ქართული Forbes-ის იანვრის ნომრის ყდაზე VETEMENTS-ის დამფუძნებლის, გურამ გვასალიას ფოტო დაიბეჭდა სათაურით: Life Without Limits/”ცხოვრება საზღვრების გარეშე”. ჟურნალმა გამოცემის ამ ნომრის მთავარი გმირის ვრცელი ინტერვიუც გამოაქვეყნა, რომელშიც გვასალია ბევრ დეტალს შეეხო – პანდემიას და მის გავლენას მოდის ინდუსტრიაზე, VETEMENTS-ის სტრატეგიასა და მდგომარეობას 2020 წლის განმავლობაში, ოჯახს, საქართველოს..

მოდის ინდუსტრიის და Covid-19-ის გავრცელებაზე საუბრისას, გვასალიამ აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევაც კი, როგორიც პანდემიაა, არ ნიშნავს აუცილებლად ცუდ მომავალს და დამანგრეველ ზეგავლენას. თუკი, რაიმე მყარ ფუნდამენტზეა აგებული, მას შეუძლია ძლიერ ქარიშხალსაც გაუძლოს. რაც შეეხება პანდემიის შემდგომ, ზედმეტი წარმოების საკითხთან დაკავშირებულ პროგნოზებს, გვასალიას პასუხი ასეთია:

არც ერთ ადამიანს არ სჭირდება იმდენი ტანისამოსი, რამდენსაც კაცობრიობა მოიხმარს. ადამიანების უმეტესობა ახალ ტანსაცმელს არ ყიდულობს იმიტომ, რომ მათ არაფერი აქვთ ჩასაცმელი, ან ფეხსაცმელს ნახვრეტები აქვს – ტანსაცმლის ყიდვის მიზეზი ფსიქოლოგიურია.

ტანისამოსის წარმოების ინდუსტრია გარემოსათვის ძალიან საზიანოა – ის გლობალური დათბობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. ამასთან ერთად, საჭიროა განვასხვავოთ ქუჩის სტილზე ორიენტირებული ინდუსტრია, რომელიც მილიარდობით ჩასაცმელ მოდელს აწარმოებს და მოდის ძვირადღირებული ინდუსტრია შეზღუდული წარმოებით. გვჭირდება ძვირადღირებული სამოსი, რომ გადავრჩეთ? – რა თქმა უნდა, არა. გააგრძელებენ ადამიანები ტანსაცმლის ყიდვას არსებული გარემოების (პანდემიის) დასრულების შემდგომ? – ცხადია კი და ისინი უფრო მეტსაც იყიდიან. მიზეზი კონკრეტული ემოციების, გამოცდილებების ნაკლებობაა – ადამიანები მათ კომპენსაციას შეეცდებიან მაშინვე, როგორც ამის საშუალება მიეცემათ. მოდა ღრმა ფსიქოლოგიურ სახეფურზე მუშაობს,რომელიც როგორც წესი, ლოგიკური აზროვნებისა და გაგების მიღმაა.

Vetements

პანდემიაზე საუბრისას, გურამ გვასალია კონკრეტულად VETEMENTS-საც შეეხო:

ცხოვრებაში, ყოველთვის კარგია, როდესაც რამდენიმე სხვადასხვა სცენარისათვის ხარ მზად. პანდემიამ გვასწავლა, რომ თუ საკმარისად მონდომებით იმუშავებ, საჭირო გადაწყვეტებსაც იპოვი. ჩვენი ბიზნეს-მოდელი ადაპტირდა არსებულ სიტუაციასთან, გავაუმჯობესეთ მომარაგების ქსელი, გავაძლიერეთ ურთიერთობა ჩვენს მწარმოებლებსა და შემსყიდველ პარტნიორებთან. რეალურად, მოვახერხეთ, რომ გაყიდვების მაჩვენებელი გაგვეუმჯობესებინა.

ინტერვიუსას, Forbes-ის ჟურნალისტი დემნა გვასალიასაც შეეხო – კითხვაზე თუ რა შეიცვალა დემნას ბრენდიდან წასვლის შემდეგ, გურამ გვასალიამ აღნიშნა, რომ ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. დიზაინერებისთვისაც დგება დრო, როცა კონკრეტულ ბრენდში, ან პროექტზე მუშაობის ვადა გადის. გურამმა აღნიშნულზე საუბრისას მაგალითად მოიყვანა რაფ სიმონსი, რომელმაც რამდენიმე ცნობილი მოდის სახლის კრეატიული ხელმძღვანელის პოზიცია გამოიცვალა. – “ნებისმიერმა დიზაინერმა შესაძლებელია თავისი კარიერა დაასრულოს Chanel-ში ან Zara-ში, ან თუნდაც სადმე მათ შორის. არავინ იცის, რა იქნება მომავალში”, ამბობს გურამი. კითხვაზე, თუ როგორ შეაფასა დემნამ VETEMENTS-ის 2020 წლის შოუ, რომელიც პირველი ჩვენება იყო მის გარეშე, გურამი მოკლე პასუხით შემოიფარგლა – “ეს არის კითხვა, რომელიც ალბათ ჯობს თავად მას დაუსვათ.”

Forbes-ის ინტერვიუში საუბარია საქართველოზეც. კითხვაზე, თუ რას ურჩევდა გურამი იმ ქართველებს, რომელთაც საზღვარგარეთ წარმატების მიღწევა სურთ, პასუხი ასეთია:

საქართველოს კულტურა ფენომენალურია, თუმცა, ის ასევე მეტად მოშვებულს გვხდის. შეიძლება იმიტომ, რომ ყოველთვის შეგვიძლია მეგობრების და ოჯახის იმედი გვქონდეს. ევროპაში ადამიანური ურთიერთობები არ არის ის, რასაც შეგიძლია დაეყრდნო, მისი იმედი გქონდეს. აქ შენ მარტო ხარ და ერთადერთი რამ, რასაც დახმარება შეუძლია გულმოდგინე შრომა და საქმისადმი თავდადებაა. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი სურათი გქონდეს წარმოდგენილი, თუ რა გინდა ცხოვრებაში. და რაც გინდა, არ შეიძლება იყოს ფულით სავსე ჩემოდანი. ფული მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა, მაგრამ ის არასოდეს უნდა იყოს თვითმიზანი. იოცნებეთ ლამაზ სახლზე, კარიერაზე. იოცნებეთ იმაზე რის შესაძენადაც ფული გჭირდებათ.

გურამ გვასალია და სარა მაუერი

ვრცელი ინტერვიუ კი სრულდება კითხვით – როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება საქართველოში რომ დარჩენილიყავით?

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ძალიან ვამაყობ ჩემი წარმომავლობით. ეს მაძლევს ძალას და გადარჩენის ძლიერ ინსტიქტს. “რა მოხდება” არასოდეს არის კარგი კითხვა. თუ რამე ხდება, ეს უმიზეზოდ არ ხდება.

თუმცა, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდებოდი.