არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დრაგ ქვინების სტილი და ზოგადად, დრაგ კულტურის ვიზუალი განვითარებულმა სამყარომ მიიღო და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ინსპირაციადაც კი აღიქვა. დრაგ ქვინების ჩაცმულობისა, თუ მაკიაჟის კონცეფტუალურ ანარეკლებს დღეს ვხვდებით მოდის ჩვენებებზე, წლის მნიშვნელოვან კინოსურათებში, ფოტო პროექტებსა, თუ ისეთ მასშტაბურ და სანახობრივ ღონისძიებებზე, როგორიც არის მაგალითად MET GALA.

Met Gala

დრაგ ქვინების ვიზუალი კლუბურ ცხოვრებასთანაც ასოცირდა, ეს გამომხატველი ვიზუალი შინაარსით  სავსე,  სხვადასხვა მესიჯის მატარებელი განაცხადია. Drag-ის  განმარტება რომ ჩამოვაყალიბოთ – ეს არის გენდერული მნიშვნელობით განმსჭვალული ხელოვნების ფორმა, რომლის ფარგლებშიც ადამიანი იცვამს ისე და იკეთებს ისეთ მაკიაჟს, რომ გასცდეს, გადააჭარბოს გენდერულობას და საპირიპირო სქესის იმიტაცია შექმნას.  შესაბამისად – მეტწილად დრაგ ქვინები არიან გეი ან ქვიარ კაცები, თუმცა, Drag Queen ტალღა ბოლო პერიოდში უფრო მეტად ასოცირებლია ტრანსგენდერ ან სისგენდერ ქალებთან.

21-ე საუკუნეში დრაგი უკვე პოპ-კულტურის განუყოფელი ნაწილია. მისი, როგორც კულტურული ფენომენის ისტორია იმაზე ხანგრძლივი, კომპელექსური და საინტერესოა, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს.

მე-16 საუკუნის ბოლოს და მე-17 საუკუნის დასაწყისში, როცა შექსპირი და მასთან დაკავშირებული თეატრალური დასი ახალი და ხმაურიანი მოვლენა იყო, თეატრალური წარმოდგენებისათვის განკუთვნილი სივრცეები მხოლოდ თავშესაქცევ ადგილად არ მიიჩნეოდა.  ამ დროს, თეატრალურ ხელოვნებაზე დიდი გავლენა ჰქონდა ეკლესიას. ეკლესია კი კრძალავდა მსგავს წარმოდგენებში ქალების მონაწილეობას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ქალი პერსონაჟები სცენაზე გაცოცხლებულიყვნენ, კაც მსახიობებს შესაბამისად ჩაცმა და გრიმის გაკეთება უხდებოდათ. ეს ტრადიცია შესაძლოა დრაგის ფენომენის ერთ-ერთ პირველ გამოვლინებად ჩაითვალოს – თუმცა, განსხვავებული კონტექსტით.თვითონ ტერმინის Drag-ის წარმომავლობა  დღემდე უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ეს ტერმინიც იმ დროინდელ თეატრს უკავშირდება

ფოტო: Shakespeare in Love

ისტორიული წყაროების მიხევდით, დრაგ კულტურა კიდევ ერთხელ იკვეთება ინგლისთან. მე-18 საუკუნეში, ინგლისში ცხოვრობდა ჯონ კუპერი, რომელსაც პრინცესა სერაფინას სახელით იცნობდნენ. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სწორედ ის იყო პირველი დრაგ ქვინი. ის იცვამდა ქალივით, თუმცა, ეს არ იყო მისი როლი, ეს უფრო ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. არც ერთი წყაროს მიხედვით არ დასტურდება, რომ ჯონ კუპერი, იგივე პრინცესა სერაფინა ოდესმე დააპატიმრეს. ერთადერთი სკანდალი, რომელშიც გაეხვა იყო 1732 წელს, მისი ტანისამოსის ქურდობა – ამ შემთხვევაშიც, სერაფინა სასამართლოში წარსდგა, როგორც დაზარალებული.

მე-20 საუკუნეში, საშემსრულებლო ხელოვნების ასპარეზზე ჩნდება ამერიკელი პერფორმერი – ჯულიან ელტინჯი. მსახიობმა სახელი ქალის პერსონაჟის განსახიერებით გაითქვა და უამრავი  თაყვანისმცემელიც შეიძინა.  შეიძლება ითქვას, რომ ელტინჯმა არაერთ  პოპულარულ თეატრალურ სივრცეში გამართა წარმოდგენა. წარმოდგენის ბოლოს, ის იხსნიდა თავის პარიკს და ჩვეული მანერულობით წარსდგებოდა აუდიტორიის წინაშე. ეს დამსწრე საზოგადოებას აღაფრთოვანებდა,  გარდასახვა  იმდენად ცოცხალი და დრამატული იყო, რომ ეს მომენტი გულგრილს არავის ტოვებდა. მრავალი წლის განმავლობაში, ელტინჯის კარიერა აღმავალი ტრაექტორიით ვითარდებოდა, თუმცა, მე-20 საუკუნის 30 იანი წლებიდან, ამერიკული საზოგადოება უფო მეტად ნეგატიურად განეწყო მსგავსი წარმოდგენების მიმართ, რადგან კონტექსტით ჰომოსექსუალობასთან დააკავშირა, ეს კი ამ დროს  შეურაცხმყოფელ და მიუღებელ გარემოებად აღიქმებოდა. ნეგატიურ დამოკიდებულებას ხელი შეუწყო იმ პერიოდის ამერიკაში სექსუალური დანაშაულების სიმრავლემაც. საბოლოო რადიკალიზმი მეორე მსოფლიო ომის პერიოდმა გაამწვავა. თუმცა, ომის დასრულების შემდეგ, როცა  ჰომოსექსუალობა ბევრ ქვეყანაში კანონით დასჯად ქმედებადაც მიიჩნეოდა, გენდერულ გარდასახვაზე დაფუძნებული შოუები კვლავ დაიწყო და  რიგი წინააღმდეგობების მიუხედავად, გარკვეულ წრეებში წარმატებასაც მიაღწია.

ჯულიან ელტინჯი / Julian Eltinge

ყველას ვისაც ნანახი გაქვთ სერიალი POSE, აუცილებლად გაგახსენდებათ სცენები, რომლებიც მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული ტრენდის – ე.წ. დრაგ მეჯლისების  გამოხატულებაა. დრაგ ქვინებმა მუსიკალურ და გასართობ კლუბებში კომუნა შექმნეს. ამ კომუნაში იყვნენ ე.წ. წამყვანი დრაგ ქვინები, რომლებიც ახალ ვარსკვლავებს საკუთარი ფრთის ქვეშ მფარველობდნენ. დრაგ ქვინების წარმოდგენები არ იყო მხოლოდ ქვიარ აუდიტორიისათვის განკუთვნილი, ეს იყო ყველა იმ ადამიანისათვის,  ვინც ხელოვნებას  მთელი თავისი გამომხატველობით და შინაარსით იღებდა – სტერეოტიბებისა და ტაბუების გარეშე.  მათთვის, ვისთვისაც დრაგ სამყარო დამახასიათებელი გადაჭარბებული ვიზუალით, თუმცა ამვდროულად, საოცარი გულწრფელობითა და ბუნებრიობით სავსე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ჯადოსნურ ენერგეტიკას წარმოადგენდა.

წამყვანი დრაგ ქვინები, ე.წ Drag Mother, როგორც მათ უწოდებდნენ, პროფესიონალური წარმოდგენების სახლებს ქმნიდნენ – თავისი კონცეფციით, დამახასიათებელი ვიზუალით, შტრიხებით, მსახიობების სასცენო სახელებით. ამ ყველაფერს კი, პასუხისმგებლობით და საქმის სიყვარულით უდგებოდნენ. აღნშნული კარგად არის ასახული 1990 წლის დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით Paris is Burning. სწორედ აღნიშნული დოკუმენტური სურათით არის შთაგონებული Madonna-ს მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია ჰიტზე სახელწოდებით  – VOGUE.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი, ამ პერიოდში იყო არაერთი საპოლიციო რეიდი, პროტესტი, ტრაგედია და წინააღმდეგობა. 21 -ე საუკუნეში, როცა ცნობილი ადამიანები ხმამალა საუბრობენ ორიენტაციაზე, დრაგ ქვინები პოპულარობას იხვეჭენ სატელევიზიო სივრცეებში, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში. მიუხედავად კვლავაც ქვიარ თემის მწვავე პრობლემებისა, რომლებიც განსხვავებული სიმძაფრით დგას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაინც უფრო მკაფიოდ ისმის საღი აზრი, რომელიც ადამიანების განსხვავებულობას არა დანაშაულად, არამედ კაციობრიობის ყველაზე ღირებულ მახასიათებლად აპოზიციონირებს. სწორედ ამ მრავალფეროვნების ერთ-ერთი გამოხატულებაა დრაგ კულტურა, დრაგ ქვინების ფენომენი. ის გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მოდის და სილამაზის ინდუსტრიისათვის ინსპირაციის ალტერნატიული წყაროა. 

Tags :