მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანმა დიზაინერებმა ვოგთან ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ხედავენ ინდუსტრიის მომავალს. BLM მოძრაობის, კლიმატური კრიზისისა და პანდემიის პირობებში მოდა, ისევე როგორც ყველა სფერო, უდიდეს დარტყმას განიცდის. საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ მოდაში მთავარი მოთამაშეები, აპირებენ თუ არა შეცვალონ სქემები, მიდგომა, კოლექციების გამოშვების სიხშირე და ა.შ.
ჯონათან ანდერსონი

მოდაში ყოველთვის დგას საკითხი, თუ რა იქნება მომავალში. მე არ მსურს ვიცოდე, რა იქნება. მე მომენტით ვტკბები. ბევრს აქვს სურვილი მთლიანი „ბორბლის“ თავიდან გამოგონების, თუმცა მოდა ყოველთვის იყო დამოკიდებული ინდივიდუალიზმზე. ასე რომ, აკეთე ის რაც შენთვის არის სწორი, ახლა, მოცემულ მომენტში, და არა ის რაც ინდუსტრიისთვის არის სწორი. თუ არ გინდა არც ერთი ჩვენების გამართვა, ნუ გამართავ, თუ 400 ჩვენება გინდა, გამართე 400 ჩვენება. ბრენდები, რომლებსაც არ აქვთ ძლიერი იდენტობა და მიმბაძველობით არიან დაკავებული, დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან. უცნაურად ჟღერს, თუმცა რეალობას, რომელშიც ახლა აღმოვჩნდით, შეუძლია ჩვენი გონების გამახვილება. ჩემი აზრით, ახლა იდეალური დროა სრულყოფილად დაეუფლო იმას, რისი კეთებაც გსურს. ასევე, ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, თუ საიდან მოდის ჩვენი სამოსი, აქსესუარები. ყველაფერი დამოკიდებულია მათ მიღმა ამბავზე და იმაზე, თუ როგორ გადმოსცემ ამბავს მათი მეშვეობით. თუ ამას ვერ აკეთებ, შესაძლოა რამე გაქვს დასამალი. ასევე, გასაანალიზებელი გვაქვს ისიც, რომ ინტერნეტი გვიკარნახევბს, თუ რამდენად სწრაფად განვითარდება მოვლენები. 1 დღეში მსოფლიოს ვერ შევცვლით. მანამ, სანამ მას თავიდან ავაშენებთ, ჯერ უნდა დავშალოთ. ამას გარდა, ვფიქრობ ახლა ის მომენტია, როცა მოდა ცოტა ხნით ჩუმი უნდა გახდეს, როგორც ინტროვერტი – მსოფლიოში ბევრი ხმა არის, რომელთა გაგონებაც ახლა უფრო მნიშვნელოვანია.
მოდა საზოგადოების და მისი ფასეულობების ერთგვარი „სარკეა“, თუმცა მოდას კიდევ ერთი დატვირთვა აქვს – ის ხალხის წარმოსახვას აძლევს გასაქანს. ამის ბალანსირება რთულია. ჩემი კოლექციები JW Anderson-სა და LOEWE-ში უკიდურესობებზეა – როლინგი და ჯინსი და რაღაც ფანტასტიკურად გამოწყობის იდეა. მოდა ერთგვარი „ესკეიპიზმია“, სადაც ეს ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი.