როცა ვფიქრობთ წარმატებულ დიზაინერებზე, რომლებმაც სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით ექსპერიმენტული და ინოვაციური დიზაინი შექმნეს, პირველ რიგში, ჰუსეინ ჩალაიანი გვახსენდება. ნიქოზიაში დაბადებულმა დიზაინერმა თავიდანვე მიზნად დაისახა თავის სამოღვაწეო სფეროში, რომლისთვისაც რაღაცის შექმნა არსებულზე დაყრდნობით უცხო არ არის, სიახლეები შეეტენა და ეს თავისი პირველივე კოლექციით შეძლო.

ჰუსეინმა Central Saint Martins-ში დამამთავრებელი კოლექცია 1993 წელს წარადგინა, რაც მისი კარიერის შთამბეჭდავი დასაწყისი იყო. ამ კოლექციით, რომელსაც მან “The Tangent Flows” უწოდა, ჩვენებაზე დამსწრე აუდიტორიას ბუნებრივი პროცესის შედეგად გამოწვეული ლპობის მშვენიერება დაანახა.

ქსოვილის ლპობისა და ხრწნის ეფექტის მისაღწევად ჩალაიანმა აბრეშუმის ქსოვილი ექვსი კვირის განმავლობაში რკინასთან ერთად მიწაში დამარხა და მხოლოდ ჩვენების წინა დღეს დაუბრუნა მას ახალი სიცოცხლე. მისი უჩვეულოდ მიმზიდველი ჟანგისფერი სამოსი პოდიუმზე თავისთავად მეტყველებდა პროცესის ინტენსიურობაზე, რაც საბოლოო შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ეს ახალი ვარსკვლავის დაბადება იყო, რომელსაც ქსოვილზე მუშაობის არატრადიუციული გზა აერჩია. თავისი ნაშრომით ჩალაიანმა დიდი ყურადღება მიიპყრო და ის შეუმჩნეველი არც საცალო მოვაჭრეებს დარჩენიათ. კოლექცია Browns-მა შეიძინა და თავის ვიტრინებში გამოფინა. Browns-ის მხრიდან ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა სტუდენტის დამამთავრებელი კოლექცია სრულად შეიძინა. პირველად ეს ჯონ გალიანოს შემთხვევაში მოხდა, 1984 წელს.