ბრიტანული ახალგაზრდული კულტურის ყველაზე გავლენიანი და საკულტო ჟურნალი The Face ბრუნდება. ჟურნალს ბრიტანული სტილის ბიბლიასაც უწოდებენ, რადგან მას 80-90-იან წლებში უდიდესი გავლენა ჰქონდა ბრიტანელი ახალგაზრდების ცხოვრების სტილზე. The Face მოდას, მუსიკას, ფოტოგრაფიას აერთიანებდა და მან უდიდესი გავლენა იქონია ისეთი პოპ-ჟურნალების ჩამოყალიბებაზე, როგორიც არის I-D და Dazed & Confused.

იურგენ თელერი, ნიკ ნაითი, დევიდ სიმსი, ინეზ&ვინუდი-ის ფოტოგრაფები არიან, რომელთა პირველი დიდი პლატფორმა სწორედ ეს ჟურნალი იყო. სწორედ The Face იყო ჟურნალი, რომლის გარეკანზეც პირველად დაიბეჭდა 16 წლის ქეით მოსი.

ქეით მოსის პირველი გარეკანი

ჟურნალი 1980 წლის მაისში დაარსა რედაქტორმა, ნიკ ლოგანმა და მისმა ცოლმა 3500 ევროიანი დანაზოგით. The Face ძირითადად ორიენტირებული იყო ახალგაზრდულ კულტურაზე, დაწყებული პანკიდან რეივამდე. იგი ძირითადად მუსიკალურ მიმდინარეობებს ეხებოდა, თუმცა სტილსაც განსაკუთრეულ ყურადღებას უთმობდა. ჟურნალის პირველ გარეკნებზე მუსიკოსები დეივიდ ბოუი, სექს პისტოლსის ჯონ ლიდონი და სიუზი სიუ არიან გამოსახულნი, ხოლო სტატიების ავტორები კი იყვნენ ჯული ბარჩილი, ჯონ სევიჯი და ჯეიმს ტრუმანი, რომლებიც შემდეგში კონდე-ნასთის (ამერიკული მასმედიის უდიდესი წარმომადგენლის, რომელიც ისეთ ჟურნალებს ფლობს, როგორიცაა ვოგი, ნიუ-იორკერი, ჯიქიუ, ვენიტი ფეარი) მთავარი რედაქტორები გახდნენ.

ჟურნალი სუბკულტერებს ასახავდა, თუმცა მათ არ ქმნიდა. რეალურად ეს არც იყო მოდური ჟურნალი, პირიქით, ეს უკანასკნელი განსხვავებულ ინტერესებს აერთიანებდა, ეს იყო ახალგაზრდული კულტურის ვიზუალური ესსე.

The Face-ის დამფუძნებელმა ნიკ ლოგანმა მოგვიანებით კიდევ ორი ჟურნალი დაარსა, ხოლო იგი The Face-ში ჯონი დევისმა ჩაანაცვლა 1999 წელს. ლოგანმა The Face გამომცემელობა Emap-ს მიჰყიდა, რის შემდეგადაც ჟურნალმა ადრინდელი ხიბლი დაკარგა, მოგვიანებით კი მისი გაყიდვები 70 000 კოპიდან 25 000-მდე შემცირდა და 2004 წლის მაისში ჟურნალის უკანასკნელი ნომერი გამოიცა.

ჟურნალს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა წინა თაობაზე, რომ მასზე 2017 წელს წიგნიც გამოიცა სახელით: ‘’The Face-ის ისტორია: ჟურნალი, რომელმაც კულტურული გადატრიალება მოახდინა’’

გუჩის კრეტიული ხელმძღვანელი, ალესანდრო მიკელე The Face-ზე:

‘’The Face მხოლოდ ბიბლია არ იყო. ის ჟურნალი იყო, რომელსაც 90-იანებში ვყიდულობდი და ვეთაყვანებოდი, რადგან უბრალოდ მოდური ჟურნალი არ ყოფილა, რაღაც უფრო მეტი იყო-იმ დროის ვიზუალური ესსე, ყველაფერი სრულყოფილად იყო გაერთიანებული’’

როგორც ცნობილია, მიკელემ უკვე მიიღო ნებართვა, რათა ჟურნალის ლოგო ჰუდებსა და ზედებზე გამოიყენოს გუჩის კაფსულა კოლექციაში. ‘’ვიმედოვნებ, ჟურნალის ახალ წევრებსაც ისეთივე ძლიერი ხედვა ექნებათ, როგორიც ორიგინალ წევრებს ჰქონდათ’’- განაცხადა ალესანდრო მიკელემ.

ჟურნალი ახალი გამოწვევბის წინაშე დგას, იგი ციფრულ ერაში შეეცდება თავის დამკვიდრებას, ინფლუენსერების და ინსტამოდელების დროში, როგორ განვითარდება ჟურნალი, რომელიც ორიგინალურობით გამოირჩეოდა საინტერესო სანახავი იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახლა ახალგაზრდა კულტურასთან დაკავშირება დღეს ციფრული მარკეტინგის საშუალებით ხდება და მილენიალები ჟურნალებს იშვიათად მოიხმარენ, რადგან ინტერნეტის საშალებით ნებისმიერი ინფორმაცია წამების განმავლობაში ხდება ხელმისაწვდომი.

View this post on Instagram

The wait is almost over… #theface

A post shared by THE FACE (@thefacemagazine) on

ჟურნალმა ინსტაგრამის გვერდი ორშაბათს გახსნა და უკვე 8000-ზე მეტი გამომწერიც ჰყავს. ცვლილებები, რა თქმა უნდა, ჟურნალის გუნდის შემადგენობაშიცაა- მას ახალი რედაქტორი ჰყავს- სტუარტ ბრამფიტი, რომელიც ამბობს, რომ ჟურნალის საიტისთვის უკვე მუშაობენ პოდკასტების ჩაწერაზე, რადგან ტექსტის ნაცვლად ახლა ყველა ხმოვან ჩანაწერს გზავნის, ამიტომ პოდკასტების დამატება გადავწყვიტეს- ‘’აუდიო ჩანაწერები ახალი ტექტური შეტყობინებაა’’-განაცხადა ჟურნალის რედაქტორმა.

სტუარტ ბრამფიტი-The Face-ის რედაქტორი
Source: Courtesy

ჟურნალს ახალი ბიზნეს მოდელი ექნება, თუმცა მიდგომა ისევ ისეთი რჩება, როგორიც ადრე: ინტერესის სფეროთა გაერთიანება. თუ როგორ მოახერხებენ ამას თანამედროვე დროში გუნდის წევრებს მაგალითად ოფ-უაიტისა და ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის დიზაინერი ვირჯილ აბლო მოჰყავთ, რომელიც დიზაინერის გარდა – მუსიკით არის გატაცებული (დიჯეია).

ჟურნალის გამოქვეყნების თარიღი ცნობილი არ არის, მხოლოდ ის გასაჯაროვდა, რომ  ლოგო იგივე რჩება, რაც 90-იანებში იყო. გუნდის წევრები გვპირდებიან, რომ ჟურნალი წარსულის რეტროსპექტივა არ იქნება და მუსიკას, სპორტს, მოდას, პოლიტიკასა და ხელოვნებას შეეხება და შემოგვთავაზებს სტატიებს, ვიდეოებსა და პოდკასტებს.

ახალი გამოცემის მოლოდინში კი გადავხედოთ The Face-ის ძველ გარეკანებს. ჟურნალში დაბეჭდილი ყოველი ფოტო გამორჩეულია, მაგრამ რამდენიმეს გამოყოფა მაინც ღირს:

1990 წლის ივლისი – ქეით მოსი

27 მაისი 1990 წელი, Spike Island-ზე კონცერტს მართავს The Stone Roses, სადაც ახალი თაობის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი და კონცერტის დაწყებას ელიან. Third Summer of Love სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ ამ წლის ზაფხულს, როდესაც ფეხბურთის, მოდისა და ბრიტპოპ კულტურის გაერთიანებით წლის სუბკულტურა შექიმნა. ამ მომენტის სახედ კი 16 წლის ქეით მოსი შეირჩა, რომელიც ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა და მისი კარიერაც აქედან იწყება.  ფოტოგრაფი: ქორინ დეი

July 1990

‘’როდესაც ქორინ დეის გადაღებული ქეით მოსის გარეკანი გამოიცა, თითქოს მოდის სამყარო შეიცვალა. იმ ყველაფრისგან ძალიან განსხვავდებოდა, რაც მოდის ჟურნალებში იბეჭდებოდა.- ქეით გრანდი, სტილისტი და Love Magazine-ის დამფუძნებელი.

1998 წლის აპრილი – ალექსანდერ მაკქუინი

1998 წელი, ლონდონის მოდის კვირეულის ტრიუმფის შემდეგ, ლი ალექსანდერ მაკქუინი ნიკ ნაითის ობიექტივში The Face-ის გარეკანზე მოხვდა. გარეკანი ლის A/W 1998 წლის კოლექციის შემდეგ გადაიღეს, რომელსაც Joan უწოდა და ჟანა დ’არკით იყო შთაგონებული. ყდაზე ჟანა დ’არკს ლი თვითონ განასახიერებს.

1993 წლის სექტემბერი – კურტ კობეინი

კურტ კობეინი ფემინურ სტილში The Face-ის გარეკანზეა. კურტის სტილმა მოდის ინდუსტრიაზეც დიდი გავლენა იქონია. 90-იანებში მუსიკაში გრანჟი ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო, ხოლო ნირვანა ამ ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი. გრანჟმა მუსიკის შემდეგ მოდაშიც შემოაღწია.
ფოტოგრაფი- დევიდ სიმსი