გრიმი სასცენო, კინო, სარეკლამო და მოდის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია. ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ იდეა ზუსტად გამოიხატოს და ხელშესახები, ესთეტიკური სახით მივიდეს აუდიტორიამდე. ამ სფეროს პროფესიონალებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტად იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოშიც სერიოზულად აღიქმება და ერთ-ერთ აქტუალურ პროფესიადაც იქცა. ქართულ რეალობაში ამ სფეროს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო პროფესიონალი ვიზაჟისტი ქეთო ჩანთაძეა.
Facebook: Make Up by Qeto Chantadze – Chanta,
Instagram: chanta_mua.

ქეთო ამ სფეროში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს და მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებასაც მიაღწია. საქართველოში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ამ მიმართულებით ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში – ჰოლივუდის Cinema Makeup School-ში ჩაირიცხა და კინოგრიმი საფუძვლიანად შეისწავლა.

Cinema Makeup School-ში მოხვედრა ხანგრძლივ და რთულ ეტაპებთან არის დაკავშირებული. ქეთოსთვის ყველაფერი სკოლის ყოველწლიური კონკურსით დაიწყო.

თუ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხართ, ალბათ გახსოვთ ქეთო ჩანთაძის ვიდეო, რომელშიც სწორედ Cinema Makeup School-ის ამ კონკრეტული კონკურსისათვის შექმნილი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

სწორედ ქეთო ჩანთაძის პროფესიულ თანამონაწილეობას უკავშირდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, კონცეფციურად და ვიზუალურად გამორჩეული რეკლამა – Holoseum-ის საიმიჯო ვიდეო, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე დიდი ინტერესი და დადებითი შეფასება დაიმსახურა.

ადგილი, რომელიც გაცოცხლებული ნახატების სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობას გაძლევთ, ეს „ჰოლომუზეუმია – ახალი სივრცე თბილისში. ჰოლოგრამების მუზეუმი SOLO-ს და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიხსნა.

უნდა ითქვას, რომ რეკლამა, რომელზეც სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა, მუზეუმის იდეას ზუსტად გამოხატავს. ფიროსმანი, გუდიაშვილი, მუნკი, ვან გოგი – რეკლამაში ამ მხატვრების ცნობილი ტილოები და მათი გმირები თქვენს თვალწინ ცოცხლდება.

ამ პროცესით მაყურებელი, თითქოს, უკვე ნაცნობ პერსონაჟს უფრო მეტად უახლოვდება. ის შედეგი კი, რასაც ვიდეოში ვხედავთ, იმ პროფესიონალი ადამიანებისაგან შემდგარი გუნდის დამსახურებაა, რომელიც ამ პროექტში იყო ჩართული. გრიმით გაცოცხლებული პერსონაჟები, ზუსტად დაჭერილი და გადმოცემული ხასიათი საკმაოდ შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.

ქეთოსთან საუბრისას, ბუნებრივია, ამ ვიდეოს შექმნის პროცესით დავინტერესდით. კითხვაზე, Holoseum-ის ვიდეოზე მუშაობისას რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, ქეთო ამბობს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ჰოლივუდში მიღებული გამოცდილების ფონზე მისთვის პროექტი იმდენად არ ასოცირდება გამოწვევებთან, რამდენადაც შემოქმედებით სიამოვნებასთან:

 „პროექტი იყო გამოწვევა იმ მხრივ, რომ საქართველოში მსგავსი პროექტები ხშირად არ კეთდება, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად შეგვიძლია შევქმნათ საერთაშორისო დონის პროდუქტი. მე ყოველთვის მომხრე ვარ რომ ასეთი რაღაცები რაც შეიძლება ხშირად ვაკეთოთ და არ გვაწუხებდეს ფიქრები, რომ ვერ შევძლებთ ან გვიშლიდეს ხელს ის, რომ რესურსი არ გვაქვს.”

ჰოლოზეუმის ვიდეოს კონცეფციის იდეა და გმირების არჩევა სრულად სარეკლამო კომპანიის მოვალეობაა, თუმცა ვიზაჟისტთანაც თანხმდება ბევრი დეტალი. ქეთოს თქმით, მომუშავე გუნდის წევრების პროფესიონალიზმი გახდა იმის წინაპირობა, რომ შედეგი ჩანაფიქრზე უკეთესიც კი გამოვიდა:

“დღეში ორ ნახატს ვაკეთებდით, საკმაოდ სწრაფად გვიწევდა მუშაობა, გრიმის გაკეთების დროს გადასაღებ მოედანზე შევდიოდით ხოლმე, თუკი რამე ჩასასწორებელი ან ჩასარედაქტირებელი იყო. გუნდის ყველა წევრი თავისი საქმის პროფესიონალი იყო, როდესაც მე გრიმს ვაკეთებდი, დანტე – ტანსაცმელს ხატავდა, ყველა უნისონში ვმუშაობდით და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ასეთი კარგი ამიტომ გამოვიდა. ბოლოს, როდესაც ვიდეოები ვნახეთ, სახეზე ყველას ჰქონდა WOW გამომეტყველება, ჩვენც კი არ მოველოდით, რომ შედეგი ასეთი კარგი იქნებოდა.”

კითხვაზე, თუ რომელ პერსონაჟზე მუშაობა იყო სხვებზე მეტად გამოწვევებით სავსე, ქეთი მუნკს და ვან გოგს ასახელებს:

“მუნკის გაცოცხლება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო. რაც უფრო მეტს აკვირდები, მით უფრო გითრევს, თითქოს რაღაც ერთ კონკრეტულ ფერს უყურებ, თუმცა დაკვირვების მერე ამ ერთ ფერში ხუთ სხვადასხვას აღმოაჩენ. ვან გოგის შექმნაც რთული იყო ტექნიკური თვალსაზრისით, რამდენადაც რთულია ფუნჯის ერთი მოსმით შექმნილი სტრუქტურის შენარჩუნება ისე, რომ შემდეგ ეს კამერაზე კარგად აისახოს. ვან გოგის გამოხედვაშიც მისი ხასიათის დაჭერა იყო რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო – ნამუშევრის ყურება მოძრაობაში და მომენტი, როცა ხვდები, რომ პერსონაჟი შედგა. “

საინტერესო იყო მასთან იმაზე საუბარიც თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ვიდეოს შექმნა და მისი არსებობა ქართულ რეალობაში:

“პროექტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ასეთი პროექტები ქართულ კინო/სარეკლამო ინდუსტრიაში გარვეული სტანდარტებს აწესებს მრავალი თვალსაზრისით, ასევე ხელს უწყობს ახალი იდეების დაბადებას და ახალი კარების გაღებას მათთვის, ვისაც ადრე ეგონა, რომ მსგავსი რაღაც საქართველოში შეუძლებელი ან ძალიან რთულია.”

„ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში გვაკლია იმის გააზრება,რომ ცხოვრებაში ჩვენივე როლი თვითგანვითარებასა და წინსვლაში უსაზღვროა. „მე შემიძლია ყველაფერი” რეალობაა, მთავარია მონდომება, დაუღალავი შრომა და თავდაჯერებულობა, ასევე მნიშვნელოვანია, არ გაფერხებდეს ისეთი აზრები, როგორიცაა, მაგალითად, “არ მიფასდება”. მეც მქონია ეს შეგრძნება, მეც ნულიდან დავიწყე, თუმცა ვიცოდი, რომ შრომით შევძლებდი ამის გადალახვას. მჯერა იმის, რომ პატარ-პატარა ნაბიჯები რეალურად პატარა სულაც არ არის და, საბოლოო ჯამში, შედეგამდე სწორედ ამას მივყავართ. შეცდომის დაშვება არ არის ცუდი. ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელიც სულ გვეუბნებოდა, რომ მთავარი ის კი არ არის, შეცდომა არ დავუშვათ, არამედ ის, მივხვდეთ, რომ შეცდომა დავუშვით. მაკიაჟში, პრინციპში, ისევე, როგორც ყველგან, მთავარია იპოვო შეცდომის გამოსწორების გზა და დანარჩენი თავისით მოვა. თუნდაც პეტ მაკგრეთის მაგალითი რომ ავიღოთ, კარიერის დასაწყისში იგი ნულიდან იწყებდა და სიმართლე რომ გითხრათ, არც ისე კარგი ვიზაჟისტი იყო, თუმცა შეცდომებზე და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად ახლა სადაც არის ყველამ ვიცით.”