვისებაა.“
ენ დემულამესტერი

ახლა დიზაინერი ქალაქგარეთ, კესელში თავის ქმართან ერთად ცხოვრობს სახლში, რომელსაც გარშემო დიდი ბაღი ერტყმის. ბუნების წიაღში ჰარმონიული ყოფა მისი კიდევ ერთი გამოწვევაა.
„ძლიერი უნდა იყო.“ – ამბობს ენი. „შეიძლება თავს შტორმი დაგატყდეს და უეცრად ის რაც გიყვარს მოკვდეს. თავიდან დაწყება უნდა ისწავლო. ვისწავლე, რომ, როდესაც ერთი ხე არსებობას შეწყვეტს, მეორე გაიზრდება. მის ადგილს პატარა დაიკავებს, სინათლე ამას შესაძლებელს ხდის.“

მოდის სამყაროს დატოვების შემდეგ თავს „თავისუფლად“ გრძნობს. არ ერევა თავისი დაფუძნებული კომპანიის საქმიანობაში, არც ჩვენებებს ესწრება, არც ახალ ტანსაცმელს ყიდულობს. როგორც თავად აღნიშნა, სებასტიენთან კომუნიკაციაც თითქმის აღარ აქვს. მან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო – მთლიანად გამოეყო ბრენდს, რომელიც ახლაც თავის სახელს ატარებს. „თუ ჩარევა დავიწყე, ვიცნობ საკუთარ თავს და ვიცი, რომ გაჩერებას ვეღარ შევძლებ,“ – განაცხადა დიზაინერმა.
მან თავი დაუცველად იგრძნო, რაღაც ახალი წამოიწყო და სირთულესაც მიაგნო. 59 წლის ასაკში ენ დემულამესტერისთვის ყველაზე დიდი ფუფუნება საკუთარ ბაღში გასვლა და ამ შეკითხვის დასმაა: „კარგი, აბა დღეს რას ვჭამთ?“ მოდის ქაოსისგან განთავისუფლებული სწორედ მაშინ გრძნობს თავს სრულიად კმაყოფილად და უზრუნველად.