ენდი უორჰოლის ხუთი ნამუშევარი 1985 წლის “Machine Madeკოლექციიდან Christie’s-ს აუქციონზე $3.38 მილიონად გაიყიდა, როგორც NFT-ები. NFT ე.წ. არაჩანაცვლებადი ტოკენია, რომელიც ციფრული ფაილების უნიკალური ბაზის შეძენის საშუალებას იძლევა. ის შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია – იქნება ეს ნახატი, მუსიკა, სრულიად აბსურდული იდეა თუ სხვა რამ. NFT უნიკალური საკუთრებაა, რომელსაც ვერაფერში გაცვლი და შეიძლება ღირდეს ნებისმიერი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოწყობილობებიდან სასურველი რამის დაკოპირება უმარტივესად შეგვიძლია, ეს მის ავტორიზებულ მფლობელად არ გვაქცევს, რაც რეალურად არის ის, რასაც NFT გვპირდება.

ხუთივე ნამუშევარი უორჰოლმა თავის პერსონალურ კომპიუტერ Amiga 1000-ში პროგრამა ProPaint-ის გამოყენებით შექმნა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ციფრულ ფაილებად, რომელთა წაკითხვაც თანამედროვე კომპიუტერებს არ შეეძლო, სანამ 2014 წელს მათი ხელახალი აღდგენა არ მოხერხდა.

The Andy Warhol Foundation-ის და Christie’s-ის ერთობლივი ინიციატივით, ოთხმოციან წლებში შექმნილი ყვავილის, კემპბელის სუპის, ორი ავტო-პორტრეტის და ბანანის გამოსახულებების შეძენა აუქციონზე NFT-ის სახით გახდა შესაძლებელი. შემოთავაზებული საწყისი ფასი $10,000 შეადგენდა. ყველაზე დიდი თანხა – $1,170,000 აუქციონის 200 მონაწილიდან ერთ-ერთმა კემპბელის სუპის ვირტუალურ ნახატში გადაიხადა.