“ვოგი ახალ ფაზაში შედის: ის გლობალური ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი ახალი თავის დასაწყისს ბოლოს დასასრული უნდა ემთხვეოდეს, გადავწყვიტე, როცა სექტემბრის ნომრის მომზადებას დავასრულებთ, იტალიურ ვოგში დაკავებული მთავარი რედაქტორის თანამდებობა დავტოვო,” – წერს ემანუელე ფარნეტი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ თავის ახალ პოსტში.

ფარნეტი ვოგის იტალიური გამოცემის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე 2017 წლის იანვარში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც 2016 წელს მისი წინამორბედი ფრანკა სოცანი მოულოდნელად გარდაიცვალა.

Vogue Italia-ში ემანუელეს ხანმოკლე საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც თამამი და ექსპერიმენტული. მისი გადაწყვეტილებით, იტალიური ვოგის ისტორიაში პირველად ყდაზე არტისტების ილუსტრაციები დაიბეჭდა, მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის გარეკანი ორიდან ათ წლამდე ბავშვების ნახატებს დაეთმო, ერთი თვის ნომერი 100 სხვადასხვა ყდით გამოქვეყნდა, პანდემიის მძვინვარებისას მთლიანად თეთრი ნომერიც შემოგვთავაზა.

ფარნეტის მიღებული გადაწყვეტლებები ხშირად იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. მაშინ, როცა საზოგადოების ნაწილი მის გამბედაობას და სარისკო გადაწყვეტილებებს ტაშს უკრავდა, ცალკე იდგა მეორე მხარე, რომელიც მის ყოველ ნაბიჯს კრიტიკულად აფასებდა და თვლიდა, რომ ახალ იტალიურ ვოგს ფრანკას დატოვებულ ბრწყინვალე მემკვიდრეობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

© Polimoda

სიახლე იმის შესახებ, რომ Vogue-ის კიდევ ერთი მთავარი რედაქტორი ტოვებს თანამდებობას გასაკვირი უკვე აღარ არის, თუმცა ფარნეტი “დიდი ოთხეულის” (ვოგის ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული და იტალიური გამოცემები) რედაქტორებიდან პირველია, რომელთან დაკავშირებითაც Vogue-ში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ამ გადაწყვეტილების შესახებ ვიღებთ. ორი თვის წინ ასევე გავრცელდა ხმები, რომ დაკავებულ პოზიციას მალე პარიზის ვოგის მთავარი რედაქტორიც დატოვებს.

მოდის ყველაზე გავლენიან გამოცემაში დრამატული ცვილებები გასული წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის, განუზომელი ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. Condé Nast-ში სპეციალურად მისთვის ახალი თანამდებობაც შეიქმნა – ვინტური Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრა საერთაშორისო სარედაქციო პოლიტიკასა და მასალაზე.

როგორც ფარნეტიმ აღნიშნა, ვოგი გლობალური ხდება და ამის მოწმეები ჩვენ თავად ვართ. უკვე ვიხილეთ, ვოგის 128 წლიან ისტორიაში პირველი „უნივერსალური თემა“ და მის გარშემო გაერთიანებული ყველა საერთაშორისო გამოცემა. თუ მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვისთვის,  ვოგის ყველა რედაქტორი დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა, ირჩევდა თემას და შესაბამისად პიროვნებას, ვინც გარეკანს დაამშვენებდა, 2020 წლის სექტემბერში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა ქვეყნის ვოგი ერთი „უნივერსალური თემის“ გარშემო გაერთიანებოდა. იგივე განმეორდა 2021 წლის მარტშიც. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ვოგი რეგიონალურ დირექტორებსაც ნიშნავს, რომლებიც თავის მხრივ, პასუხისმგებლები არიან ანა ვინტურთან.

გასული წლიდან მოყოლებული, Vogue ხუთი გამოცემის მთავარმა რედაქტორმა დატოვა. ემანუელე მორიგი მათგანია, რომელიც მოდის ბიბლიის ახალი მიმართულების მიღმა დარჩა.