დიორში ჯონ გალიანოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი კოლექციები დიდებულებით გამოირჩეოდა. მეოცნებე, რომანტიკოსი დიზაინერის ექსტრავაგანტული ჩვენებები, განსაკუთრებით ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, მომაჯადოვებელი და შთამბეჭდავი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ გალიანოს შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, არსებობდა მეორე მხარეც, რომელსაც “ანტი-მოდის” მიმდევრები წარმოადგენდნენ. ისინი ბრიტანელი დიზაინერის შეთავაზებებს ზედმეტად პომპეზურად, თანამედროვე დროისთვის შეუფერებლად თვლიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ანტი-მოდას წინ მარტინ მარჯიელა მიუძღვებოდა, ბელგიელი დიზაინერი, რომელიც თავისი დიზაინ ფილოსოფიით რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა, პირველ რიგში, იმას, რასაც ჯონ გალიანო აკეთებდა. ირონიულია, რომ წლების შემდეგ სწორედ ჯონ გალიანო გახდა მარჯიელას მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევარი, რომელიც გასულ წლებში Maison Margiela-ს ჩვენებაზე ვიხილეთ, ბენჟამინ შაინთან თანამშრომლობით შექმნილი თრენჩია. და როდესაც ამ ბრენდში გალიანოს მოღვაწეობას გავიხსენებთ, პირველად, ალბათ, ეს ქმნილება გაგვახსენდება.
ბენჟამინი მრავალპროფილური ბრიტანელი არტისტია, რომელსაც განათლება მოდის დიზაინის მიმართულებით აქვს მიღებული და ტიულის საშუალებით შექმნილი ნამუშევრებით არის ცნობილი.
მაღალ მოდაში მარჯიელა არ იყო პირველი ბრენდი, რომელმაც მასთან ითანამშრომლა. ჯერ კიდევ 2012 წელს მან რიკარდო ტიშისთან კოლაბორაციით Givenchy-ის მოდის სახლისთვის სპორტული სტილის სამოსი გააფორმა ქსოვილით, რომელსაც მის შემოქმედებაში მთავარი დატვირთვა აქვს. მაგრამ მოდის ინდუსტრიაში განსაკუთრებული ყურადღება Margiela-ს 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ ჩვენების შემდეგ მიიპყრო, როცა ბამბის თეთრ თრენჩ ქურთუკზე ტიულის გამოყენებით ქალის სახე გამოსახა. როგორც არტისტი ამბობს, გალიანოსთან მუშაობა “ახდენილი ოცნება იყო.”
სანამ ეს უნიკალური ლუქი თავის ადგილს პოდიუმზე ჰპოვებდა, მის შესაქმნელად ბენჟამინს ოთხი თვის განმავლობაში უწევდა გალიანოსთან და მის გუნდთან შეხვედრებზე სიარული, საბოლოო შედეგის მიღწევას კი 300 საათზე მეტი დასჭირდა. ნამუშევარი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა.