დიდ ბრიტანეთში, კორნუელში დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართა, რომელზეც მსოფლიო ლიდერები და გავლენიანი აღმასრულებელი ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ. სამდღიანი სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა იყო.
“ჩემთვის პატივია დღეს მოდის სფეროს წარმოვადგენდე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ინდუსტრიაა. ჩემი მიზანი ცვლილებების ხელშეწყობა, ინვესტირებისკენ მოწოდება და ახალი თაობის მხარდასაჭერი წამახალისებელი ქმედებების საშუალებით ხანგრძლივი ცვლილებების განხორციელებაა,” – განაცხადა სტელა მაკარტნიმ, დიზაინერმა, რომელმაც სამიტზე მოდის ინდუსტრია წარადგინა. “იმედი მაქვს, დიდი შვიდეულის სამიტი ჩვენს მესიჯებს ისეთ სამოქმედო გეგმად გარდაქმნის, რომლის დახმარებითაც სისასტიკისგან თავისუფალი საზოგადოების შესაქმნელად გავერთიანდებით, რომელიც უფრო ლმობიერი იქნება ყველა ცოცხალი არსებისა და ჩვენი პლანეტისადმი და ერთმანეთის მიმართაც უფრო კეთილები გავხდებით.”
სტელა მაკარტნი მდგრადი მოდის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის მუდმივად ცდილობს თავის ბრენდში ეკო-მეგობრული პრაქტიკების დანერგვას, ამასთანავე უარს ამბობს გამოიყენოს ისეთი ცხოველური მასალები, როგორებიცაა: ბუნებრივი ტყავი, ბეწვი თუ ბუმბულები.
“მჯერა, რომ მე ვარ მოდის მომავლის ბიზნეს მოდელი”
მაკარტნიმ უელსის პრინცის მიერ სამიტზე მოწვეულ ყველა მნიშვნელოვან პიროვნებას მოუწოდა მოდის ინდუსტრიაში რეგულაციების შემოღების ან კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანისკენ, რომლებიც დიზაინერებს და ბრენდებს აიძულებს არამარტო იფიქრონ მდგრადობაზე, არამედ ამ მიმართულებით მოქმედებაც დაიწყონ.
“არამგონია ვინმეს მართლა ესმოდეს, რომ მოდა ერთ-ერთი ყველაზე საზიანო ინდუსტრიაა,” – აღნიშნა მან. “ალბათ, არ იციან, რომ ვისკოზისთვის 150 მილიონი ხე იჭრება მაშინ, როცა მე შვედეთში მდგრადი ხის რბილობის მოპოვება მოვახერხე. ძალიან მინდა კარგად დაგანახოთ ფაქტები, რომლებიც ცხადყოფს თუ რამდენად არამოდურია მოდის ინდუსტრია.”
სტელამ მსოფლიო ლიდერებს საგადასახადო პოლიტიკის გადახედვისკენაც მოუწოდა, რომელიც, როგორც ის ამბობს, უსამართლოა მათ მიმართ, ვინც მდგრად პრაქტიკებს იყენებს.
“ჩემთვის საერთოდ არ არის წამახალისებელი, როცა 30%-ით მეტი გადასახადის გადახდა მიწევს თუ აშშ-ში არა-ტყავის პროდუქტს შევიტან, რაც მხედველობაში უნდა მქონდეს, ეს კი მე, როგორც ბიზნესს არ მაწყობს და გამოდის, რომ კარგის კეთებისთვის უნდა დავისაჯო. თუ ჩემს ვეგანურ პროდუქტს ღორის ტყავს შევურევ, დამატებითი გადასახადისგან განვთავისუფლდები.”
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ მსჯელობს რა არის მდგრადობა, სტელა საჭიროდ მიიჩნევს მის თვალსაწიერში ქონას, რადგან ასეთი მოთხოვნადი გახდა. “დღეს თუ შენს ბიზნეს მოდელში ‘პასუხისმგებლობის’ გარკვეული დონე არ გაგაჩნია, ბრენდს ვერ შექმნი,” – განაცხადა მან. “თუ მოდაში გსურს დასაქმება, ამ მხრივ სამუშაოს ძებნის წარმოუდგენელი შესაძლებლობა გაქვს. და როცა მას ითვალისწინებ, შენი ღირებულება გაცილებით მაღალია.”
დიზაინერის თქმით, კომპანიები შესაძლოა უფრო ეთიკური და მდგრადი მომავლისკენ გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ჯერ საბოლოო მიზანი მიღწეული არ არის. “სინამდვილეში ჩვენ პლანეტის რესურსებს ვიყენებთ და მათ დადებითად არ ვანაცვლებთ. არამედ პირიქით ვიქცევით.”