ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დიზაინერებს გამოხატვის იმაზე მეტი თავისუფლება ჰქონდათ, ვიდრე დღეს და კულტურულ მისაკუთრებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მათ თავიანთ შემოქმედებით გზაზე არ ეღობებოდა, ჟან პოლ გოტიემ საზოგადოებას თავისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კოლექცია წარუდგინა. 

ის განსხვავებულ კულტურებს ერთად წარმოაჩენდა, სხვადასხვა დროს ასახავდა და გლობალიზაციის შედეგს თავისებურად ავლენდა. ოტ კუტიურის და ქუჩის სტილის თავსებადობა, აღმოსავლური ტრადიციები და პანკური დამოკიდებულება, ინდური სამკაულები, აფრიკული ტომებისთვის დამახასიათებელი აქსესუარები და პრინტები, ჯინსის გამოყენებით შექმნილი მეთვრამეტე საუკუნის სილუეტები, გრაფიტის პრინტის თავდაპირველი ნიმუშები, ჟანა დარკის რეფერენსები, გოტიეს ხელწერად ქცეული წვრილზოლებიანი ტანსაცმელი და კორსეტები – ამ ყველაფერს ფრანგმა დიზაინერმა თავი ერთ პრეზენტაციაზე მოუყარა. თუმცა მთავარი დეტალი ამ კოლექციიდან იყო ტატუები და ჩვენების სახელწოდებაც სწორედ ეს იყო.

გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის დასაწყისში ჟან პოლი მოხიბლული იყო ტატუებით და, ზოგადად, სხეულზე ხატვის ხელოვნებით. როგორც მოდის კრიტიკოსი თიმ ბლენქსი თავის ერთ-ერთ სტატიაში წერს, გოტიეზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ლოს ანჯელესში დაფუძნებული არტისტის, რონ ეითის, შემოქმედება და დიზაინერი იმ პერიოდში ტატუსთან დაკავშირებულ ყრილობებსაც ესწრებოდა. გოტიეს ჩვენებაზე გამოყენებული მოტივები ასევე თავისი ყოფილი ასისტენტის, მარტინ მარჯიელას, შემოქმედებსაც მოგვაგონებს. ბელგიელმა დიზაინერმა ტატუს პრინტი თავის 1989 წლის სადებიუტო ჩვენებაზე წარადგინა.

ჟან პოლი ერთხელ გამჭირვალე ბლუზაში ჩაცმულ ასაკოვან ქალბატონს შეხვდა, რომლის ბიუსჰალტერმაც გაოცებული დატოვა. შემდეგ ქალის მკერდზე პირსინგებიც შენიშნა და ბოლოს ისიც გააცნობიერა, რომ ბიუსჰალტერი სინამდვილეში ტატუ იყო. მას ეს მოგონება განსაკუთრებით შთააგონებდა.

Condé Nast Archive

1994 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ფრანგი დიზაინერის მიერ პარიზის გალერეა ვივიენში გამართული ჩვენება – “Les Tatouages,” რომლის მთავარი ვიზუალური მოტივი ტატუებია, ამერიკული ვოგის მიერ ოთხმოცდაათიანი წლების ოცდახუთ საუკეთესო შოუს შორის არის დასახელებული.